Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№922აპ-20 ქ. თბილისი

კ-ი ა-ე, 922აპ-20 14 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ა. კ-ი,– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 1 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2008 წლიდან არაოფიციალურად, ხოლო 2015 წლიდან – ოფიციალურად დაქორწინებულები არიან ა. კ-ი და ა. კ-ი. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი – 2009 წელს დაბადებული ე. კ-ი, 2013 წელს დაბადებული ა. კ-ი და 2015 წელს დაბადებული ა. კ-ი. ისინი ცხოვრობენ ქ. თ-ში, ა-ის შესახვევის №--ში. 2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. -ში, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. კ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ა. კ-ს, კერძოდ, დააგდო ძირს და სახის (ცხვირის) არეში ჩაარტყა ხელი, რის გამოც დაზარალებულს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები – 2009 წელს დაბადებული ე. და 2013 წელს დაბადებული ა. კ-ები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ი. ბ-ა ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. კ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლას იმ მოტივით, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ ა. კ-ისათვის სასჯელის შემსუბუქებისა და მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. კ-ს, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი