ას-1021-1052-2011 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ს. რ-ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოსა და ნივთების ღირებულების დაკისრება, ნივთის შეკეთება, მისი დაბრუნება და უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. რ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ტ-ის” მიმართ პირგასამტეხლოსა და ნივთების ღირებულების დაკისრების, ნივთის შეკეთების, დაბრუნების და უნაკლო მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 2007 წლის 27 ივნისის ¹შს... ხელშეკრულებიდან გამომდინარე 85274,25 ლარის _ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში ცნო და დაადასტურა, რომ ერთი დღით დააგვიანა აკრედიტივის გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ტ-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2007 წლის 27 ივნისის ¹შს... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 85 274,25 ლარის ოდენობით, შპს “ტ-ს” დაევალა, შპს “ს. რ-ისათვის” 71 გოგორწყვილის (176 080 ლარის ღირებულების), 836 გამოწნეხილი თვალისა (ღირებულებით 52 423,22 ლარი) და 8 ცალი ღერძის (839,70 ლარის ღირებულების) დაბრუნება, შპს “ტ-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 62 გოგორწყვილის ღირებულების ანაზღაურება 153 760 ლარის ოდენობით, შპს “ტ-ს” დაევალა ¹77543 წყვილთვალას შეკეთება და შპს “ს. რ-ასთვის” ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა, შპს “ს. რ-ას” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს “ტ-ისათვის” 547 479,94 ლარის დაკისრებისა და იმ მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც ითხოვდა შპს “ტ-ისათვის” 133 ბუქსის სამაგრის სათვალთვალო ხუფის შესაბამისი ჭანჭიკებითა და საყელურებით, 82 საკისარისა და 48 ჩამკეტი თამასას დაბრუნების დავალებას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს “ტ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს “ს. რ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ტ-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2007 წლის 27 ივნისის ¹შს...ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო _ 85 274 ლარი, შპს “ტ-ს” დაევალა, შპს “ს. რ-ას” დაუბრუნოს 57 გოგორწყვილი (141 360 ლარის ღირებულების), 836 გამოწნეხილი თვალი (52 423,22 ლარის ღირებულების) და 8 ცალი ღერძი (839,70 ლარის ღირებულების), შპს “ს. რ-ას” უარი ეთქვა შპს “ტ-ისათვის” 62 გოგორწყვილის ღირებულების – 153 760 ლარის ანაზღაურებაზე, შპს “ტ-ს” დაევალა ¹77543 წყვილთვალის შეკეთება და შპს “ს. რ-ისათვის” ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა, შპს “ს. რ-ას” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს “ტ-ისათვის” 547 479,94 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შპს “ს. რ-ას” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შპს “ტ-ს” დაევალა 133 ბუქსის სამაგრის, სათვალთვალო ხუფის შესაბამისი ჭანჭიკებით და საყელურებით, 82 საკისარის და 48 ჩამკეტი თამასას დაბრუნების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, შპს “ტ-ს” შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1850 ლარის ანაზღაურება, შპს “ტ-ს” უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე 2 480 ლარის ღირებულების ერთი გოგორწყვილის ნაწილში, შპს “ს. რ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა შპს “ტ-ის” სააპელაციო საჩივრისათვის 6 860 ლარის გადახდა, ხოლო შპს “ტ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 99,2 ლარის გადახდა, შპს “ს. რ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 369-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 აპრილის შეთანხმებებით შპს “ტ-ის” მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო შპს “ს. რ-ის” მიერ ანაზღაურების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან გარკვეული დროის განმავლობაში. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებდა მიმწოდებელი. ამდენად, თუ შპს “ს. რ-ა” არ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას საბანკო გარანტიის გახსნასთან დაკავშირებით, შპს “ს. რ-ა” უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 407-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ტრასტრეიდის” მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენდა შპს “ს. რ-ის” მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებით. მოცემულ სამართალურთიერთობაში აშკარაა, რომ შპს “ს. რ-ა” არც შემდგომში აპირებდა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას შპს “ტ-თან” ურთიერთობაში. ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა საქმეში წარმოდგენილი წერილი, რომლითაც შპს “ტ-ი” შპს “ს. რ-ას” საბანკო გარანტიის გარეშე ურთიერთობის გაგრძელებას სთავაზობს ვალდებულების შესრულების ათვლის წერტილის შეცვლის შემთხვევაში. აშკარაა, რომ აღნიშნული ოფერტი შპს “ს. რ-ის” მხრიდან არ იქნა აქცეპტირებული, რაც სასამართლოს მიერ სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნებისათვის განიხილება ს. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის კონტექსტში, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლამდე დამატებითი ვადის დაწესებას შედეგი არ ექნებოდა. ამდენად, პალატა შპს “ტ-ის” მიერ ხელშეკრულბიდან გასვლას მართლზომიერად მიიჩნევს, რაც შპს “ტ-ისათვის” ზიანის ანაზღაურების სახით 5%-იანი პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს.
პალატამ ყურადღება გაამახვილა 2009 წლის 19 აპრილის შეთანხმებებით გათვალისწინებულ პირობაზე, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი, ანუ შპს “ტ-ი”. შპს “ტ-ის” ხელშეკრულებიდან გასვლის შეფასების მიზნებისათვის შპს “ს. რ-ა” არაერთგზის აპელირებს მის მიერ ბანკისადმი არსებულ მიწერილობაზე საბანკო გარანტიის გახსნასთან დაკავშირებით და შპს “ტ-ის” მიერ შეუსრულებელ ვალდებულებაზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან საბანკო გარანტიის ხარჯები არ აანაზღაურა. პალატამ განმარტა, რომ საბანკო გარანტიის გახსნის, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, საბანკო გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების დადების არსებით პირობას ან ხელშეკრულების დასადებად განსახორციელებელ ქმედებას არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის ხარჯების ანაზღაურება, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის გახსნა არ არის დამოკიდებული საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებაზე, მითუმეტეს, აღნიშნული ქმედება არ არის სავალდებულო, წინ უძღოდეს საბანკო გარანტიის გახსნას. საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ხარჯები, რა თქმა უნდა, ასანაზღაურებელია, თუმცა, ამისათვის აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია გაიხსნას ან მინიმუმ სავალდებულოა, რომ გარანტმა ან კრედიტორმა პრინციპალს საბანკო გარანტიის გახსნისათვის, წინმსწრებ რეჟიმში შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე აცნობოს. სხვაგვარ მოწესრიგებას არ შეიცავს არც სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის მეორე ნაწილი.
საბანკო გარანტიის წარმოდგენა შპს “ს. რ-ის” ვალდებულებას წარმოადგენდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ თავის მხრივ შპს “ტ-ის” მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება საბანკო გარანტიის მიღებაზე იყო დამოკიდებული და ვალდებულებების შესრულების ათვლის საწყის თარიღადაც სწორედ საბანკო გარანტიის წარდგენა იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ამდენად, შპს “ს. რ-ა” კარგად იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ მის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენამდე შპს “ტ-ს” საქონლის მიწოდების ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვით შპს “ს. რ-ის” ინტერესში უნდა ყოფილიყო საბანკო გარანტიის შპს “ტ-ისათვის” დროულად წარდგენა და, თუ საბანკო გარანტიის გახსნა შპს “ტ-ის” მიერ საბანკო გარანტიის ხარჯების ანაზღაურებამდე შეუძლებელი იყო, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია შპს “ტ-ისათვის” შპს “ს. რ-ას” უნდა მიეწოდებინა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს “ს. რ-ის” პოზიცია, რომ ¹შს/06-355, შს/06-356, შს/06-261, შს/06-260, შს/06-050, შს/06-230, შს/06-140, შს/06-114, შს/06-141 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობაზე მითითებით უსაფუძვლოა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი უფლებას აძლევს ვალდებულ პირს, არ შეასრულოს ხანდაზმული ვალდებულება, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, 144-ე და 443-ე მუხლების ერთობლივი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტება იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ხანდაზმული ვალდებულების გაქვითვა ვალდებული პირის უფლებაა და არა მოვალეობა. ამდენად, პალატა თვლის, რომ ს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს ისეთი ხანდაზმული მოთხოვნის გაქვითვას, რომელიც მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი არ არის ან სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა დადასტურებულია სასამართლოს მიერ და გაქვითვა მხარეთა ნებას შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ტ-ი” წინააღმდეგია იმ მოთხოვნის გაქვითვის, რომლის შესრულების ვალდებულება მას, როგორც ხანდაზმული მოთხოვნის, აღარ აკისრია, უფრო მეტიც, შპს “ტ-ი” აღნიშნულ მოთხოვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, არ აღიარებს და სარჩელი შპს “ტ-ის” მიერ აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით არ იყო აღძრული იმ დროისათვის, როდესაც მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. ამდენად, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს “ს. რ-ის” მოთხოვნას 289196,29 ლარის გაქვითვის ნაწილში.
პალატამ გაიზიარა შპს “ტ-ის” მოსაზრება, რომ შპს “ტ-ს” მისთვის დასაბრუნებლი 62 გოგორწყვილის ანაზღაურების ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხები დაუსაბუთებლად ვაგონშემკეთებლ ქარხანას დაეზოგა, შესაბამისად, ზიანის დადასტურების შემთხვევაში, ზედმეტად გახარჯული თანხებისათვის შპს “ს. რ-ის” წინაშე პასუხიმგებელია ვაგონშემკეთებელი ქარხანა და არა შპს “ტ-ი”, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბრუნებული გოგორწყვილების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სამართლებრივად უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს. რ-ამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაცო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ მოსაზრება მოპასუხისათვის 62 გოგორწყვილის ღირებულების _ 153760 ლარის დაკისრების ნაწილში და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სასამართლომ არასწორად დაუკავშირა შპს „ტრანსტრედის“ მიერ ვალდებულების შესრულება შპს „ს. რ-ის“ მხრიდან აკრედიტივის გახსნასა თუ საბანკო გარანტიის წარდგენას. სადავო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე მიიჩნია საბანკო გარანტიის წარდგენა ან/და აკრედიტის გახსნა ხელშეკრულების არსებით პირობად, რომელთა შეუსრულებლობა მომწოდებელს წარმოუშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერ საფუძვლებს. შპს „ტ-ი“ იმთავითვე იყო ინფორმირებული თავისი ვალდებულებების შესახებ და მას, როგორც კონტრაჰენტს, ეკისრებოდა ვალდებულება, შეთანხმების ხელმოწერიდან გონივრულ ვადაში ემოქმედა რ-ასთან შეთანხმებით და არ დალოდებოდა შეტყობინებას, რომლის ვალდებულებაც უდავოდ არავის არ ეკისრებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს სახით ჯამში 81 293,65 ლარის დაკისრების თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად უთხრა უარი კასატორს შპს „ტ-ისათვის“ შს/07-088 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო სახელშეკრულებო თანხის 5%-ის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ჯეროვნად არ შეასრულა შს/07-088 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.4 პუნქტის თანახმად, უპირობოდ წარმოიშვა არაჯეროვანი შესრულებისათვის განკუთვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რაც შეადგენს მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 5%-ს _ 176000 ლარს.
შპს „ს. რ-ა“ ზემოდასახელებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა სამოქალაქო კოდექსის 443-ე მუხლზე მითითებით, რომელიც უშვებს ხანდაზმული მოთხოვნების გაქვითვის შესაძლებლობას, რაც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა.
ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ს. რ-ას” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 1 ივნისს გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “ს. რ-ას” (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 5600 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.