საქმე # 060100120003665830
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №965აპ-20 ქ. თბილისი
ვ–ე კ., 965აპ-20 13 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებული კ. ვ–ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. ფ–ე და ე. ო–ე შესაგებლით ითხოვენ პროკურორ გივი გოცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. ვ–ეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის იანვარში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), დაახლოებით 19:00 საათზე, კ. ვ–ე ურთიერთშელაპარაკებისას, ს–ს რაიონის სოფელ .....ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ნ. კ–სადა მამას - თ. ვ–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2020 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, კ. ვ–ე ურთიერთშელაპარაკებისას, ს–ს რაიონის სოფელ .....ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ნ. კ–სადა მამას - თ. ვ–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2020 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, კ. ვ–ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ს–ს რაიონის სოფელ .......ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელები დედას - ნ. კ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით:
კ. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის იანვრის ეპიზოდი).
კ. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ. ვ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე მასვე 2 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
კ. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2020 წლის 2 აპრილიდან იმავე წლის 21 ივლისის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ კ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კ. ვ–ე უდანაშაულოდ ცნო მითითებულ ბრალდებაში (2020 წლის იანვრის ეპიზოდი), რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. განსახილველი საქმის მასალებით, კერძოდ: საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით -დაზარალებულების: ნ. კ–ს და თ. ვ–ს გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში კ. ვ–ე ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს - ნ. კ–სა და თ. ვ–ს, შემდეგ სახლიდან გამოიტანა თოფი და უთხრა მათ, რომ ორივეს მოკლავდა, არ აცოცხლებდა. რაც შეეხება დაზარალებულებში მუქარის შედეგად გამოწვეულ შიშს, მართალია, ისინი გამოკითხვის ოქმებში მიუთითებენ, რომ ძალიან შეეშინდათ, რადგან კ. იყო ძალიან აგრესიული, ლანძღავდა მათ და იქცეოდა არაადეკვატურად, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაზარალებულებმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვეს რეალურად, მათი ჩვენებების გარდა, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. დაზარალებულების განმარტებით, კ. ვ–ეს თოფი არც გაუსვრია და არც დაუმიზნებია მათთვის, ხოლო სხვა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც განაპირობებდა მუქარის საფუძვლიანობას, გამოკვეთილი არ არის. ის, რომ დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოირიცხება იმ გარემოებითაც, რომ მათ ამ ფაქტის თაობაზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავთ და მის შესახებ განაცხადეს მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ძალადობისა და მუქარის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით გამოკითხვისას.
8. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ გივი გოცაძის მოსაზრებას კ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე სსკ-ის 111-ე მუხლზე მითითებით, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია ოჯახური დანაშაული, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში კ. ვ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით კვალიფიკაციისას, რაც გულისხმობს მუქარას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ, დამატებით იმავე კოდექსის მე-111 მუხლზე მითითება საჭირო აღარ არის.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე