Facebook Twitter

ას-1433-1448-2011 30 სექტემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ქ. ყ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე მ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი მოპასუხეების _ ქ. ყ-ის, ნ. ა-ისა და ნოტარიუს რ. ჩ-ი-ჩ-ის მიმართ ე. ა-ის დანაშთ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრ მ. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ი-ი ცნობილ იქნა ე. ა-ის დანაშთ ქონების, კერძოდ, უძრავი ქონების, რომლის მახასიათებელია: სარეგისტრაციო ზონა: თბილისი 01, სექტორი: ... 13, კვარტალი 06, ნაკვეთი 011/009, კოდი 01/007; მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 471კვ.მ მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი .... ; რეგისტრაციის თარიღი 15.06.2004 წელი, მდებარე თბილისში, ... ქ. ¹2/10, მე-8 კორპუსი, ბინა ¹7-ის 1/4 წილის მესაკუთრედ, აგრეთვე ე. ა-ის კუთვნილი ანაბრების, კერძოდ, 5000 აშშ დოლარის, რომელიც ირცხება სს “საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალში მგ19, რომლის ნომერია 301173255, აგრეთვე სს “გაერთიანებული ქართული ბანკის” დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში რიცხულ საბანკო ანაგარიშებზე, რომელთა ნომერია 30676 და 079000177, არსებული თანხის 1/4 წილის მესაკუთრედ.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ყ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე მ. ყ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ყ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ყ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე მ. ყ-ი არ ესწრებოდა 2011 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაფრთხილებული იყო სხდომის დღის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით (ს.ფ.50). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმით დაშვებული საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც სააპელაციო სასამართლო კანონის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს გადაწყვეტილებას უგზავნის ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მათ მიმართ საპროცესო ვადის გამოთვლა ხდება საერთო წესით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ განეკუთვნება რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2011 წლის 2 ივნისს (ს.ფ.87). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2011 წლის 5 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 6 აპრილს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2011 წლის 6 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი მ. ყ-მა შეიტანა 2011 წლის 12 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ.110-116).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ყ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ყ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.