Facebook Twitter

ას-1032-1063-2011 27 სექტემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სოფ.... საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 22 ოქტომბერს ვ. ბ-ემ ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში... საჯარო სკოლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მითითებული სკოლის დირექტორის 2010 წლის 20 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ ბრძანებაში არ იყო მითითებული გათავისუფლების საფუძველი, რის გამოც იგი უკანონო იყო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ. ბ-ე... საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორიის ოპერატორად და ინფორმატიკის მასწავლებლად მუშაობდა. 2010 წლის 18 აგვისტოდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშტატო განრიგის შესაბამისად შემცირდა მთელი რიგი საშტატო ერთეულები, მათ შორის კომპიუტერული ლაბორატორიის ოპერატორის შტატი. მოსარჩელე არსებული სახელფასო სარგოთი დატოვებულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერად და ინფორმატიკის მასწავლებლად. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე აღარ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობებს, ამასთან, ისარგებლა რა დირექტორის არყოფნით, სკოლის კუთვნილი კომპიუტერი სახლში წაიღო. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრლებლობისა და კონფლიქტური სიტუაციის შექმნისათვის, მას არაერთი გაფრთხილება მიეცა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ... საჯარო სკოლასა და ვ. ბ-ეს შორის 2007 წლის 1 მარტიდან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. ვ. ბ-ე... საჯარო სკოლაში მუშაობდა ინფორმატიკის მასწავლებლად და კომპიუტერული ლაბორატორიის ოპერატორად ნახევარ განაკვეთზე;

2. 2010 წლის აგვისტოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტორადნ მოწოდებული საშტატო განრიგის მიხედვით... საჯარო სკოლაში შემცირდა მთელი რიგი საშტატო ერთეულები, კომპიუტერული ლაბორატორიის ოპერატორის საშტატო ერთეულს კი შეეცვალა სახელი და საშტატო განრიგში მიეთითა, როგორც Iთ მენეჯერი. შემცირების დროს მოსარჩელე დატოვებულ იქნა ინფორმატიკის მასწავლებლად, ასევე კომპიუტერული ლაბორატორიის ოპერატორად, ანუ Iთ მენეჯერად და არსებული სახელფასო სარგო შეუნარჩუნდა;

3. ვ. ბ-ემ დირექტორის ნებართვის გარეშე, თვითნებურად, სკოლის კუთვნილი კომპიუტერი წაიღო სახლში და იგი დირექტორის მოთხოვნის შემდეგ დააბრუნა. მანვე, თავისი ინიციატივით, სკოლის კუთვნილი ორი კომპიუტერის პროცესორიდან ამოიღო ოპერატიული მეხსიერება და გადაიტანა მთავარ კომპიუტერში, რითიც ორი კომპიუტერი მწყობრიდან გამოვიდა;

4. ვ. ბ-ემ, ფაქტობრივად, უარი თქვა შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, არ მოაწესრიგა სკოლის კომპიუტერები და არ მოამზადა ისინი სასწავლო პროცესის დაწყებისათვის, რის გამოც სკოლის დირექციამ, კომპიუტერების გამართვის მიზნით, სხვა სპეციალისტი მოიწვია. ასევე მოსარჩელემ უარი თქვა გაეკეთებინა სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების ელექტრონული ვერსია, რის გამოც სკოლის დირექციამ დახმარება სთხოვა სხვა სკოლის პედაგოგს, სკოლის ბუღალტერი კი, ქ. ლაგოდეხში, დაქირავებული ოპერატორის დახმარებით ამზადებდა ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამზადებელ ინფორმაციებს;

5. ვ. ბ-ე არ ასრულებდა დირექტორის, როგორც სკოლის ხელმძღვანელის, მითითებებს და სკოლის პერსონალის თანდასწრებით კონფლიქტში შედიოდა მასთან;

6. მოსარჩელემ სასწავლო წლის დაწყებისას არ წარადგინა სასწავლო წლის სამუშაო გეგმა;

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა და აღნიშნა, რომ მოცემული კატეგორიის დავებში მოქმედი პროცესუალურ-სამართლებრივი და ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით არ არის დადგენილი მტკიცების განსაკუთრებული სტნადარტი, დასაქმებულის (მასწავლებლის) მხრიდან შრომითი ხელშეკრულების, სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების სამტკიცებლად. შესაბამისად დასაქმებულის (ამ შემთხვევაში მასწავლებლის) მიერ შრომითი ხელშეკრულების ან შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოება შეიძლება დადასტურებდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის II ნაწილით განსაზღვრულ მტკიცებულებათა, მათ შორის მოწმეთა ჩვენების, წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მხარის ახსნა-განმარტების, გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი უნდა გავრცელებულიყო. სასამართლომ ჩათვალა, რომ ვალდიმერ ბ-ის ქმედებები შრომის ხელშეკრულებისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევას წარმოადგენდა.

რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, რომ მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელები, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისციპლინური სახდელის არარსებობა არ ზღუდავს სკოლის დირექტორის უფლებას, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ვადაზე ადრე შეწყვიტოს შრომის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მთელი რიგი ნორმები, ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ დისციპლინური დევნის განხორციელების ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის შესახებ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის ნორმები არ კრძალავს სამსახურიდან გათავისუფლებას ამ პროცედურის გამოყენების გარეშე. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა პირდაპირ აკანონებს სამართლებრივ ნიჰილიზმსა და კანონისადმი დაუმორჩილებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ Mვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ-ის (პირადი ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.