Facebook Twitter

ას-308-290-2010 30 სექტემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ბ. დ-ი (მოპასუხე) ნ. დ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), მ. ჭ-ე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 2 აგვისტოს ლ. ს-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ., ლ. და ბ. დ-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, შ-ის ქუჩის ¹3-ში მდებარე ¹25 ბინის გამოთხოვა.

2008 წლის 15 თებერვალს ნ. დ-მა თბილისის საქალაქო სასართლოს ლ. ს-ისა და მ. ჭ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა ლ. ს-ესა და მ. ჭ-ეს შორის გაფორმებული ზემომითითებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი ბ. დ-ის მიმართ დაკმაყოფილდა და ბ. დ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, შ-ის ქუჩის ¹3-ში მდებარე ¹25 ბინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. და ლ. დ-ების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, შ-ის ქუჩის ¹3-ში მდებარე ¹25 ბინა, ნ. დ-ის შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. და ლ. დ-ებმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც ნ. დ-ი საკვებით მოიწამლა, ხოლო ლ. დ-ი, რომელიც პროფესიით ექიმია, სასწრაფო გადასხმებს უკეთებდა.

2009 წლის 3 მარტს ბ. დ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ. და ლ. დ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 2009 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ლ. და ნ. დ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ნ., ლ. და ბ. დ-ების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2009 წლის 23 აპრილის განჩინება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1. ლ. ს-ე თბილისში, შ-ის ქ. ¹3-ში მდებარე ¹25 სადავო ბინის მესაკუთრე იყო;

2. მოპასუხე ბ. დ-ი ფაქტობრივად ცხოვრობდა ხსენებულ ფართში;

3. ბ. დ-ს არ წარუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება დასტურად იმისა, რომ მას ამ ბინის ფლობის უფლება გააჩნდა;

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ ნ. და ლ. დ-ები, რომელთაგან ერთ-ერთი _ ნ. დ-ი, თავის მხრივ, ლ. ს-ისა და მ. ჭ-ის მიმართ აღძრული შეგებებული სარჩელის მოსარჩელე იყო. მათთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით, თუმცა არ გამოცხადებულან სხდომაზე და არც მათი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე ბ. დ-მა ზეპირსიტყვიერად განაცხადა, რომ გამოუცხადებელი პირები იყვნენ ავად, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, ვინაიდან არ იყო მითითებული თუ რაში გამოიხატებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. მისი მოთხოვნა არ იყო დამყარებული კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე და გამაგრებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს გამოუცხადებელ მხარეს. ლ. და ნ. დ-ებს ამგვარი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ არც პროცესის დაწყებამდე, არც მის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ნ., ლ. და ბ. დ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორების მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც მოპასუხეებს არ გაგზავნიათ ლ. ს-ის დაზუსტებული სარჩელი და მათთვის უცნობი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ამისა, 2009 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომას მხოლოდ ნ. და ბ. დ-ები ესწრებოდნენ, ლ. დ-ს კი სასამართლო უწყება არ გაგზავნია. პროცესზე დადგენილი წესით არც ნ. და ბ. დ-ები ყოფილან მიწვეულები, რადგანაც მათ მხოლოდ ხელწერილზე მოაწერეს ხელი, საპროცესო კანონმდებლობით კი, მხარეთა ინფორმირების ერთადერთი ფორმა უწყებაა, ასევე, თავად ხელწერილიც ხარვეზიანია, რადგანაც მასზე არ არის აღნიშნული საქმის ნომერი, სხდომათა დარბაზი და სხვა სავალდებულო რეკვიზიტები. სასამართლო სხდომის ოქმში არაა დაფიქსირებული, რომ მხარეები გაფრთხილებული არიან სასამართლო პროცესის შესახებ, ასევე ოქმი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, არ არის განმარტებული მხარეთა უფლება-მოვალეობანი, რაც ნიშნავს, რომ სხდომის ოქმი საქმეში არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა კასატორი ლ. დ-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა ლ. დ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ნ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლის აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2009 წლის 27 თებერვლს მოპასუხე ბ. დ-ის მიმართ არსებითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ნ. და ლ. დ-ების მიმართ – დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეებმა ბ. დ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება და საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და 2009 წლის 23 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. კასატორები სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებას სრულად ასაჩივრებენ, მაგრამ საკასაციო საჩივრის მთელი დასაბუთება ეთმობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონობას, რაც შეეხება ბ. დ-ის მიმართ მიღებული არსებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული მისი გაუქმების რაიმე საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ ის შესაძლო სამართლებრივი უსწორობები, რომელსაც კასატორი მიუთითებს. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწვეტილების ან განჩინების გაუქმების ამა თუ იმ საფუძვლის არსებობაზე. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კასატორები არ ასაბუთებენ ბ. დ-ის მიმართ მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებას დასაბუთებულია, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს.

რაც შეეხება ნ. დ-ის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

როგორც საქმიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ შეგებებული სარჩელის ავტორი ნ. დ-ი და მოპასუხე ლ. დ-ი. სასამართლომ გამოუცხადებელი პირების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, შესაბამისი შედეგებით.

კასატორების მითითებით, მოცემულ საქმეზე არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, კერძოდ, მათი მტკიცებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოეტანა, რადგანაც ლ. დ-ს სასამართლო უწყება არ გაგზავნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუნდაც მოპასუხე ლ. დ-ი არ ყოფილიყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე სათანადო წესით, აღნიშნული გარემოება მხოლოდ მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობაზე მიუთითებს და ნ. დ-ის გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელზე ლ. დ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, საკასაციო პალატა მხოლოდ ნ. დ-ის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების კანონიერებაზე მსჯელობს.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიეღო, რადგანაც პროცესის შესახებ არც ნ. და ბ. დ-ები იყვნენ სათანადო წესით ინფორმირებულნი. მართალია, მათ ხელი მოაწერეს ხელწერილს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, მაგრამ უწყების ჩაბარება მაინც სავალდებულო იყო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომას ნ. და ბ. დ-ები ესწრებოდნენ. მოცემულ სხდომაზე ნ. და ბ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა გადაიდო 2009 წლის 27 თებერვალს 15:30 საათზე. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო უწყება (ხელწერილი), რომლითაც დასტურდება, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ განსახილველი საქმის, მომდევნო სასამართლო სხდომის ჩატარების დროის (27 თებერვალი 15:30 საათი), აგრეთვე სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. ხელწერილი ხელმოწერილია ორივე კასატორის მიერ (ტ. II ს.ფ. 299). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად ირკვევა, რომ სხდომის გადადების შემთხვევაში სასამართლოს უწყების გაგზავნა მხოლოდ სხდომაზე გამოუცხადებელი ან საქმის განხილვაში ახლადჩაბმული პირებისთვის ევალება. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც საქმის განხილვას ესწრებიან, მათთვის იმავე სხდომაზე საქმის განხილვის ახალი თარიღის და დროის შეტყობინება საკმარისია, დამატებით უწყების გაგზავნას კი, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

კასატორების მტკიცებით, საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი ხარვეზიანია, კერძოდ, მასში არ არის მითითებული მხარეთა უფლება-მოვალეობანი, რაც სხდომის ოქმის არარსებობას უთანაბრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სასამართლო პრაქტიკა სასამართლო სხდომის ოქმის გაუმართავობას მის არარსებობას არ უთანაბრებს. თუ სხდომის ოქმი არასრულია ან არასწორ მონაცემებს შეიცავს, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მასზე შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა. რაც შეეხება სხდომის ოქმის არარსებობას, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იმ მიზეზითაა, რომ ირღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი თითოეულ საპროცესო მოქმედებაზე ოქმის შედგენის სავალდებულობის შესახებ, გარდა ამისა, სხდომის ოქმის გაცნობის გარეშე შეუძლებელია ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცულობის შემოწმება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2009 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმში თუნდაც არ იყოს ასახული მხარის ამა თუ იმ უფლების შესახებ სასამართლოს განმარტება, აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, კასატორი რომელი უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციას მიიჩნევს გამოტოვებულად, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმში ასახულია სასამართლოს გაფრთხილება წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების სავალდებულობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მხარის მიერ სხდომის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ გაფრთხილება, მოსამართლისა და სხდომის მდივნის აცილების უფლების შესახებ მოსამართლის განმარტება, საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით განცხადების ან შუამდგომლობის დაყენების უფლება და ა.შ.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. და ლ. დ-ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის წარდგენისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით მოითხოვეს, რომ მათი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული. მათ სიტყვიერად აღნიშნეს, რომ სხდომის დღეს ნ. დ-ი საკვებით მოიწამლა, ხოლო პროფესიით ექიმმა ლ. დ-მა გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა. იმავე გარემოებებზეა საუბარი სააპელაციო საჩივარშიც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა აღნიშნული მტკიცება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მართებულად არ მიიჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურეს, რაც სწორად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.