Facebook Twitter

ბს-1301-877(კ-05) 7 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 3 თებერვალს მ. მ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორ ა. მ-ის 2005წ. 8 იანვრის ¹10 ბრძანების გაუქმება და ...ის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 2000 წლიდან მუშაობდა ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, 2005წ. 10 იანვარს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მას გადასცეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და შრომის წიგნაკი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. იგი აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ...ის თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა 3 თვის იძულებითი განაცდური ხელფასის _ 150 ლარის ანაზღაურება.

ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორმა და განმარტა, რომ მ. მ-ესთან ყოველთვის ფორმდებოდა ერთწლიანი ხელშეკრულება და მისი გათავისუფლება ვადის გასვლის გამო მოხდა, ასეთ შემთხვევაზე კი ერთი თვით ადრე გაფრთხილება არ ვრცელდებოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შკკ-ის თანახმად, მუშაკი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვადიანი ხელშეკრულებით იყო სამუშაოზე აყვანილი, შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული. ამდენად, მ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონო იყო.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დირექტორმა ა. მ-ემ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, მან არასწორად მიიჩნია, რომ, ვადიანი ხელშეკრულებით აყვანილი პირისათვის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ერთი თვით ადრე უნდა გაფრთხილებულიყო. კასატორის თქმით, გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა პირის გათავისუფლება ხდება ადმინისტრაციის ინიციატივით და მუშაკისათვის წინასწარ სავარაუდო არაა ხელშეკრულების შეწყვეტა. ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა კი თავიდანვე გულისხმობს ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების გაუქმებას.

კასატორმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის ა. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თვითონ მიიღებს გაადწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საქმეში წარმოდგენილია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის ა. მ-ის 2005წ. 8 იანვრის ¹10 ბრძანება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, შკკ-ის 30-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.Aასევე შრომის წიგნაკის ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 2000წ. 7 სექტემბრის ¹91 ბრძანებით, მ. მ-ე დაინიშნა ...ის თანამდებობაზე ეკა კ-ს დეკრეტულ შევებულებაში ყოფნის პერიოდში. 2002წ. 3 სექტემბრის ¹79 ბრძანებით იგი გადაყვანილი იქნა კომპიუტერ-გრაფიკოსის თანამდებობაზე, რომელსაც ამავე დროს უნდა შეესრულებინა ...ის მოვალეობა და მას გაუფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ერთიწ. ვადით. 2003წ. 7 იანვრის ¹12 ბრძანებით მასთან კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთიწ. ვადით. 2004წ. 7 იანვრის ¹15 ბრძანებით, ე. კ-ს პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, მ. მ-ის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა 2005წ. 7 იანვრამდე. ნიშანდობლივია, რომ 2004წ. 7 იანვრის ზემოთმითითებულ ბრძანებას თან არ ახლავს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, ამასთან, არც ის ფაქტი დასტურდება, ჩაიბარა, თუ არა აღნიშნული ბრძანება მ. მ-ემ. მაშინ, როცა 2003წ. 7 იანვრის ¹12, 2002წ. 3 სექტემბრის ¹79, 2001წ. 7 იანვრის ¹11 და 2000წ. 7 სექტემბრის ¹91 ბრძანებებში მითითებულია, რომ მ. მ-ესთან უნდა გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულება, საქმეში წარმოდგენილია ამ ბრძანებების საფუძველზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებიც.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს შკკ-ის მე-16 მუხლს, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ვადით.

შრომის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან. სამუშაოზე მიღება ფორმდება დაწესებულების ადმინისტრაციის ბრძანებით. ბრძანების გამოცხადების შესახებ მუშაკს ჩამოართმევენ ხელწერილს (მე-19 მუხლი).

შკკ-ის 31-ე მუხლით განმარტებულია, რომ თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქმის მასკლებით ირკვევა, რომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ- მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის 2002წ. 7 სექტემბრის ¹91 ბრძანების საფუძველზე, თეატრის ადმინისტრაციასა და მუშაკს _ მ. მ-ეს შორის გაფორმდა შრომითი კონტრაქტი, 2001წ. ¹11 ბრძანების საფუძველზე, მ. მ-ესთან 2001წ. 1 იანვარს კვლავ გაფორმდა შრომითი კონტრაქტი 2002წ. 7 იანვრამდე ვადით. აქვე წარმოდგენილია 2002წ. 3 სექტემბრის ¹9 ბრძანება, რომელშიც მითითებულია რომ მის საფუძველზე მუშაკთან გაფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2002წ. ბოლომდე, შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულებაც. 2003წ. @¹12 ბრძანების საფუძვლეზეც იქნა გაფორმებული ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს 2004წ. 7 იანვრის ¹15 ბრძანების მოხმობას, რომლითაც დადგენილია, რომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ...ეს მ. მ-ეს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება 2005წ. 7 იანვრამდე და მასში მუშაკთან შრომითი ხელშეკრულების დადების შესახებ არაფერია ნათქვამი. ნიშანდობლივია, რომ 2004წ. 7 იანვრის ¹156 ბრძანების საფუძველზე დადებული შრომითი ხელშეკრულება არ მოიპოვება, ასევე არ ჩანს გაეცნო თუ არა მ. მ-ე ზემოხსენებულ ბრძანებას მისი შრომითი ხელშეკრულების 2005წ. 7 იანვრამდე გაგრძელების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან 2004წ. ¹15 ბრძანების საფუძველზე მხარეებს შორის კონტრაქტი არ დადებულა და მისთვის ცნობილი არ ყოფილა კონკრეტული პირობები, ამასთან, მას არ ჩაბარებია ბრძანების ასლი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისი კონტრაქტი გაგრძელდა მხოლოდ ერთი წლით _ 2005წ. 7 იანვრამდე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის მიერ არ გამოხატულა ნება შრომითი ურთიერთობის ვადით გაგრძელების თაობაზე, შრომითი ურთიერთობის საფუძველი კი არის შრომითი კონტრაქტი, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ შეთანხმებას და აუცილებლად გულისხმობს ადმინიატრაციის მიერ გამოხატული ნების მიღებას მუშაკის მიერ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შკკ-ის 31-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მ. მ-ისათვის ცნობილი არ იყო მისი შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მხოლოდ 2005წ. 7 იანვრამდე, მასა და თოჯინების თეატრის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა უნდა ჩაითვალოს გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ე შესაძლო გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული, ვინაიდან მასთან კონტრაქტი გაგძელდა განუსაზღვრელი ვადით და მ. მ-ისათვის ხელშეკრულების ვადის გასვლის თაობაზე ცნობილი არ იყო (შკკ-ის 422-ე მუხლი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის 2005წ. ¹10 ბრძანება მ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, მ. მ-ე აღდგენილ იქნეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი. E @

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს: ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის 2005წ. 8 იანვრის ¹10 ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, მ. მ-ე აღდგენილ იქნეს სამუშაოზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.