Facebook Twitter

საქმე # 150100120003669412

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №978აპ-20 ქ. თბილისი

ე–ი ჰ., 978პ-20 23 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჰ. ე–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჰ. ე–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში, ჰ. ე–მ ქ. ა–ში, ............... ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, კისრის არეში ხელი დაარტყა თავის არასრულწლოვან შვილს - 20.. წლის .. სექტემბერს დაბადებულ დ. ე–ს, რომელმაც დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ჰ. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ჰ. ე–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს - ე. ბ–ს (პ/ნ .............) სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.

გამართლებულ ჰ. ე–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ჰ. ე–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, სს „.......... ჰოსპიტლების“ ა–ს ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.....-ის მიხედვით, დ. ე–ს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. სს „........ ჰოსპიტლების“ ა–ს ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.........ის მიხედვით, დ. ე–ი აღნიშნულ ჰოსპიტალში შესულია 20.02.2020წ., 11:08 საათზე; შესვლისას უჩიოდა თავის ტკივილს. შეყვანილია მშობლების მიერ. დედის გადმოცემით, ბიჭი ჩამოვარდა დაახლოებით 70 სმ სიმაღლიდან (ტაბურეტიდან), (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნა, 2 გვ.).

9. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა დ. ე–მ, მოწმე ა. ე–მ და არასრულწლოვანმა მოწმემ ლ. ე–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - ჰ. ე–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; რაც შეეხება მოწმეეების - ს. ჰ–ის, ლ. გ–სა და ს. კ–ის ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველელნი და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ ა. ე–სგან, აღნიშნული ჩვენებები კი ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჰ. ე–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჰ. ე–ს მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილის - დ. ე–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის - პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების გამოყენება არ არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე