ას-1291-1311-11 26 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “ს. კ-ის” სარჩელის გამო, მოპასუხეები ბ. ჩ-ას, გ. მ-ის, ლ. კ-ის, მესამე პირი _ სს “... ბანკის” მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ბ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორი ბ. ჩ-ა ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.II ს.ფ. 70-71).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 8 ივნისი, ხოლო 30-ე დღე _ 20 ივნისი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2011 წლის 8 ივნისიდან 2011 წლის 20 ივნისამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ბ. ჩ-ა სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 27 ივნისს (ტ.II, ს.ფ.88). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 20 ივნისს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაც-ს მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 20 ივნისს და დამთავრდა 2011 წლის 20 ივლისს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ბ. ჩ-ას მიერ შეტანილია 2011 წლის 25 ივლისს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.