საქმე # 190100120003270933
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №975აპ-20 ქ. თბილისი
კ. გ., 975აპ-20 29 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ. კ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 6 ოქტომბრიდან იმავე წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
გ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რ., მ--- მკრ/რ-ნი, N. ში და აღნიშნული კორპუსის სადარბაზოში, გ. კ-მ მეუღლეს, ე. ს-ს, იმის გამო, რომ მათი შვილები არ გაუშვა მისი მშობლების მოსანახულებლად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა, აგინა, შემდეგ კი ორჯერ, ჯერ სახლში, ხოლო ე. ს-ის გაქცევის შემდეგ, სადარბაზოში, მკლავსა და ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - 2017 წელს დაბადებული ა. კ., 2.. წელს დაბადებული დ.კ., 20.. წელს დაბადებული დ. კ. და 2.. წელს დაბადებული ნ. კ.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე - ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლობის არმქონეა, შერიგებულია დაზარალებულთან.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს გ. კ-ს მიმართ შერაცხული ქმედების ძალადობრივ ხასიათს; სისხლის სამართლის კანონით დაცული ობიექტის მნიშვნელობას; ასევე იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ გ. კ-ს და დაზარალებულს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს არასრულწლოვანთა სოციალურად ჯანმრთელ, ძალადობისაგან თავისუფალ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განვითარება სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გ. კ-ს დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პირობითი მსჯავრის დროს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი (მაგალითისთვის ის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N 475აპ-20; N644აპ-20).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს შემდეგი მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე