საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№988აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი
ა-ი ა., 988აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ა. ა-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე და ლ. ბ-ი, – დაბადებული -- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2. 2020 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ს. დ-ში, ს-ის ქ. №-, ბინა №--ში ყოფნისას, ლ. ბ-მა და ა. ა-მა ჯგუფურად, ფიზიკური იძულების გზით, ა. დ-ეს ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს, კერძოდ, მას იარაღები ჩაარტყეს თავში, იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიყვანეს აივანზე და ა. ქ-ასათვის რამდენჯერმე მოახდევინეს ბოდიში.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ა. ა-ი და ლ. ბ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ: ა. ა-ს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; ლ. ბ-ს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლითა და 6 თვით.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო: ლ. ბ-ს – 2020 წლის 16 ივნისიდან იმავე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ა. ა-ს – 2020 წლის 16 ივნისიდან იმავე წლის 19 ივნისის ჩათვლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
5. მსჯავრდებულების – ლ. ბ-ისა და ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1 წლითა და 6 თვით; მსჯავრდებულ ა. ა-ს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო: ლ. ბ-ს – 2020 წლის 16 ივნისიდან იმავე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ა. ა-ს – 2020 წლის 16 ივნისიდან იმავე წლის 19 ივნისის ჩათვლით.
7. კასატორი – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი როინ ხინთიბიძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ა. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლო და უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო: ვინაიდან ა. ა-ს ბრალად ედებოდა იძულება იარაღის დემონსტრირებითა და იარაღის მუქარით, ამიტომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს ფაქტი დამამძიმებელი გარემოებაა, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ არ უნდა გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. მითითებულის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ა-ისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა. ა-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ: თავად ა. ა-ის აღიარებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბინის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №-- და ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ა. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ა-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ – ჩადენილი დანაშაულის სახე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე – სამართლიანობის აღდგენას.
4. მსჯავრდებულ ა. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოებს ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 18 თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, მხოლოდ დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ა. ა-ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრისა და ამ სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6. პალატა მხედველობაში იღებს, რომ ა. ა-მა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული იარაღის გამოყენებით და მიაჩნია, რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მსჯავრდებულზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება; პირობითი მსჯავრი ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული 6 თვით პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, უნდა შეიცვალოს და ა. ა-ს უნდა განესაზღვროს 12 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში. სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და ითხოვდა მხოლოდ მსჯავრებულებისათვის შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდას, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ა. ა-ს სასჯელი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე დაუმძიმოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ა. ა-ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით – 4 (ოთხი) დღე;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე