Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №899აპ-20 ქ. თბილისი

ჯ-ი ჯ-ო, 899აპ-20 15 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ჯ-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (2 ეპიზოდი); პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ. ჯ-მა 2019 წლის 12 მარტიდან იმავე წლის 13 მარტამდე დროის პერიოდში, კარის გაღებით უკანონოდ შეაღწია გ-ის რაიონის სოფელ ბ-ის დევნილთა დასახლებაში მდებარე №- კოტეჯში – მ. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 100-დოლარიან კუპიურას და საცვლებს, რითიც მ. ბ-ს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ. ჯ-მა 2019 წლის 10 აპრილს, ღამის საათებში, გააღო სამზარეულოს ფანჯარა, საიდანაც უკანონოდ შეაღწია გ-ის რაიონის სოფელ ბ-ის დევნილთა დასახლებაში მდებარე №- კოტეჯში – დ. მ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ნოკია აშა 530“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ხოლო სახლის ეზოდან – ერთ ცალ ტრუსს, რითიც დ. მ-ეს მიადგა 360 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 02:15 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ხ-ის დევნილთა დასახლებაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჯ. ჯ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების თანამშრომლებს: ბ. ბ-ს, გ. გ-ს, გ. დ-ს, ჯ. წ-სა და ზ. ჭ-ეს დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, მათ დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ზ. ჭ-სა და ჯ. წ-ს სკამი რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე, რის შედეგადაც ზ. ჭ-ემ და ჯ. წ-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით ჯ. ჯ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი), ასევე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დ. მ-ის ეპიზოდი) – 4 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ჯ. ჯ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 25 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ჯ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნოდარ სამხარაძე შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ. ჯ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დ. მ-ის ეპიზოდი) და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

9. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი