საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№918აპ-20 ქ. თბილისი
პ-ა ფ-ა, 918აპ-20 14 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით ფ. პ-ა, - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 24 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. პ-ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· დაახლოებით 20 წელია, ს. ფ-ა და მისი შვილი ფ. პ-ა ცხოვრობენ ერთად ქ. თ-ში,- წ-ს გამზ., №- კორპუსის ბინა №--ში. ბოლო წლების განმავლობაში ფ. პ-ა დედას – ს. ფ-ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე უკრძალავდა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი ოთახისა და ნივთების გარდა, სხვა ოთახებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობას. ს. ფ-ა ფ. პ-ას მხრიდან შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. წ-ი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ფ. პ-ასათვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვლება პირობითად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ ფ. პ-ასათვის სასჯელის შემცირებისა და პირობითად ჩათვლის შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ფ. პ-ას, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული 80 წლის, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმულია, დედა-შვილს შორის კონფლიქტური მდგომარეობა უკიდურესად არის გამწვავებული და არსებობს ფ. პ-ას მხრიდან დედაზე ძალადობის გაგრძელების რისკი, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ფ. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი