Facebook Twitter

საქმე ¹ას-79-74-2010 1 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ნ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მამობის დადგენა, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ძის მიმართ რ. მ-შვილის მამად შ. ჩ-ძის აღიარების, დაბადების სააქტო ჩანაწერში მის მამად მითითებისა და რ.მ-შვილის გვარად ჩ-ძის მითითების მოთხოვნით.

მოპასუხემ შესაგებლით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ რ.მ-შვილის ბიოლოგიური მამა არის შ. ჩ-ძე, ხოლო დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ჩ-ძე ცნობილ იქნა 1999 წლის 27 იანვარს დაბადებული რ. მ-შვილის მამად, შევიდა ცვლილება რ.მ-შვილის სააქტო ჩანაწერში და მამის გრაფაში ჩაიწერა შ. ჩ-ძე, ხოლო ბავშვის გვარად მიეთითა ჩ-ძე.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ძემ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი და სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნია.

საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისათვის ნ.ნ-ძის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ნ.ნ-ძეს გაეგზავნა და მის შვილს ჩაბარდა 2010 წლის 12 თებერვალს (იხ. ტ.II, ს.ფ.140).

2010 წლის 23 თეერვალს ნ.ნ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა ნ. ს-შვილისათვის კასატორის ინტერესების დაცვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მტკიცებულება და განმარტა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა ნ.ნ-ძის შვილს, რომელიც წავიდა რაიონში და აღნიშნულის თაობაზე მხარისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ნ-ძემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარს 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისათვის ნ.ნ-ძის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრს _ შვილს _ გ. ფ-ძეს (იხ. ტ.II, ს.ფ.140)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. დასახელებული ნორმის დანაწესით დადგენილი სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესიდან გამომდინარე, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარდება მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, რაც განიხილება აღნიშნული შეტყობინების უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად და საკმარის საფუძველს წარმოადგენს კანონით თუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დენის ასათვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე თვის 17 თებერვალს, ხოლო ნ. ნ-ძემ საკასაციო სასამართლოს მომართა 2010 წლის 23 თებერვალს _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, ამასთან, მხარის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება მისი დაუსაბუთებლობის გამო არ წარმოადგენს საპატო მიზეზს საპროცესო ვადის აღდგენისათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.