Facebook Twitter

ას-1379-1396-2011 30 სექტემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. კ-ის (უფლებამონაცვლე ნარინე კ-ის) სარჩელის გამო, მოპასუხე კ. კ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის სხდომას ესწრებოდა აპელანტ კ. კ-ძის წარმომადგენელი თამაზ ჩახვაძე (იხ. ტ.III, ს.ფ. 351), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი რწმუნებულებით (იხ. ტ.III, ს.ფ. 307).

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმით დაშვებული საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც სააპელაციო სასამართლო კანონის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს გადაწყვეტილებას უგზავნის ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მათ მიმართ საპროცესო ვადის გამოთვლა ხდება საერთო წესით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ განეკუთვნება რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, ასევე ჰყავს რა წარმომადგენელი, მისთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების თარიღის გარკვევა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 20 ივნისი, ხოლო 30-ე დღე _ 30 ივნისი, ამდენად კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლო, გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების თხოვნით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის 2011 წლის 20 ივნისიდან ამავე წლის 30 ივნისის ჩათვლით.

საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოსათვის საერთოდ არ მიუკითხავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნული ნორმების, საქმის მასალებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დებულებათა ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 30 ივნისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 2011 წლის 30 ივლისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 2011 წლის 1 აგვისტოს, ორშაბათს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და მისი დანართის შესწავლით ირკვევა, რომ კ. კ-ძემ საკასაციო საჩივარი შპს “საქართველოს ფოსტის” ბათუმის ფილიალს ჩააბარა 2011 წლის 4 აგვისტოს, კანონით დადგენილი საკასაციო საჩივარის შეტანის ვადის დარღვევით (იხ. ტ.III. ს.ფ. 421), რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.