საქმე # 020100119003100497
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №932აპ-20 ქ. თბილისი
ლ–ა გ., 932აპ-20 21 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
გ. ლ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ყ–ი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, ............ის რაიონის სოფელ ..........ში (........ი), თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, გ. ლ–მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ვისთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ლ. ჯ–ს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ. ლ–ს თანდასწრებით, ხელი ააფარა პირზე და უჭერდა, შემდეგ ძალის გამოყენებით შეიყვანა ოთახში და დაუჯიკავა, რა დროსაც ლ. ჯ–მ თავი მიარტყა კედელს, წაბორძიკდა და ჩაიკეცა, რის შემდეგ გაბრაზებულმა გ. ლ–მ იმით, რომ ლ. ჯ–მ დარეკა 112-ში დახმარებისთვის, ფეხი ერთხელ ჩაარტყა მას ფეხის არეში. გ. ლ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. ლ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ლ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 9 ივლისის განჩინება №12/881-19) ბ. დ–ს (პირადი №......) და შ. დ–ს (პირადი №.....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე .......ის რაიონის სოფელ .........ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....., უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ. ლ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
8. დაზარალებულმა ლ. ჯ–მ და არასრულწლოვანმა მოწმემ, გ. ლ–მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - გ. ლ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
9. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ ანა არონიას მითითებას გ. ც–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც, კასატორის მტკიცებით, დასტურდება ის გარემოება, რომ გ. ლ–მ დაზარალებულ ლ. ჯ–ს ხელი ააფარა პირზე, სთხოვდა გაჩუმებულიყო და ძალით შეიყვანა ოთახში, აღნიშნული არ ადასტურებს გ. ლ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენას, ხოლო სხვა მტკიცებულებებზე კასატორი არ უთითებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
13. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ლ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე