Facebook Twitter

საქმე # 060100120003552081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №961აპ-20 ქ. თბილისი

დ–ა პ., 961აპ-20 13 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, პ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

გამართლებული პ. დ–ა შესაგებლით ითხოვს პროკურორ გივი გოცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 3 მარტს, შუადღის საათებში, პ. დ–ა მივიდა ქ. .........ში, ........ ქუჩა N..-ში მყოფ მეუღლესთან - ს. ს–თან, რომელსაც დაურეკა მობილურ ტელეფონზე და ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ - ყელის გამოჭრით. ს. ს–ს აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით პ. დ–ა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გაუქმდა პ. დ–ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 6 მარტს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 4000 ლარი, რომელიც შეტანილია ........... ბანკში (ბანკის კოდი ..........) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N.......... ანგარიშზე, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ს. ს–ს (..........).

განემარტა გამართლებულ პ. დ–ს, რომ უფლება აქვს, მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, პ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმემ (დაზარალებულმა) ს. ს–მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - პ. დ–ს მიმართ.

8. მოწმის სახით დაკითხული ე. მ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 3 მარტს, თვითონ, ს. ს–ა და ნ. ს–ე იყვნენ ს. ს–სთან დედის დღის აღსანიშნავად. იქ ყოფნისას ს. ს–ს დაურეკა მეუღლემ და მოსთხოვა, გასულიყო გარეთ და წაჰყოლოდა სახლში. მან გაიგონა, როგორ უთხრა პ. დ–მ ს. ს–ა, თუ არ წამოხვალ, მე მოვალ და ძალით წაგიყვანო, მოგკლავო. ს. ს–ა ანერვიულდა, არ უნდოდა სხვის ოჯახში ასეთი ამბავი. შემდეგ პ. დ–ა მივიდა სახლთან. ს. ს–ა გავიდა და ისაუბრეს. რაიმე სერიოზული დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა.

9. მოწმის სახით დაკითხული ნ. ს–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 3 მარტს ნ. ს–ს და ე. მ–სთან ერთად ს. ს–ს სახლში აღნიშნავდნენ დედის დღეს. თვითონ მივიდა მოგვიანებით და ნახა, რომ ს. ს–ა იყო აღელვებული და ტიროდა. მან იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც უთხრეს, რომ ს. ს–ას მეუღლემ დაურეკა, მოკვლით დაემუქრაო. ს. ს–ამ დარეკა 112-ში. ეშინოდა, კონფლიქტი არ მოგვივიდესო. შემდეგ იქ მივიდა პ. დ–ა და ს. ს–ა გავიდა მასთან სასაუბროდ. მას არ გაუგია, რაზე საუბრობდნენ.

10. მოწმის სახით დაკითხული ს. ს–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 3 მარტს მის ოჯახში იკრიბებოდნენ დედის დღის აღსანიშნავად. მასთან მივიდა ს. ს–ა. მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ გადასულიყო ქუჩაში, რომ მოეკლა. ისინი ყველანი ანერვულდნენ. ს. ს–აც ნერვიულობდა და ამშვიდებდნენ. ს. ს–ამ დარეკა პოლიციაში. დაახლოებით ნახევარ საათში მათ სახლთან მივიდა პ. დ–ა. ს. ს–ა გადავიდა ქუჩაში და ესაუბრა მას. საუბრობდნენ ჩვეულებრივ. ს. ს–ა დაბრუნდა, აიღო ჩანთა და თქვა, რომ უნდა წასულიყო. ამასობაში იქ გამოცხადდა პოლიცია.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ ქმედების სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას, რეალურად აღიქვა თუ არა მუქარის განხორციელება. შიში სუბიექტური აღქმაა, თუმცა შესაძლებელია დასტურდებოდეს მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დაკითხული მოწმეები თან ამბობენ, რომ პ. დ–ამ ს. ს–ას დაურეკა - გამოდი, უნდა მოგკლაო, რის შემდეგაც იგი ტირის, რეკავს 112-ში, მაგრამ არ უცდის პოლიციის ადგილზე მისვლას და მეგობრებიც მარტოს უშვებენ პ. დ–სთან სალაპარაკოდ, მიუხედავად იმისა, რომ, მათივე განმარტებით მათთვის ცნობილია რომ პ. დ–ამ ს. ს–ა უნდა მოკლას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს პ. დ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

13. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე