ას-1015-1046-2011 20 სექტემბერი, 2011 წელი,
ქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ფ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. კ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: თავად არის ქ.თბილისში, ...ქუჩა 8-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, მის საკუთრებაში რიცხულ ბინაში ამჟამად ცხოვრობს ფ. კ-ი ოჯახთან ერთად. მოსარჩელე ითხოვს გარკვეული კომპენსაციის გადახდის საფასურად მოსარგებლემ დატოვოს საცხოვრებელი სადგომი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა თარიღდება 2009 წლის 22 ივლისით, რაც უძრავი ქონების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას არ ასახავს. 2010 წლის 16 თებერვლის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის მიხედვით, სარჩელში მითითებული უძრავი ქონების ამჟამინდელი საბაზრო ფასია 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის არსებული დავა გამომდინარეობდა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით მე-11 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან და მოპასუხე ფ. კ-ი იყო ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 14 ივნისს გაცემული დასკვნით თბილისში, ...ქუჩა ¹8-ში მდებარე, მოპასუხის მფლობელობაში არსებული სადავო საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართი შეადგენდა 37,67 კვ.მ-ს, მათ შორის საცხოვრებელ ფართს მიეკუთვნებოდა 18,1 კვ.მ ოთახი, 8,56 კვ.მ შესასვლელი, 1,87 კვ.მ სანკვანძი, 2,87 კვ.მ სამზარეულო, 6,27 კვ.მ ეზოში არსებული სათავსი. საჯარო რეესტრის ამონაწერით ვ. კ-ი იყო თბილისში, ...ქუჩა ¹8-ში მდებარე 213,65 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების 12/27 ნაწილის მესაკუთრე. სადავო საცხოვრებელი სადგომი ვ. კ-ის საკუთრებაში არსებული წილის ნაწილია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 14 ივნისს გაცემული დასკვნით სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 8 100 (რვა ათას ასი) აშშ დოლარით. 2010 წლის 19 აგვისტოს ვ. კ-სა და ვ. მ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ქ. ¹8-ში მდებარე უძრავი ქონების 12/27 ნაწილის მესაკუთრედDსაჯარო რეესტრში აღირიცხა ვ. მ-ე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - ვ. კ-ის უფლებამონაცვლედ განსახილველ საქმეში ჩაბმულ იქნა ვ. მ-ე.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ 2010 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოსარგებლის მფლობელობიდან საცხოვრებელი სადგომი გამოთხოვილ უნდა იქნეს 8100 აშშ დოლარის 75%-ის, ანუ 6075 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის დასკვნა რეალურად არ ასახავს ქ.თბილისში, ...ქუჩა ¹8-ში საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საცხოვრებელი სადგომის ღირებულება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომზე მესაკუთრედ ცნობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. კ-ს დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2011 წლის 7 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
ფ. კ-ს დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2011 წლის 7 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ას-1015-1046-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ფ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. კ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 აპრილის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაადგინა:
ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
ფ. კ-ს დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2011 წლის 7 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ფ. კ-მა და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში არასწორადაა მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი, ნაცვლად 7 ივნისისა, უნდა იყოს 11 ივლისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები: ,,2011 წლის 7 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის” უნდა გასწორდეს სიტყვებით: ,,2011 წლის 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის”. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში, ნაცვლად ,,7 ივნისს”, უნდა მიეთითოს ,,11 ივლისს”.
სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ფ. კ-ს დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2011 წლის 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70 % - 70 ლარი.”
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული შემდეგი უსწორობა: განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები ,,2011 წლის 7 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის” გასწორდეს სიტყვებით: ,,2011 წლის 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის”. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად ,,7 ივნისს”, უნდა მიეთითოს ,,11 ივლისს”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ფ. კ-ს დაუბრუნდეს გ. გ-ის მიერ 2011 წლის 11 ივლისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70 % - 70 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.