საქმე # 190100119002902153
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №976აპ-20 ქ. თბილისი
მ–ი გ., 976აპ-20 23 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. მ–ი 2015 წლიდან 2018 წლის 28 იანვრამდე ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა მ. ხ–სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. უკანასკნელი კამათისას გ. მ–ს მ. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც 2019 წლის 28 იანვარს გ. მ–ს მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აღნიშული ორდერის მიხედვით, მოძალადეს - გ. მ–ს აეკრძალა მსხვერპლთან - მ. ხ–სთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აკრძალვის მიუხედავად, 2019 წლის 20 თებერვლისთვის გ. მ–ი და მ. ხ–ი ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ ......ში, ...... გასასვლელი №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
გ. მ–ი 2015 წლიდან 2018 წლის 28 იანვრამდე ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა მ. ხ–სთან, რომელსაც 2019 წლის 19 თებერვალს, 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში, ქალაქ ......ში, ....... გასასვლელი №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გადაუგრიხა ხელები და შვიდჯერ დაარტყა მუშტი თავში. მ. მ–მ გ. მ–ს ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ. მ–ი 2015 წლიდან 2018 წლის 28 იანვრამდე ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა მ. ხ–სთან, რომელსაც 2019 წლის 20 თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ ........ში, მეგობრობის პირველი გასასვლელის №.....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სამჯერ ფერდის არეში და ათჯერ თავში დაარტყა მუშტი. მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
გ. მ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა მ. მ–მ სასამართლო სხდომაზე უარყო გ. მ–ს მიერ მასზე ძალადობის განხორციელებისა თუ მის მიერ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა; მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, თუმცა მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ისინი მიაყენა არა გ. მ–ს, არამედ ბავშვმა, რადგან კბილების გამო კბენდა ხოლმე; გ–ს მასზე არც 19 და არც 20 თებერვალს არ უძალადია. საქმეში წარმოდგენილი მოწმეების - ხ. ხ–ს, ზ. ა–ის, ვ. გ–ის ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ხ. ბ–ის გამოქვეყნებული ჩვენება) ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
9. სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება გ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. მ–ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტს.
10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე