Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№923აპ-20 ქ. თბილისი

ნ-ე რ-ზ, 923აპ-20 5 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით რ. ნ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის აპრილისა და 30 ივნისის ღამის საათების ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 30 ივნისის ღამის და საღამოს ეპიზოდები) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 30 ივნისის საღამოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და რ. ნ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ნ-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის აპრილის ბოლოს, ქ. თ-ში,-ში, მე-- მიკრორაიონის მე- კორპუსის ბინა №--ში ყოფნისას, რ. ნ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ა. ი-ზე, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა თავში. აღნიშნულმა ძალადობამ ა. ი-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ-ში,-ში, მე-- მიკრორაიონის მე- კორპუსის ბინა №--ში ყოფნისას, რ. ნ-ემ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ა. ი-ზე, კერძოდ, ხელები მოუჭირა ხელებზე, მიანარცხა კედელზე და დააგდო ტახტზე. რ. ნ-ის ძალადობამ ა. ი-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ-ში,-ში, მე-- მიკრორაიონის მე- კორპუსის ბინა №--ში ყოფნისას, რ. ნ-ე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ა. ი-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ძვლებში დაამტვრევდა და თავს გაუტეხავდა“. ა. ი-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში,-ში, მე-- მიკრორაიონის მე- კორპუსის ბინა №--ში ყოფნისას, რ. ნ-ე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ა. ი-ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ძვლებში დაამტვრევდა და თავს გაუტეხავდა“. ა. ი-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი როინ ხინთიბიძე მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ. ნ-ისათვის სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ. ნ-ისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარება და გულწრფელი მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხულ ქმედებათა სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ნ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

8. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი