Facebook Twitter

საქმე # 330100120003432833

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №915აპ-20 ქ. თბილისი

ს–ე ბ., 915აპ-20 15 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ბ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი).

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ......ს ქ. №.., ბინა №-ში, ბ. ს–ე სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, თავის მოჭრითა და მიწაში დამარხვით დაემუქრა თავის შვილს - ნ. ს–ე, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ..........ში, ს. .......ის №..-ში მდებარე „ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში“, ბ. ს–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს - ნ. ს–ე, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით ბ. ს–ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

ბ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან პენიტენციური დაწესებულებიდან.

განემარტა გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ბ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. მოწმე ნ. ს–მ განმარტა, რომ ბრალდებული ბ. ს–ე არის მისი მამა და მასთან 2019 წლის 23 დეკემბრამდე ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ზოგადად, კონფლიქტის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ბ. ს–ე სთხოვდა შერიგებოდა ქმარს ან მის ცხოვრებაში აღარ ყოფილიყო სხვა მამაკაცი, ანუ მამა სთხოვდა სხვა კაცთან აღარ ჰქონოდა ურთიერთობა და აღარ გათხოვილიყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ნ. ს–ე სიტყვიერად თანხმდებოდა მამის მოთხოვნას, მაგრამ ისე მოხდა, რომ 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მაშინ, როცა ნ. ს–ე მობილურ ტელეფონზე მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეგობარმა მამაკაცმა, ბრალდებულმა აიღო ტელეფონი და წაიკითხა. შეტყობინების შინაარსით გაღიზიანებული ბ. ს–ე და ნ. ს–ე შელაპარაკდნენ, რა დროსაც ბ. ს–ე დაემუქრა, რომ მოკლავდა და მიწაში ჩადებდა, ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ განმარტა, რომ მუქარამ შეაშინა, რადგან ფიქრობდა, რომ მამა შეასრულებდა ნათქვამს. გარდა ამისა, აღნიშნულის შემდეგ, მამამ აღარ დაუბრუნა მობილური ტელეფონი და უთხრა, რომ მას ეს ნივთი აღარ სჭირდებოდა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში - 2019 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მაშინ, როცა ნ. ს–ე და მისი შვილი იმყოფებოდნენ კლინიკაში, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, ბ. ს–მ მიაკითხა და ჰკითხა, იფიქრა თუ არა მის ნათქვამზე. მანვე დაანახა მობილური ტელეფონი და დაიწყო მუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ თუ მის ცხოვრებაში იქნებოდა ახალი მამაკაცი, მოკლავდა. ნ. ს–ე შეეშინდა და საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები გააფრთხილა, მამამისი აღარ შეეშვათ კლინიკაში. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, თუმცა შესაძლოა, მამის სიტყვები გაიგეს საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებმა. სწორედ 26 დეკემბერს მიმართა პოლიციას, რადგან ფიქრობდა, რომ სახლში დაბრუნებულს კვლავ ექნებოდა კონფლიქტი მამასთან. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს სახლში იყო მისი სიძე - დის ქმარი, თუმცა სხვა ოთახში. დისშვილები იყვნენ თუ არა სახლში, არ ახსოვს. გამოკითხვისას არ მიუწვდია აღნიშნული ინფორმაცია გამომძიებლისთვის. მიუხედავად შიშისა, 23 დეკემბერს არ მიმართა პოლიციას, რადგან შვილი ჰყავდა ავად, ხოლო სიძეს არ სთხოვა დახმარება, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ.

8. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. მ–მ განმარტა, რომ ბრალდებული ბ. ს–ე არის მისი სიმამრი, ხოლო ნ. ს–ე - მისი ცოლისდა. 2019 წლის დეკემბერში ცხოვრობდა სიმამრის სახლში ოჯახთან ერთად. 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იყვნენ მისი შვილები, ბ. ს–ე, ნ. ს–ე, ამ უკანასკნელის შვილი. 19:00-20:00 საათების შუალედში ბ–ი და ნ. ს–ეებს შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, იყო მხოლოდ მცირედი საუბარი. კერძოდ, ბ. ს–ემ ნ. ს–ე ჰკითხა, თუ ვინ ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, რადგან ეს უკანასკნელი შემოსულ ზარს თიშავდა. ნ. ს–ს პასუხზე, რომ მას არავინ ურეკავდა, ბ. ს–ემ სთხოვა ტელეფონი, რაც ნ. ს–მ თავად მიაწოდა. ბ. ს–ს პირველ ეტაპზე ეგონა ნ. ს–ს ყოფილი მეუღლე, თუმცა ნახა, რომ უცხო პირი ურეკავდა მის შვილს. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულს აღარ ჰქონია გაგრძელება, კამათი არ მომხდარა და მამა- შვილი მშვიდად საუბრობდნენ, ბ. ს–ე არ დამუქრებია და აგრესია არ გამოუვლენია, რადგან მთელი ყურადღება ბავშვზე ჰქონდათ გადატანილი, ვინაიდან მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. ბ. ს–ე მოუწოდებდა შვილს, ბავშვისთვის მიექცია მეტი ყურადღება, რადგან მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. ზოგადად, ბრალდებული არ არის კონფლიქტური, მას სურდა ნ. ს–ე ან ქმარს შერიგებოდა, ან მასთან (მამასთან) ეცხოვრა, სხვა მამაკაცთან დაკავშირებით საუბარი მათ შორის არ ყოფილა. მამა-შვილის საუბრისას გ. მ–ა იმყოფებოდა იმავე ოთახში, სადაც ბრალდებული და დაზარალებული და სხვა ოთახში არ გასულა. რაც შეეხება 26 დეკემბერს, ბ. ს–ე ვ. ს–თან ერთად მივიდა საავადმყოფოში ბავშვის სანახავად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ. ს–ს მუქარას ნ. ს–ს მიმართ გამორიცხავს. ნ. ს–ე მამას აბრალებს, რადგან მას სურს თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ბ. ს–ე მას არ ზღუდავდა. ამ დროისათვის ნ. ს–ს შვილი ცხოვრობს გ. მ–ას სახლში, სოფელში. სად არის ამჟამად ნ. ს–ე, ოჯახის წევრებმა არ იციან. ის არცერთ შვილთან ერთად არ ცხოვრობს.

9. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ. ს–მ განმარტა, რომ ბრალდებული ბ. ს–ე არის მამამისი, ხოლო ნ. ს–ე - და. მამასთან აქვს იდეალური ურთიერთობა, დასთან კი დაახლოებით 3 თვეა, არ აქვს ურთიერთობა. ამ უკანასკნელმა თავისი შვილი დატოვა ერთი დღით გაცნობილ ქალთან, ვითომდა რამდენიმე საათით, რეალურად კი 10 დღე აღარ მიაკითხა. შესაბამისად, ბავშვი ოჯახის წევრებმა წამოიყვანეს და ამჟამად მასზე ზრუნავს თავად. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ. ს–მ თავად მისცა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ მას არ აქვს პრეტენზია მამის მიმართ და არ ეშინია მისი. მანვე უთხრა, რომ მიდიოდა საზღვარგარეთ და სურდა საჩივრის გამოტანა. მოწმემ განმარტა, რომ 23 დეკემბერს სამსახურიდან დაბრუნებულს მეუღლემ უთხრა, რომ ნ–ს შვილი მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მანამდე ბ. ს–მ ნ. ს–ე, რომელიც ტელეფონით ერთობოდა, სთხოვა, ბავშვისთვის მიექცია ყურადღება. იმავდროულად ტელეფონზე შევიდა ზარი, რაც ნ–მ გათიშა, ბ. ს–ემ კი გამოართვა ტელეფონი და ნახა ვინმე დ. ფ–ს მიმოწერები. აღნიშნულს რაიმე კონფლიქტი არ მოჰყოლია და ბრალდებული შვილს არ დამუქრებია. საავადმყოფოში წასვლისას ნ–ს ტელეფონი დარჩა, რომელიც იდო სახლში, ბ. ს–ს ნ–ს ტელეფონი არ ჰქონია დაკავებისას და ის გამომძიებელს მისცა მისმა მეუღლემ. რაც შეეხება 26 დეკემბრის ფაქტს, მოწმემ განმარტა, რომ 26 დეკემბერს ბ. ს–ე არც კი გასაუბრებია ნ. ს–ე. 15:00 საათზე ვ. ს–ე ბ. ს–სთან ერთად მივიდა საავადმყოფოში, თუმცა დაცვამ უთხრა, რომ ნ–ს განმარტებით, მას არ ეცალა და ვერ გავიდოდა მათთან შესახვედრად. მოწმემ იფიქრა, რომ ნ–ო მამის გამო არ გავიდა, შესაბამისად, მარტო შეხვდა დას, რომელმაც უთხრა, რომ მას სალაპარაკო არ ჰქონდა და ბ. ს–ს დააჭერინებდა, თუ ჭკვიანად არ იქნებოდა. ის ჰგავდა ვიღაცისგან დარიგებულს, რადგან თვე-ნახევრიანი თანაცხოვრების პირობებში მამას და დას კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. საუბრის დროს ბ. ს–ე ელოდებოდა კიბეზე. ბ–მ დამატებით იყიდა ბავშვისთვის საკვები და დაუტოვა დაცვის თანამშრომელს. მოწმემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნ. ს–ე საავადმყოფოში შეხვდა ვინმე თ. მ–ს, რომელსაც იმავე დღეს ასევე ესაუბრა თავად მამასთან ერთად. აღნიშნულმა ქალმა მამა-შვილს უთხრა, რომ ნ. ს–ე თანამშრომლებისგან სესხულობდა ფულს, ვითომდა დისთვის წამლის საყიდლად. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ბ. ს–ე 2019 წლის 26 დეკემბერს მასთან ერთად საავადმყოფოში ყოფნისას არ შეხვედრია ნ. ს–ე. ამასთან, მის გარეშე მოგვიანებით ვერ მივიდოდა კლინიკაში, რადგან ბ. ს–ს დატოვებული ჰყავდა ვ. ს–ს შვილი, მოგვიანებით კი ბავშვთან ერთად დახვდა მეუღლეს სახლში. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ ბ. ს–ს ნ. ს–სათვის არ აუკრძალავს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა, რადგან ის რჩევისა და დარიგების ფორმით ცდილობდა, შვილი დაბრუნებოდა ყოფილ ქმარს. 23-26 დეკემბრის შუალედში ბ–ი დადიოდა საავადმყოფოში და ხარჯებს ფარავდა თავად.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 23 დეკემბერს სახლში, ოღონდ სხვა ოთახში, ასევე იყო მისი სიძე - გ. მ–ა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან არ მიუთითა გამოკითხვისას. თავად გ. მ–მ დაადასტურა აღნიშნულ დროს სახლში ყოფნის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ერთ ოთახში, რადგან გათბობა მხოლოდ იქ ჰქონდათ. ნ. ს–საგან განსხვავებით, მან გამორიცხა ბ. ს–ს მიერ მუქარის განხორციელება და განმარტა, რომ ოჯახში კამათიც კი არ ყოფილა და ბრალდებულს აგრესია არ გამოუვლენია, იყო მხოლოდ საუბარი, კერძოდ, მამა შვილს მოუწოდებდა მიეხედა ბავშვისათვის, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. გარდა ამისა, მოწმემ დაადასტურა, რომ 26 დეკემბერს ბ. ს–ე მის მეორე შვილთან - ვ. ს–თან ერთად მივიდა საავადმყოფოში და ეს მაშინ, როცა ნ. ს–ს მტკიცებით, ბ. ს–ე მასთან მარტო მივიდა და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ. მ–ს ჩვენების ეს ნაწილი დაადასტურა ასევე თავად ვ. ს–მ და განმარტა, რომ 26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბ. ს–სთან ერთად მივიდა საავადმყოფოში, ბ. ს–ე არც კი გასაუბრებია ნ. ს–ე და შესაბამისად, არც შეხვედრია. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ მის გარეშე მოგვიანებით ბრალდებული ვერ მივიდოდა საავადმყოფოში, რადგან მას ჯერ მისი შვილი ჰყავდა დატოვებული, შემდეგ კი ბავშვთან ერთად დახვდა მეუღლეს სახლში. მუქარის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე, დაზარალებულის განმარტებები, რომ 23 დეკემბერს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან შეეშინდა, დასახმარებლად არ მიმართ სიძეს, რომელიც მისივე განმარტებით, იყო სახლში, და იმავე საღამოს, მამასთან ერთად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ თავის მოჭრით ემუქრებოდა, ბავშვი წაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო 26 დეკემბერს, მამის მხრიდან მუქარის განხორციელების დროს, არ მიმართა დაცვის თანამშრომელს, რომელიც მუქარის დროს იდგა შორიახლოს და დაზარალებულის განმარტებითვე შეეძლო გაეგო ბ. ს–ს მუქარა. ნ. ს–ე ასევე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები გააფრთხილა, მამამისი აღარ შეეშვათ კლინიკაში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის ( არ არის წარმოდგენილი დაცვის თანამშრომელთა ჩვენებები)

11. ამდენად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ბ. ს–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე