საქმე # 020100120003526017
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №967აპ-20 ქ. თბილისი
ს–ა ლ., 967აპ-20 14 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ლ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 13 თებერვალს ლ. ს–მ ქ.ზ–ში, ............ის ქუჩაზე და ........ის რაიონის სოფელ ......ში, თავის კუთვნილ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ....., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარ ნ. პ–ს ხელი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ნ. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 13 თებერვალს ქ.ზ–ში, ..........ის ქუჩაზე, ლ. ს–ა შეხვდა თავის მეგობარ ნ. პ–ს, რომელიც ჩაჯდა ლ. ს–ს კუთვნილ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ....... ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მათ იკამათეს და ლ. ს–მ ხელი დაარტყა მას, რის შემდეგაც ნ. პ–მ მოსთხოვა სახლში წაყვანა, მაგრამ ლ. ს–მ იგი წაიყვანა სხვა მიმართულებით და რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით ლ. ს–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ლ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის N010734320003480496 (12/277-20) განჩინებით დაყადაღებულ, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 43.06.41.510 უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
გამართლებულ ლ. ს–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. დაზარალებულმა ნ. პ–მ, რომელიც გამოძიების ეტაპზე მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ცემაში ამხელდა ლ. ს–ს, პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ.
8. მოწმეები - ვ. ჯ–სა და მ. პ–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ნ. პ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ლ. ს–ს მიერ მისი ცემისა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. აღნიშნულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
9. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. პ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, მათი რაოდენობა, სიმძიმე და ლოკალიზაცია, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირი. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ლ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს სსსკ-ი ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე