Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№930აპ-20 ქ. თბილისი

ჯ. გ-ი, 930აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 3 მაისიდან.

2. გ. ჯ-ას მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 3 მაისს, დილის საათებში, გ. ჯ-ა იმყოფებოდა ქ. თ-ში, თ. მ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზია „ო. ნ-თან“, სადაც მას წარმოეშვა განზრახვა, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მაღაზიაში არსებული თანხა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სამზარეულოს დანით შევარდა მაღაზია „ო. ნ-ში“ და მოლარე-კონსულტანტს ყვირილითა და დანის მუქარით მოსთხოვა სალაროში არსებული სრული თანხა. იმ პერიოდისათვის სალაროში ნავაჭრი თანხა შეადგენდა – 800 ლარს. მოლარის ყვირილზე სალაროსთან მივიდნენ მაღაზიის ადმინისტრატორი და მენეჯერი, რომელთაც გ. ჯ-ამ დანის ქნევითა და ყვირილით ასევე მოსთხოვა სალაროში არსებული თანხა. მათგან ბრალდებულმა შეიტყო, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, მოსთხოვა, დარჩენილიყვნენ ადგილზე, თვითონ კი სასწრაფოდ დატოვა მაღაზია და მიიმალა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებული გ. ჯ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულთა ჩვენებების წინააღმდეგობრივი და ერთმანეთთან შეუსაბამო ხასიათის შესახებ. დაზარალებულების – გ. კ-ის, ნ. ს-ას, რ. გ-სა და გ. გ-ას ჩვენებები თანმიმდევრული, თანხვდენილი და დამაჯერებელია, ამასთან, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, პირის ამოცნობის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.

9. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020)). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი