ას-471-445-2011 26 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ბ. პ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ ასოციაცია “ქ. წყლები”, შპს “ა. ბ. კომპანი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – კომბინირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მისი გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების განადგურება, სასაქონლო ნიშნის რეგიტრაციის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რეგისტრირებულმა კავშირმა “ქ. წყლები” თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “ბ. პ-ისა” და ინტელექტუალური საკუთრების ერვნულ ცენტრ “საქპატენტის” წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სიტყვა “ბ.ს” გამოყენების აკრძალვა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ნებისმიერ ბრუნვაში, ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა, რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი, კერძოდ:
1. მოპასუხისათვის დაცული ნიშნის საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანების აკრძალვა;
2. ასეთი საქონლის შეთავაზების, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ან საწყობში ამ მიზნით შენახვის, იმპორტის ან ექსპორტის, აკრძალვა;
3. დაცული ნიშნით მომსახურების შეთავაზების ან გაწევის აკრძალვა;
4. დაცული ნიშნის რეკლამისთვის ან საქმიან ქაღალდზე გამოყენების აკრძალვა;
5. დაცული ნიშნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების, ეტიკეტების, შესაფუთი მასალის, სარეკლამო განცხადებების და ნიშანდებული საქონლის, აგრეთვე დაცული ნიშნის დამზადებისათვის საჭირო კლიშეებისა და მატრიცების განადგურება;
6. მოპასუხის სახელზე 2002 წლის ნოემბერში “საქპატენტში” ¹... ნომრით რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა;
7. მოპასუხისათვის დაცული ნიშნის უკანონო გამოყენებისათვის 500 000 ლარის დაკისრება;
8. მოპასუხისათვის დაცული ნიშნის გამოყენებით მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 ლარის გადახდის დაკისრება (საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის).
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის კომბინირებულ სასაქონლო ნიშანზე არასტანდარტული შრიფტით შესრულებული წარწერა _ “ზ-ის” ქვემოთ განთავსებულია წარწერა _ “ხეობიდან”, აღნიშნული წარწერის ქვემოთ კი განთავსებულია რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნა _ “ბ.”. მოპასუხის კომბინირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსებას მოსარჩელის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან განაპირობებს სიტყვიერი აღნიშვნა _ “ბ.”, ასევე ეტიკეტის წითელ და ცისფერ ფერებში გადაწყვეტის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “აიდიეს ბ. კომპანის” და რეგისტრირებული კავშირი “ქ. წყლების” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ბ.-პ-ს” აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნის “Б” გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდეს ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ასოციაცია “ქ. წყლებისა” და შპს “აიდიეს ბ. კომპანის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ასოციაცია “ქ. წყლებისა” და შპს “აიდიეს ბ. კომპანის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ბ.-პ-ს” აეკრძალა კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა (რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი), სიტყვა “ბ.ს” გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე მისით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდა ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები, შპს “ბ.-პ-ს” დაეკისრა ასოციაცია “ქ. წყლებისა” და შპს “აიდიეს ბ. კომპანის” სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის ნოემბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტში” ... ნომრით შპს “ბ.-პ-ის” სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს დასახელებას “ბ.” ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო მის შემადგენელ ფერებს წარმოადგენს წითელი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი, ყავისფერ, თეთრი, შავი და ოქროსფერი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრ “საქპატენტში” რეგისტრირებულია 1998 წლის 1 ივლისს ნომრით ... და ..., როგორც კოლექტიური სასაქონლო ნიშანი, რომლის მფლობელებს წარმოადგენენ: 1) რეგისტრირებული კავშირი “ქ. წყლები”, 2) სს “ბ.ნწყლები”, 3) “ბ.ს” ¹1 ჩამომსხმელი ქარხანა, 4) “ბ.ს” ¹4 ჩამომსხმელი ქარხანა;
შპს “ჯორჯიან ... კომპანის” მიღებული აქვს წიაღით სარგებლობის ლიცენზია ბ.ს მინერალური წყლის საბადოზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული “სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-72 მუხლის საფუძველზე;
სასაქონლო ნიშანი, რომელზეც გამოსახულია წითელი და ცისფერი ფერების კომბინაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრ “საქპატენტში” რეგისტრირებულია 2002 წლის ნოემბერში ნომრით ..., როგორც სასაქონლო ნიშანი, რომლის მფლობელს წარმოადგენს შპს “ბ. პ-ი”;
შპს “ბ. პ-ს” მიღებული აქვს წიაღით სარგებლობის ლიცენზია ზ-ის მინერალური წყლის საბადოზე 1999 წლის 17 დეკემბრიდან. ზ-ის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს ბ.ს რაიონის სოფელ ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცნობილია, როგორც ზ-ის საბადო, რომელზეც წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიაზე 2003 წლის 29 იანვარს დამტკიცდა მინერალური წყლის სამრეწველო მარაგები 25 წლის ვადით;
სს “ბ.მინერალწყლებსა” და შპს “ბ. პრიდაქტს” შორის 2002 წლის 7 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია მინერალური წყლის _ “ბ.ს” მიწოდება. ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ბ. პ-მა” იკისრა ვალდებულება, მინერალური წლის _ “ბ.ს” ჩამოსხმისას და რეალიზაციისას გამოყენებული სასაქონლო ნიშანი შეეთანხმებინა სს “ბ.მინერალწყლებთან”. შეთანხმებით განისაზღვრა ამ უკანასკნელის უფლებამოსილება, უარი ეთქვა შპს “ბ. პ-ისათვის” კონკრეტული სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, თუ მისთვის არ იქნებოდა დამახასიათებელი “ბ.ს” დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტები (ტომი I, ს.ფ. 162-169);
შპს “ბ. პ-ი” ახორციელებს მინერალური წყალ “ზ-ის” რეალიზაციას, რომლის კომბინირებული სასაქონლო ნიშნები ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: წითელ და ცისფერ ფონზე მართკუთხედში ჩასმული წყლის შხეფების გამოსახულება, რომელიც გადაწყვეტილია ცისფერ და თეთრ ფერებში (სადავო სასაქონლო ნიშანი უცვლელი დარჩა). აღნიშნული მართკუთხედის ქვეშ რუსული მსხვილი ასომთავრული შრიფტით შესრულებულია წარწერა "З-И", ხოლო ამ წარწერის გასწვრივ, ეტიკეტის მეორე ნაწილში ასევე მსხვილი ასომთავრული შრიფტით ლათინური ასოებით აღნიშნულია "ძ-I". ამ წარწერების ქვემოთ შესაბამისად რუსულად და ინგლისურად, არაასომთავრული, თუმცა დიდი შრიფტით წერია: "из Б. ущелья" და "F B." (ტომი I, ს.ფ. 242, 365);
2002 წლის ნოემბერში შპს “ბ. პ-ის” სახელზე დარეგისტრირებული ¹... სასაქონლო ნიშანი ხასიათდება ფერთა ისეთი შემადგენლობითა და გამოსახულებით, რომელიც მსგავსია მოსარჩელეთა სახელზე 1998 წლის 1 ივლისს ნომრით ... დარეგისტრირებული კოლექტიური სასაქონლო ნიშნისა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ დასკვნას ადასტურებს საქმეში არსებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რასაც სააპელაციო პალატა დაეყრდნო ფაქტის შეფასებისას სუბიექტივიზმის გამორიცხვის მიზნით. დასკვნის შესაბამისად 1000 გამოკითხულიდან 52%-მა უპასუხა, რომ შპს “ბ. პ-ის” მინერალური წყლის _ ზ-ის ეტიკეტი (რომელზეც წითელი და ცისფერი ფერების ფონზე მსხვილი ასომთავრული შრიფტით შესრულებულია წარწერა "З-И", ხოლო ამ წარწერის გასწვრივ, ეტიკეტის მეორე ნაწილში ასევე მსხვილი ასომთავრული შრიფტით ლათინური ასოებით აღნიშნულია "ძ-I", ამ წარწერების ქვემოთ შესაბამისად რუსულად და ინგლისურად, არაასომთავრული, თუმცა დიდი შრიფტით წერია: "из Б. ущелья" და "F B.") ასოცირდება ბ.ს ერთ-ერთ სახეობასთან, ხოლო 31%-ის აზრით ეტიკეტი ქმნის ყალბი “ბ.ს” შთაბეჭდილებას. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ეტიკეტის ასოცირება “ბ.ს” მინერალურ წყალთან, გამოკითხულთა 31,5%-მა მიუთითა ეტიკეტის ფერებზე, 71,1%-მა კი ასოცირების საფუძვლად დაასახელა ეტიკეტის ზოგადი მახასიათებლები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის) მოსარჩელეთა კოლექტიური სასაქონლო ნიშანთან მსგავსებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ შპს “ბ. პ-ის” მიერ მისი გამოყენება ხდებოდა მინერალური წყალი “ბ.ს” ჩამოსხმა-რეალიზაციისას საამისო უფლების მიღების საფუძველზე წარმოშობილი სპეციალური ვალდებულების გამო _ “ბ.ს” რეალიზაციისას გამოყენებული სასაქონლო ნიშანი ყოფილიყო გამოსახული ამ მინერალური წყლის მიმწოდებლის მიერ მისთვის დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დამახასიათებელი ელემენტებით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “ბ. პ-ის” სახელზე 2002 წლის ნოემბერში დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი ნომრით ..., რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ფონს წითელი და ცისფერი ფერების კომბინაციით, იწვევს ამ ნიშნით გავრცელებული პროდუქციის _ მინერალური წყალი “ზ-ის” აღრევას იგივე სახეობის პროდუქციასთან _ მინერალურ წყალ “ბ.თან”, მიუხედავად ეტიკეტზე არსებული დასახელებისა “ზ-ი”.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პროდუქციის დასახელებად უნდა განისაზღვროს ეტიკეტზე თვალსაჩინოდ და გამოკვეთილად შესრულებული სრული ფრაზა _ “ზ-ი ბ.ს ხეობიდან”. კანონით გათვალისწინებულია პროდუქციის დასახელებაზე მისი მფლობელის უფლებების დაცვა ამ დასახელების სასაქონლო ნიშნის სახით რეგისტრაციის გზით, თუმცა არა ყოველგვარი დასახელება შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც კანონით დაცული ობიექტი. პროდუქციის დასახელების ისეთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მისი სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობისა თუ სხვა მახასიათებლის ამსახველია, ანუ წარმოადგენს ზოგად აღნიშვნას, რომელიც არ შეიძლება, შეფასებულ იქნეს როგორც საკუთარი სახელი, არ წარმოადგენს დასახელების შემადგენლობის დაცულ ნაწილს მისი სასაქონლო ნიშნის სახით რეგისტრაციის შემთხვევაშიც. იმ პირობებში, როცა პროდუქციის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით მისი დასახელების აღსანიშნავად არსებითია ისეთი ზოგადი მახასიათებლის აღნიშვნა, როგორიცაა გეოგრაფიულ ადგილზე მითითება, კანონი ითვალისწინებს დასახელებაზე სახელის უფლებასთან დაკავშირებული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას მის “კოლექტიურ სასაქონლო ნიშნად” ან ადგილწარმოშობის დასახელებად “საქპატენტში” რეგისტრაციის გზით, რაც უნდა იქნეს შეფასებული, როგორც დაცული დასახელების ზოგადი ხასიათის აღნიშვნად გამოყენების დაუშვებლობის წინაპირობა. კერძოდ, იგულისხმება ასეთი აღნიშვნის გამოყენება პროდუქციის სახელწოდებისათვის. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელეთა კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გზით დაცული დასახელება “ბ.” გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი პროდუქციის _ მინერალური წლის დასახელების შემადგენელ ნაწილად. ასეთი გამოყენება კი განხორციელდა იმგვარად, რომ საამისოდ უფლებამოსილ ორგანოს _ “საქპატენტს” არ უმსჯელია მისი დაშვების მართლზომიერებაზე პროდუქციის მახასიათებლებისა თუ რეგისტრაციით უკვე დაცული ობიექტების შეფასების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ თავისი პროდუქციის დასახელების შემადგენლობაში აღნიშვნა “ბ.ს” გამოყენება არ განხორციელებულა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, მოპასუხეს არ ჰქონია სადავო აღნიშვნის გამოყენების მართზომიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ადგილი აქვს მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა სამართლებრივი სიკეთის _ კანონით დაცული კოლექტიური სასაქონლო ნიშნის არამართლზომიერ გამოყენებას. დაცული ობიექტის ასეთი გამოყენებით მიღებული სარგებელი უნდა იქნეს განხილულ, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული სარგებელი, რისი გადახდის ვალდებულებაც დარღვეული უფლების მქონე პირისათვის უფლების ხელმყოფ პირს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების სახით. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 984.2 მუხლისა. იგივე კოდექსის 985-ე მუხლით, თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება, მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია, მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს. ხელმყოფმა უნდა წარადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან სხვისი ქონების გამოყენებით. სასაქონლო ნიშნის არამართლზომიერად გამოყენებიდან პირდაპირ გამომდინარეობს ამ ქმედების კომერციული მიზნები და შესაბამისად, მისი განხორციელებით შემოსავლის მიღების ფაქტი. სადავოდ არ ყოფილა გამხდარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადავო სასაქონლო ნიშნებით მოპასუხის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული გარემოება. სააპელაციო სასამართლოს პოზიციით, არ არსებობდა დასახელებული პერიოდისა და უსაფუძვლო შემოსავლის მიღების ფაქტზე, კერძოდ, კონკრეტული ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე მსჯელობის საჭიროება, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა სიმბოლურ თანხამდე _ 1 ლარამდე.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გიგა კვერენჩხილაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მტკიცებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე დარეგისტრირებული კოლექტიური სასაქონლო ნიშნის ვიზუალური ეფექტი იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია მოხდეს მათი ერთმანეთში აღრევა. ამასთან, “ბ.” წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ე.წ. დაუცველ ნაწილს, იგი რეგისტრირებულია როგორც “კოლექტიური ნიშანი”. აპელანტის განმარტებით, “ბ.ს ხეობაა” სწორედ ის ადგილი, სადაც მოიპოვება ზ-ის წყალი. შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებულია ზ-ის გეოგრაფიული წარმოშობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “ბ. პ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს დასახელებას “ბ.” ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო მის შემადგენელ ფერებს წარმოადგენს წითელი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი, ყავისფერ, თეთრი, შავი და ოქროსფერი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრ “საქპატენტში” რეგისტრირებულია 1998 წლის 1 ივლისს ნომრით ... და ..., როგორც კოლექტიური სასაქონლო ნიშანი, რომლის მფლობელებს წარმოადგენენ: 1) რეგისტრირებული კავშირი “ქ. წყლები”, 2) სს “ბ.ნწყლები”, 3) “ბ.ს” ¹1 ჩამომსხმელი ქარხანა, 4) “ბ.ს” ¹4 ჩამომსხმელი ქარხანა;
შპს “ჯორჯიან ... კომპანის” მიღებული აქვს წიაღით სარგებლობის ლიცენზია ბ.ს მინერალური წყლის საბადოზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული “სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-72 მუხლის საფუძველზე;
სასაქონლო ნიშანი, რომელზეც გამოსახულია წითელი და ცისფერი ფერების კომბინაცია, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრ “საქპატენტში” რეგისტრირებულია 2002 წლის ნოემბერში ნომრით ..., როგორც სასაქონლო ნიშანი, რომლის მფლობელს წარმოადგენს შპს “ბ. პ-ი”;
შპს “ბ. პ-ს” მიღებული აქვს წიაღით სარგებლობის ლიცენზია ზ-ის მინერალური წყლის საბადოზე 1999 წლის 17 დეკემბრიდან. ზ-ის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს ბ.ს რაიონის სოფელ ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცნობილია, როგორც ზ-ის საბადო, რომელზეც წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიაზე 2003 წლის 29 იანვარს დამტკიცდა მინერალური წყლის სამრეწველო მარაგები 25 წლის ვადით;
სს “ბ.მინერალწყლებსა” და შპს “ბ. პრიდაქტს” შორის 2002 წლის 7 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია მინერალური წყლის _ “ბ.ს” მიწოდება. ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ბ. პ-მა” იკისრა ვალდებულება, მინერალური წლის _ “ბ.ს” ჩამოსხმისას და რეალიზაციისას გამოყენებული სასაქონლო ნიშანი შეეთანხმებინა სს “ბ.მინერალწყლებთან”. შეთანხმებით განისაზღვრა ამ უკანასკნელის უფლებამოსილება, უარი ეთქვა შპს “ბ. პ-ისათვის” კონკრეტული სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, თუ მისთვის არ იქნებოდა დამახასიათებელი “ბ.ს” დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტები (ტომი I, ს.ფ. 162-169);
შპს “ბ. პ-ი” ახორციელებს მინერალური წყალ “ზ-ის” რეალიზაციას, რომლის კომბინირებული სასაქონლო ნიშნები ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: წითელ და ცისფერ ფონზე მართკუთხედში ჩასმული წყლის შხეფების გამოსახულება, რომელიც გადაწყვეტილია ცისფერ და თეთრ ფერებში (სადავო სასაქონლო ნიშანი უცვლელი დარჩა). აღნიშნული მართკუთხედის ქვეშ რუსული მსხვილი ასომთავრული შრიფტით შესრულებულია წარწერა "З-И", ხოლო ამ წარწერის გასწვრივ, ეტიკეტის მეორე ნაწილში ასევე მსხვილი ასომთავრული შრიფტით ლათინური ასოებით აღნიშნულია "ძ-I". ამ წარწერების ქვემოთ შესაბამისად რუსულად და ინგლისურად, არაასომთავრული, თუმცა დიდი შრიფტით წერია: "из Б. ущелья" და "F B." (ტომი I, ს.ფ. 242, 365);
2002 წლის ნოემბერში შპს “ბ. პ-ის” სახელზე დარეგისტრირებული ¹... სასაქონლო ნიშანი ხასიათდება ფერთა ისეთი შემადგენლობითა და გამოსახულებით, რომელიც მსგავსია მოსარჩელეთა სახელზე 1998 წლის 1 ივლისს ნომრით ... დარეგისტრირებული კოლექტიური სასაქონლო ნიშნისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა აღნიშნული მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით. საკასაციო პალატამ შეამოწმა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება გაზიარებულ უნდა იქნეს.
“სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კოლექტიური ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლით შეიძლება იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნად და რომელიც განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირი ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კოლექტიური სასაქონლო ნიშანი ისევეა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, როგორც ნებისმიერი სხვა სასაქონლო ნიშანი, შესაბამისად, ანალოგიურია მისი დაცვის ფარგლებიც.
“სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მტკიცებით, შპს “ბ. პ-ის” სასაქონლო ნიშანი მათ კოლექტიურ სასაქონლო ნიშანთან იყო მიმსგავსებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი რა ხარისხითაა მიმსგავსებული კოლექტიურ სასაქონლო ნიშანთან, ამასთან, აქვს თუ არა მოპასუხეს გეოგრაფიული სახელის გამოყენების მართლზომიერი უფლება და ამგვარი გამოყენება ხომ არ ლახავს კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპებს.
პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს ეტიკეტების მიმსგავსების საკითხზე.
“სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
სასაქონლო ნიშნის ძირითადი დანიშნულება პროდუქციის იდენტიფიცირება და ერთი მწარმეობლის მეორესაგან განსხვავებაა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ერთი მწარმებლის მიერ თავისი სასაქონლი ნიშნის მიმსგავსება უკვე ცნობილ ნიშანთან, მომხმარებლის თვალში საკუთარი პროდუქციის ამ მწარმეობელთან დაკავშირების ან იგივე პროდუქციად გასაღების მცდელობაა. იდენტურობისგან განსხვავებით, როდესაც სასაქონლო ნიშნის ყველა მახასიათებელი მეორდება, მიმსგავსების შემთხვევაში უნდა შეფასდეს ის საერთო ეფექტი რასაც კონკრეტული ნიშანი მთლიანობაში ახდენს მომხმარებელზე. საშუალო მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას საერთო შთაბეჭდილებით ხელმძღვანელობს და უმნიშვნელო, არაგამოკვეთილ განმასხვავებელ დეტალებს ყურადღებას არ აქცევს.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება ყოველი დავის გადაწყვეტისას სასამართლოს შესაფასებელია და ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ ვერც ერთ მტკიცებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება. მსგავსება არ არის ობიექტური ერთეული, რომლის განსაზღვრაც სპეციალური ცოდნის გამოყენებით (ექსპერტიზის დასკვნით) იქნებოდა შესაძლებელი.
ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ სოციოლიგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დავის გადაჭრისას, სასამართლოსათვის მხოლოდ დამატებითი არგუმენტის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა იმგვარი მტკიცებულების, რომელზე დაყრდნობითაც იურიდიული ფაქტის დადგენა იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება კონკრეტული სასაქონლო ნიშნების მსგავსებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის ეტიკეტებიდან მხოლოდ ს.ფ. 364-ზე არსებული რუსულენოვანი ეტიკეტია მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან იმგვარად მიმსგავსებული, რომ მათი აღრევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულ ეტიკეტზე გამოყენებული წითელი ფერი, თავისი სიმკვეთრით თითქმის ბ.ს ეტიკეტის ანალოგიურია, თუმცა გადამწყვეტი მაინც ის გარემოებაა, რომ ეტიკეტის წინხედზე მსხვილი, ასომთავრული შრიფტით, მაგრამ მკრთალი საღებავით მითითებულია "З-И", ხოლო მის ქვემოთ "из ущелья Б-И" იმგვარად, რომ სიტყვა “Б-И” ყველაზე მეტადაა გამოკვეთილი. შრიფტი და წარწერის სტილი მიმსგავსებულია ბ.ს ეტიკეტთან, რაც მთლიანობაში, აღნიშნულ ორი პროდუქციის ასოცირების შესაძლებლობას იძლევა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ბ. პ-ის” მიერ თავის ეტიკეტზე სიტყვა “Б-И” –ს ამგვარი მითითება მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს ლახავს, რის გამოც შპს “ბ.-პ-ს” უნდა აეკრძალოს კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნის “Б” გამოყენება.
მოპასუხის დანარჩენ ეტიკეტებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს.ფ. 366-368-ზე განთავსებული ეტიკეტები იმდენად განსხვავდება ბ.ს ეტიკეტისაგან (გამოყენებულია განსხვავებული ფერები, გამოსახულება, ეტიკეტის წინხედზე არ არის მითითებული სიტყვა “ბ.” არც ერთ ენაზე, მხოლოდ “ზ-ია” მითითებული ქართული, რუსული და ლათინური შრიფტით), რომ მათთან დაკავშირებით მსჯელობა არაგონივრულია.
რაც შეეხება ს.ფ. 364-ზე არსებულ რუსულ და ინგლისურენოვან ეტიკეტს, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იგი ბ.ს ეტიკეტთან მიმსგავსებულია.
აღნიშნულ ეტიკეტთან დაკავშირებით, მოსარჩელეები, ძირითადად, იმ გარემოებას ხდიდნენ სადავოდ, რომ მასზე სიტყვა “ბ.” რუსულად და ლათინურად მსხვილი შრიფტითაა გამოსახული. გარდა ამისა, მოპასუხეებს საერთოდ არ ჰქონდათ უფლება სიტყვა “ბ.” თავინათი სასაქონლო ნიშნის ნაწილად გამოეყენებინათ, გარდა მისამართის სახით აღნიშვნისა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ბ. არ არის ადგილწარმოშობის დასახელება, ვინაიდან ასეთად არ არის რეგისტრირებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
აღნიშნულის მიუხედავად, “სასაქონლო ნიშნების” შესახებ კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები და მესამე პირს აქვს ამ დასახელების გამოყენების მართლზომიერი საფუძველი.
ბ., თავისთავად, გეოგრაფიულ სახელს წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს, იწვევს თუ არა მოპასუხეთა მიერ მისი გამოყენება კეთილსინდისიერი კონკურენციის პრინციპების დარღვევას.
“სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ” პარიზის კონვენციის მე-10ბის მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან გაატარონ ეფექტური ზომები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით იკრძალება ყველა ქმედება, რომელიც ნებისმიერი გზით კონკურენტ საწარმოსთან, საქონელთან, ინდუსტრიულ ან კომერციულ საქმიანობასთან აღრევას იწვევს.
ამდენად, ამ შემთხვევაშიც სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ეტიკეტი მიმსგავსებული ბ.ს ეტიკეტთან და მასზე სიტყვა “ბ.ს” გამოყენება იწვევს თუ არა მწარმოებლის ან პროდუქციის აღრევას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული ეტიკეტი, არ არის ბ.ს ეტიკეტთან მიმსგავსებული იმგვარად, რომ მათი აღრევა შესაძლებელი იყოს. ეტიკეტზე გამოყენებული დომინანტი ფერები განსხვავდება ბ.ს ეტიკეტზე არსებულისაგან, კერძოდ, შპს “ბ. პ-ის” ეტიკეტზე გამოყენებულია წითელი და ღია ცისფერი, მოსარჩელეთა ეტიკეტზე – წითელი და მუქი ლურჯი, განსხვავდება თავად ფერთა კომპოზიციაც (ფერების გამოსახვის მიმართულება), ხოლო შპს “ბ. პ-ის” ეტიკეტზე გამოსახულ ოთხკუთხედ ჩარჩოში ჩასმულ წყლის შხეფებს არაფერი აქვს საერთო ბროჯომის ეტიკეტზე არსებული ბ.ს წყაროს გამოსახულებასთან.
რაც შეეხება სიტყვა “ბ.ს” გამოყენებას: შპს “ბ. პ-ის” ეტიკეტის წინხედზე რუსულად და ლათინურად, მსხვილი ასომთავრული შრიფტით მითითებულია “ზ-ი”, ხოლო მის ქვემოთ, ბევრად მცირე შრიფტით, არაასომთავრულად, მაგრამ გამოკვეთილად მიწერილია "из Б. ущелья" და, შესაბამისად, "F B.." წარწერის შრიფტი და სტილი არ არის მიმსგავსებული ბ.ს ეტიკეტთან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ “ზ-ი ბ.ს ხეობიდან” მთლიანად უნდა ჩაითვალოს პროდუქციის დასახელებად. მოცემული ეტკეტიდან ნათლად იკვეთება, რომ პროდუქციის დასახელებაა ზ-ი, ხოლო “ბ.ს ხეობიდან” - მისი მოპოვების ადგილის დაკონკრეტება, იმ ბუნებრივ გარემოზე აქცენტის გაკეთება, რაც აღნიშნული პროდუქციის თვისებებს შეიძლება განაპირობებდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეტიკეტზე ამ სახით შესრულებული წარწერა ბ.თან გაიგივებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მომხმარებლისათვის პროდუქციის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც, ბუნებრივია, მისი პოპულარიზაციის მიზნით ხდება, მაგრამ აღნიშნული, თავისთავად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევად ვერ ჩაითვლება. ის, რომ შეთავაზებული პროდუქტი არის ზ-ი და არა ბ., ეტიკეტიდან ნათლად ჩანს. ხოლო, ის გარემოება, რომ ზ-ი ასევე მოიპოვება ბ.ს ხეობაში, ზ-ის საბადოდან, სადავო არ არის.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გაწევად უკვე განხორციელებული ქმედება შეიძლება ჩაითვალოს. არსებული სახით კი, მოპასუხის ეტიკეტები, გარდა ერთისა, ბ.ს ეტიკეტებთან მიმსგავსებული არ არის, შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ბ. პ-ისათვის” ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე სიტყვა “ბ.ს” გამოყენების აკრძალვის ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან მოცემულ საქმეზე დავის გადაჭრისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ამასთან საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს არ გამოუკვლევია ან არ შეუფასებია, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ბ. პ-ის” სახელზე რეგისტრირებული ¹... სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში ასევე დაუსაბუთებელია. მოცემული სასაქონლო ნიშანი იმავე ელემენტებს შეიცავს, რასაც მოპასუხის რუსულ და ინგლისურენოვანი ეტიკეტი (ფერთა კომბინაცია წითელი და ღია ცისფერი, შხეფების გამოსახულება), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავის მსჯელობას აღარ გაიმეორებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ ვინაიდან ეს სასაქონლო ნიშანი მოსარჩელეთა კომბინირებული სასაქონლი ნიშნის იდენტური ან მსგავსი არაა, მისი რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს. შპს “ბ. პ-ი” მართლაც იყენებდა ეტიკეტს, რომელიც მოსარჩელეთა სასაქონლო ნიშანთან აღრევამდე მიმსგავსებული იყო, რითაც მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ, გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში რაიმე მოსაზრება ამ ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობის შესახებ მოცემული არაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასოციაციამ “ქ. წყლები” და შპს “ა. ბ. კომპანიმ” შპს “ბ. პ-ს” უნდა აუნაზღაურონ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს “ბ. პ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ნებისმიერი ფერისა და სტილის შრიფტით, გარდა წვრილი შრიფტისა (რომელიც მწარმოებლისა და მისი მისამართის აღსანიშნავადაა განკუთვნილი), სიტყვა “ბ.ს” გამოყენება, საქონელზე ან შეფუთვაზე მისი დატანების, აგრეთვე მისით ნიშანდებული საქონლის შეთავაზების, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ან საწყობში ამ მიზნით შენახვის, იმპორტის და ექსპორტის, მომსახურების შეთავაზების ან გაწევის, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენების აკრძალვის, ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებების, ეტიკეტების, შესაფუთი მასალის, სარეკლამო განცხადებების, კლიშეებისა და მატრიცების განადგურების, ასევე “საქპანეტში” რეგისტრირებული ¹... სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
3. ასოციაცია “ქ. წყლების”, შპს “ა. ბ. კომპანის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს “ბ. პ-ს” აეკრძალოს კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ელემენტად რუსული დიდი ასომთავრული შრიფტით შესრულებული სიტყვიერი აღნიშვნის “Б” გამოყენება, მისი დატანა საქონელზე ან შეფუთვაზე, აგრეთვე ამ ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, მომსახურების შეთავაზება ან გაწევა, რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე გამოყენება, განადგურდეს ამ სიტყვიერი აღნიშვნის გამოყენებით შექმნილი გამოსახულებები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, სარეკლამო განცხადებები, კლიშეები და მატრიცები;
5. ასოციაცია “ქ. წყლების”, შპს “ა. ბ. კომპანის” სასარჩელო მოთხოვნა 2002 წლის ნოემბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტში” შპს “ბ.-პ-ის” სახელზე რეგისტრირებული ¹... სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
7. ასოციაციას “ქ. წყლები” და შპს “ა. ბ. კომპანის” დაეკისროთ შპს “ბ. პ-ისათვის” ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.