Facebook Twitter

ას-441-416-2011 27 სექტემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი_ ლ. სანიკიძე

კასატორი _ გ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და დედისათვის აღსაზრდელად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მისთვის აღსაზრდელად გადაცემა შემდეგი დასაბუთებით: 1999 წლის 1 ნოემბრიდან მოსარჩელე მ. ა-ი და მოპასუხე გ. ნ-ი იმყოფებიან ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 1999 წლის 30 ივლისს დაბადებული ც. ნ-ი, 2003 წლის 25 აპრილს დაბადებული ქ. ნ-ი და 2005 წლის 17 აგვისტოს დაბადებული დ. ნ-ი. მეუღლეებს რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვთ ცოლ ქმრული ურთიერთობა. 2009 წლის ივლისში მ. ა-მა დატოვა მეუღლის ოჯახი და დ. ნ-თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის ძმასა და დედასთან, თელავის რაიონის სოფ. ...ში, სადაც ცხოვრობს ამჟამადაც, ხოლო ც. და ქ. ნ-ები იმყოფებიან ბებიასა და მამასთან – თელავის რაიონის სოფ. ნ-ში. თანაცხოვრების პერიოდში იგი ხშირად გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, როგორც მეუღლის, ისე დედამთილის მხრიდან, რომლებიც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ოთახში ჩაკეტვის გზით უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილების, საკუთარ შვილებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვის საშუალებას. რამდენჯერმე გამოაგდეს სახლიდან, შვილები კი სახლში დაიტოვეს და არ აძლევენ მათთან ურთიერთობის საშუალებას, ბავშვებს განაწყობდნენ მის წინააღმდეგ და უნერგავდნენ დედის სიძულვილს. გ. ნ-ი თითქმის 2 წელიწადია წასულია თბილისში, სადაც მას ჰყავს არარეგისტრირებული მეუღლე და იშვიათად ჩამოდის დედის ოჯახში. მათი ოჯახური თანაცხოვრება დიდი ხანია შეწყვეტილია, რის გამოც სასამართლომ შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე უნდა მოახდინოს მათი განქორწინება, ხოლო ც. და ქ. ნ-ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი, სოფელ ...ში მდებარე ძმის ნ. ა-ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თანახმაა, რომ მისმა დამ თავის სამ შვილთან ერთად იცხოვროს მის სახლში, სადაც ყველა პირობა არსებობს ბავშვების ნორმალურად ცხოვრებისა და აღზრდისათვის. ბავშვები დედასთან იცხოვრებენ მშვიდ გარემოში, არ იქნებიან მუდმივი სტრესის ქვეშ და არ გაიზრდებიან სიძულვილით.

მოპასუხე გ. ნ-მა განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო და განმარტა, თანახმაა, ყოველგვარი დავისა და პროცედურების გარეშე მას და მოსარჩელეს შორის არსებული ქორწინება შეწყდეს, ხოლო სარჩელის მოთხოვნა მათი შვილების _ მცირეწლოვანი ც. და ქ. ნ-ების საცხოვრებელ ადგილად დედის – მ.ა-ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვების აღსაზრდელად მოსარჩელისათვის გადაცემის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მოსარჩელე გ. ნ-თან თანაცხოვრებისას არაერთგზის გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, თანაცხოვრების პერიოდში არასოდეს ჩაუკეტავთ ოთახში, არ მიუყენებიათ ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფა, არ უზღუდავდნენ თავისუფლებას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა მ.ა-სა და გ. ნ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მ.ა-ის ძმის, ნ. ა-ის, საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...ში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე მ. ა-ი და მოპასუხე გ. ნ-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1999 წლის 1 ნოემბერს. ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი: 1999 წლის 30 ივლისს დაბადებული ც. ნ-ი, 2003 წლის 25 აპრილს დაბადებული ქ. ნ-ი და 2005 წლის 17 აგვისტოს დაბადებული დ. ნ-ი. რამდენიმე წელია მეუღლეებს შეწყვეტილი აქვთ ცოლ ქმრული ურთიერთობა. 2009 წლის ივლისში მ. ა-მა დატოვა მეუღლის ოჯახი და დ. ნ-თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის ძმასა და დედასთან, თელავის რაიონის სოფელ ...ში, სადაც ცხოვრობს ამჟამადაც, ხოლო ც. და ქ. ნ-ები იმყოფებიან ბებიასთან და მამასთან თელავის რაიონის სოფელ ნ-ში. სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოციალური მუშაკის ნ. ფ-ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის, მდებარე თელავის რაიონის სოფ. ...ში, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მ.ს თანადგომას უცხადებენ მისი დედა და და-ძმები. სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოციალური მუშაკის ნ.ფ-ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...ში, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ – ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახში შექმნილია ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის ნორმალური პირობები. მ. ა-ი მუშაობს თელავში არსებულ ინტერნეტ კაფეში დამლაგებლად რაშიც უხდიან 100 ლარს. მ. ა-ის ძმა ნ. ა-ი დასაოჯახებელია. მუშაობს სოფელ ...ის ... სახლ-მუზეუმში დაცვის თანამშრომლად, რომლის ხელფასია 200 ლარი. იგი თანახმაა, იცხოვროს დასთან, მ. ა-თან და მის შვილებთან ერთად. მ.ს თანადგომას უცხადებენ მისი დედა და და-ძმები.

საპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლები და დაასკვნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოციალური სამსახურის დასკვნის, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელე ხასიათდება დადებითად, მას გააჩნია ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის ნორმალური პირობები. სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, საჭიროა ქ. და ც. ნ-ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვები აღსაზრდელად გადაეცეს მას. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შვილების მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა იმაში, რომ ბავშვების აღზრდისათვის დედასთან არაკეთილსაიმედო პირობებია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეასრულებს მშობლის უფლება-მოვალეობებს. საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვების ნეგატიური განწყობა დედისადმი შესაძლებელია განპირობებული იყოს ზემოქმედების შედეგად. ასევე აღსანიშნავია, რომ ც. ნ-ი და ქ. ნ-ი არ არიან მიღწეული ისეთ ასაკს, რომ მათმა სურვილმა, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს გააჩნიათ ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობები, მაგრამ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი ყურადღება მისი აღზრდის მორალურ მხარეს უნდა მიექცეს, რაშიც მთავარი როლი დედას აკისრია. პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შვილებთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც ხელს შეუშლის მის ნორმალურ აღზრდას ან მავნე გავლენას მოახდენს მათზე და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეასრულებს მშობლის უფლება-მოვალეობებს. საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვების ნეგატიური განწყობა დედისადმი შესაძლებელია განპირობებული იყოს ზემოქმედების შედეგად, ასევე აღსანიშნავია, რომ ც. ნ-ი და ქ. ნ-ი არ არიან მიღწეული ისეთ ასაკს, რომ მათმა სურვილმა, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს გააჩნიათ ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობები, მაგრამ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი ყურადღება მისი აღზრდის მორალურ მხარეს უნდა მიექცეს, რაშიც მთავარი როლი დედას აკისრია. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შვილებთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც ხელს შეუშლის მის ნორმალურ აღზრდას ან მავნე გავლენას მოახდენს მათზე. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ არასრულწლოვან ბავშვებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოაკლდეთ დედობრივი მზრუნველობა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს ბავშვების განწყობაზე და ხელს შეუწყობს დედა-შვილს შორის გულთბილი ურთიერთობის აღდგენას. სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა და დედის მიერ შვილების აღზრდა შეესაბამება შვილის ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ ჩათვალა, რომ არასრულწლოვან ბავშვებს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოაკლდეს დედობრივი მზრუნველობა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უარყოფითად არ იმოქმედებს ბავშვების განწყობაზე და ხელს შეუწყობს დედა-შვილს შორის გულთბილი ურთიერთობის აღდგენას. დავის განხილვა-გადაწყვეტისას ორივე ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, თავად დაევალებინა სოციალური სამსახურისათვის როგორც განათლების მუშაკების, ისე ბავშვთა ფსიქოლოგის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხები და მხოლოდ ასეთი შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, ბავშვის თუ ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, რაც მკვეთრად და გარკვეულადაა დაფიქსირებული სასამართლოს სხდომის ოქმში, მიეღო გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ბავშვებმა თავიანთი დამოკიდებულება საცხოვრებელი ადგილისადმი სააპელაციო სასამართლოში დავის გადაწყვეტისას ცალსახად გამოხატეს. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა და გაიზიარა გარემოება, რომ მ.ა-ი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მის ძმას – ნ. ა-ს გააჩნია საცხოვრებელი სახლი. თელავის რაიონულმა სასამართლომ და ასევე სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავდათ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, დაკითხეს მხარეთა დასწრების გარეშე, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. სოციალური სამსახურის მიერ ორი წლის წინ გაცემული დოკუმენტები არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. სოციალურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს გოგონების დღევანდელი მდგომარეობა და მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყდეს საკითხი მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. ა-ი და გ. ნ-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1999 წლის 1 ნოემბერს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 1999 წლის 30 ივლისს დაბადებული ც. ნ-ი, 2003 წლის 25 აპრილს დაბადებული ქ. ნ-ი და 2005 წლის 17 აგვისტოს დაბადებული დ. ნ-ი. მეუღლეებს ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვეტილი აქვთ. 2009 წლის ივლისში მ. ა-მა დატოვა მეუღლის ოჯახი და დ. ნ-თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის ძმასა და დედასთან, თელავის რაიონის სოფელ ...ში, სადაც ცხოვრობს ამჟამადაც, ხოლო ც. და ქ. ნ-ები ბებიასთან და მამასთან თელავის რაიონის სოფელ ნ-ში ცხოვრობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოციალური მუშაკის ნ. ფ-ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...ში, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახში შექმნილია ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის ნორმალური პირობები. მ.ს თანადგომას უცხადებენ მისი დედა და და-ძმები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების სოციალური მუშაკის ნ.ფ-ის მიერ 2009 წლის 17 აგვისტოს გაცემული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლის, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ...ში, საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ – ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მ. ა-ი მუშაობს თელავში არსებულ ინტერნეტ კაფეში დამლაგებლად, რაშიც უხდიან 100 ლარს. მ. ა-ის ძმა ნ. ა-ი მუშაობს სოფელ ...ის ... სახლ-მუზეუმში დაცვის თანამშრომლად, რომლის ხელფასია 200 ლარი. იგი თანახმაა, იცხოვროს დასთან - მ. ა-თან და მის შვილებთან ერთად. მ.ს თანადგომას უცხადებენ მისი დედა და და-ძმები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს ბავშვების ინტერესების დასაცავად მათ წარმომადგენლად არ დაუნიშნია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში უზრუნველყოფილი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის მონაწილეობა (იხ. რაიონული და სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა და მართებულად განსაზღვრა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი, ვინაიდან არასრულწლოვანთა ცალ-ცალკე, დედის მზრუნველობის გარეშე აღზრდა, მოცემული საქმის მასალების ანალიზით, უარყოფით გავლენას მოახდენს არასრულწლოვანთა ჯანსაღ და ნორმალურ აღზრდაზე, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ რომელიმე მშობლის უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები, არამედ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის მათი მორალური და მატერიალური მდგომარეობის, ინტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული დავა, საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIII თავით დადგენილი წესებით იქნა განხილული და ორივე ინსტანციის სასამართლომ უშუალოდ, სასამართლო სხდომაზე მოსმენით გამოარკვია არასრულწლოვან ც. და ქ. ნ-ების მოსაზრება დედასთან ურთიერთობის და მასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომაც დაწვრილებით გამოიკვლია მხარეთა განმარტებები ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უპირატესობის თაობაზე.

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. სწორედ აღნიშნული ღირებულებების შეფასებით და ბავშვის ინტერესების შესაბამისად სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლებისათვის შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხები. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა.

ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ბავშვის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული, თუკი მის ინტერესებს არ შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანების ქ. და ც. ნ-ების მამისადმი მიჩვევა და მათ მიერ დედის საწინააღმდეგოდ დასახელებული გარემოებების (ფიზიკური ძალადობის, დედის უარყოფითი ხასიათის) თვით მოდავე მხარეთა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებებთან (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმები) ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ასკვნის: ბავშვების მიჩვევა ერთი მშობლისადმი, მამისადმი, ამ უკანასკნელის მიერ მშობლიური მოვალეობებისადმი გონივრული მიდგომის შედეგი არ არის და იგი გამოწვეულია სურვილით, მოიპოვოს ბავშვის კეთილგანწყობა ყოველგვარი, თუნდაც არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების ფასად. სასამართლოს ეს მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანებს სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებში მამის ოჯახში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით ასაკთან შეუსაბამო დასკვნები გამოაქვთ, რაც მათზე არაჯანსაღი ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად არის გამოწვეული. ამავე მიზეზითაა განპირობებული გოგონების მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, რაც უდავოდ ხელს შეუშლის ბავშვების ფსიქოსოციალურ განვითარებას.

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინაამღდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა მორალურ და არა მატერიალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის _ მ. ა-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს, რადგან დედას ბავშვების აღზრდისათვის სათანადო პირობები აქვს.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ც. და ქ. ნ-ები ძმისგან _ დ. ნ-ისგან განცალკევებით იზრდებიან, რაც მიზანშეუწონელია. არასრულწლოვანი და-ძმის დაცილება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს აუცილებლობითაა გამოწვეული და მშობელს, რომელთანაც ბავშვი იზრდება, არ აქვს შესაძლებლობა, შეუქმნას მას აღზრდის ნორმალური პირობები. მოცემულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებით დადასტურებულია, რომ დედას აქვს ბავშვების აღზრდისათვის საიმედო პირობები. ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნული არ გამორიცხავს შვილების აღზრდაში მამის აქტიური მონაწილეობის უფლებას და ამავდროულად ვალდებულებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.