საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№921აპ-20 ქ. თბილისი
მ-ი გ-ი, 921აპ-20 14 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. მ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 2 თვით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 25 თებერვლიდან; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ში, ლ. რ-ის ქ. №--ში, ნასვამმა გ. მ-მა არასრულწლოვან შვილს – ს. მ-ს მარჯვენა გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახეში. ძალადობის შედეგად ს. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი და კ. მ-ი.
· 2020 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ში, ლ. რ-ის ქ. №--ში, ნასვამი გ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ი. ხ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, თ-ში, ლ. რ-ის ქ. №--ში, ნასვამი გ. მ-ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან შვილებს – ს. მ-სა და კ. მ-ს. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. მ-ე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. მ-ის მიმართ ყველანაირი შეღავათის გავრცელებას და სასჯელის სახედ პირობითი მსჯავრის გამოყენებას იმის გათვალისწინებით, რომ იგი ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები უდავოდ ცნო, შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ შეღავათების გამოყენებისა და მისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრის შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული როგორც თითოეული მუხლით, ისე საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მსჯავრდებულ გ. მ-ს, საკასაციო პალატის აზრით, განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულების გავრცელებული ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულთაგან ორი არასრულწლოვანია, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი უკვე გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გ. მ-ისათვის სასჯელების ზომის განსაზღვრის დროს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი