Facebook Twitter

ას-1007-1038-2011 22 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-ი.ს მიმართ და მოითხოვა ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღიარება, რ. მ-ის საკუთრების უფლების გაუქმებულად აღიარება ქ. ქარელში, ... 11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე და ქ. ქარელში ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ქარელში ... ¹11 ში მდებარე ¹ 68.10.44.039 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე აღმართულ საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართით 201.1 კვ.მ. ½ 1/2წილის მესაკუთრედ აღიარებულ იქნა ნ. მ-ი (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. გაუქმებულად იქნა აღიარებული რ. მ-ის(პ/...) საკუთრების უფლება ქ. ქარელში ... ¹11 ში მდებარე ¹ 68.10.44.039საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე აღმართულ საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართით 201.1 კვ.მ. 1/2წილზე და დადგენილ იქნა ქ. ქარელში ... ¹11 ში მდებარე ¹ 68.10.44.039საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე აღმართულ საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართით 201.1 კვ.მ. 1/2წილის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურში ნ. მ-ის აღრიცხვა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. მ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ნ. მ-ი ცნობილ იქნა ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე ¹ 68.10.44.039 საკადასტრო კოდით მოპასუხე რ. მ-ზე რეგისტრიებული უძრავი ქონების მესაკუთრედ და აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1976 წლიდან ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროში გახსნილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერებით ქ. ქარელში, ... ქუჩა ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა რ. მ-ის სახელზე (იხ. სფ. 160);

ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 606 კვ.მ. მიწა გელა და ქეთევან უმიკაშვილების სახელზე 2000 წლის 24 მაისის ქარელის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ქარელის ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა თანასკუთრებად (იხ. სფ. 58);

2000 წლის 01 დეკემბერს გელა უმიკაშვილსა და ნ. მ-ს შორის დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გელა უმიკაშვილმა გაასხვისა ნ. მ-ზე ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართით 201.1 კვ.მ, 5781 ლარად, რაც დარეგისტრირდა ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდოის საგანი მთლიანად ეკუთვნის გამყიდველს სარეგისტრაციო მოწმობა ¹162-ის საფუძველზე გაცემული ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 2000 წლის 01 დეკემბერს (იხ. სფ. 23-24, 58, 168-169);

2003 წელს 08 აგვისტოს რ. მ-ი აღირიცხა ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და 606 კვ.მ. მიწის მესაკუთრედ (სააღრიცხვო ბარათით აღირიცხა ქარელის სახალხო სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, ხოლო ქარელის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2003 წლის 09 სექტემბერს გაცემული ¹186 ცნობა დახასიათებით კი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით. აღრიცხვის საფუძვლები სხვადასხვაა) (იხ. სფ. 65, 58, 164-167);

ამჟამად ქ. ქარელში, ... ¹11-ში მდებარე 606 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტო კოდით 68.10.44.039 და მასზედ აღმართული 224 კვ.მ. შენობა ნეგებოები საკუთრების უფლებით ირიცხება რ. მ-ის სახელზე ქარელის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2003 წლის 09 სექტემბერს გაცემული ¹186 ცნობა-დახასიათების საფუძველზე (იხ. სფ. 66-68);

2000 წლის 01 დეკემბერს ქარელის ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ¹162 ცნობა—დახასიათებით ქ. ქარელში ... ქუჩა ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი სასარგებლო ფართით 201.1 კვ.მ. და 606 კვ.მ. მიწის ფართო საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ცნობის გაცემის მომენტისათვის გელა და ქეთევან უმიკაშვილების სახელზე თანასკუთრების უფლებით (იხ. სფ. 25, 168-169);

ნ. მ-ის ქორწინებამდელი გვარია ნ. კოზონაშვილი, ხოლო ქორწინეის შემდეგ არჩეული გავრია მ-ი იგი სასამართლო გადაწყვეტილებეში ასევე მოხსენებულია ჟუჟუნა კოზანაშვილი—მ-ად;

ნ. მ-ი წარმოადგენს სადაო სახლის კეთილსინდისიერ შემძენს (იხ. სფ. .54-60).

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ი ახორციელებდა მთელი სადავო საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივ მფლობელობას ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომ და მის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 54-60)

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. უ-სა და ნ. მ-ს შორის 2000 წლის 01 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია ქეთევან უ-ს, რომლისათვისაც ცნობილი იყო სადავო უძრავი ქონების (მათ შორის, უძრავ ქონებაში მისი წილის) გ. უ-ის მიერ გასხვისების ფაქტობრივი გარემოება, იმის გათვალისწინებით, რომ ქეთევან უ-ი მხარედ მონაწილეობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2005 წელს გელა უ-ისა და ნ. მ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე რ. და ნუშკა მ-ების სარჩელთან დაკავშირებით წარმოებულ დავაში, როგორც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი (2000 წლის 1 დეკემბერი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 312.1-ე და 477.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ქარელის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ნ. მ-ზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.ქარელში ... ქ¹11-ში მდებარე მთელი უძრავი ქონება 2000 წლის 1 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ნ. მ-ს როგორც შემძენს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა მთელი უძრავი ქონება (შესაბამისად, ქეთევან უ-ის წილი უძრავი ქონებაც). დადგენილია, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო უძრავ ქონებაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი (2000 წლის 1 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება) გაუქმებული არ არის, ამასთან, 2003 წლის 8 აგვისტოს, მოპასუხე რ. მ-ზე სადავო უძრავი ქონების აღრიცხვის მომენტისათვის სადავო უძრავ ქონებაზე უკვე არსებობდა აპელანტის (მოსარჩელე ნ. მ-ის) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც გამორიცხავდა რ. მ-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირებას სადავო ქონებაზე ნ. მ-ის უფლების (საკუთრების უფლების)დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლის) გაუქმების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ქარელში, ... ქ¹11-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. მ-ი და მისი მოთხოვნა მოპასუხე რ. მ-ის მიმართ მოპასუხეზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ.ქარელი, ... ქ¹11-ში, მდებარე უძრავის ქონების მესაკუთრედ აღიარებისა და სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმებულად აღიარების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ნ. მ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების მხოლოდ ½ ნაწილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და მიუთითა, რომ მართალია საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია სადავო ქონებაზე 2000 წლის 1 დეკემბრის ნასყიდობის მომენტისათვის ქეთევან უ-ის თანასაკუთრების უფლების არსებობა და აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ მთელი უძრავი ქონების გასხვისება მოხდა მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის – გ. უ-ის მიერ, თუმცა პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან ნასყიდობის ხელშკრულება ითვალისწინებს მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემას, გამყიდველი ქონებს მესაკუთრე უნდა იყოს, ანუ ნივთის საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია, ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ გარიგება არღვევს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე განკარგვის კანონისმიერ აკრძალვას, რომლის მიზანია მხოლოდ განსაზღვრული პირების ინტერესების დაცვა, მაშინ განკარგვა სამართლებრივი ძალის არმქონეა მხოლოდ ამ პირების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, ერთის მხრივ, ქეთევან უ-ის, როგორც შეცილებაზე უფლებამოსილი პირის და მეორეს მხრივ, ნ. მ-ის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ დასადგენია სადავო უძრავი ქონების მიმართ მოსარჩელის (ნ. მ-ის) საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტობრივი გარემოება აღნიშნული ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის, მოპასუხე რ. მ-ის მიმართ სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში და მოცემული დავის საგნის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელის საკუთრების უფლების დამასატურებელ დოკუმენტში (ნასყიდობის ხელშეკრულებაში) გამყიდველის უფლებამოსილების ნამდვილობის საკითხი, შეცილების უფლების მქონე პირის (ამ შემთხვევაში, თანამესაკუთრის, ქეთევან უ-ის) მოთხოვნის არარსებობისას.

ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, რ. მ-ის მიმართ აღძრული მესაკუთრედ აღიარების სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკმარის გარემოებას წარმოადგენდა მოსარჩელის მითითება სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობის თაობაზე და შესაბამისი მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და სათანადო წესით აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო ქონებაზე ნ. მ-ის საკუთრების უფლების 1/2 ნაწილის აღიარების თაობაზე პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ გაიზიარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობა, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ გარემოებებს, ამასთან, მის მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები არ გამომდინარეობენ არც საქმეში არსებული მასალებიდან, არც ნ. მ-ის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებიდან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით რ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (415 ლარი) 70% _ 290.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს თ. დ-ისა და მ. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (415 ლარი) 70% _ 290.5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.