ას-516-490-2011 15 სექტემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი _ ფ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. რ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. რ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 11 ოქტომბერს ქ. ძ-სა და ფ. ძ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ქ. ძ-ის კუთვნილი ქონებით, მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის ქ. ¹65-ში. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა დავა უნდა გადაწყვეტილიყო არბიტრაჟში ან სასამართლოში მიმართვის გზით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 11 იანვარი, თუმცა ქ. ძ-მა ვალდებულება არ შეასრულა, ამიტომ, კუთვნილი თანხის მისაღებად ფ. ძ-მა მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს “ბ-ს”. არბიტრაჟის 2009 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ძ-ის პრეტენზია დაკმაყოფილდა და ქ. ძ-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ ხელშეკრულების გათვალისწინებული თანხის გადახდა. მოსარჩელე აცხადებს, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ასევე დატვირთული იყო პირველი რიგის იპოთეკარის _ ვ. რ-ის სასარგებლოდ, კერძოდ, მის მიერ ქ. ძ-ისათვის გაცემული სესხის სანაცვლოდ. როგორც მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, მოვალემ არც მას დაუბრუნა ნასესხები თანხა, რის გამოც ვ. რ-მა მიმართა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ “მ-ს” და მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების მის საკუთრებაში გადაცემა. 2009 წლის 9 თებერვლის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით პრეტენზია დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ბ-ის ქ. ¹65-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეს. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღის ვადაში ვ. რ-მა მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ “მ-ს” და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყველა იპოთეკის გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა 2009 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით. ფ. ძ-ის განცხადებით, მან მიმართა აღნიშნულ არბიტრაჟს მისი იპოთეკის აღდგენის მიზნით. 2009 წლის 16 მარტის არბიტრაჟის გადაწყეტილებით იპოთეკა აღდგა.
მოპასუხე ვ. რ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: ვ. რ-სა და ქ. ძ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებაში პირდაპირ იქნა მითითებული, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგანი გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში. ფ. ძ-ის იპოთეკა წარმოიშვა მისი იპოთეკის შემდეგ. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დროს იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებიდან. ამდენად, არც კანონისა და არც არბიტრაჟის გადაწყვეტილების საფუძველზე ფ. ძ-ს ვერ ექნებოდა პრეტენზია მის საკუთრებაში გადასული სახლის რეალიზაციაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ძ-ის სარჩელი ვ. რ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ძ-მა.
2010 წლის 9 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ფ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 11 ოქტომბერს ქ. ძ-სა და ფ. ძ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ქ. ძ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. თბილისში, ბ-ის ქ ¹65-ში. ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქ. ძ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული ვ. რ-ისა და ქ. ძ-ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა სამი თვე _ 2009 წლის 11 იანვარი. ვ. რ-ი წარმოადგენს პირველი რიგის იპოთეკარს. ვ. რ-სა და ქ. ძ-ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების პირდაპირ საკუთრებაში გადაცემას. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟ “მ-ის” 2009 წლის 9 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹65-ში არსებული უძრავი ქონება გადავიდა ვ. რ-ის საკუთრებაში.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ძ-ი წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე: თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹65_ში მესაკუთრეს. აღებული სასესხო ვალდებულებების გამო ქ. ძ-ის კუთვნილი უძრავი ქონება რამოდენიმეჯერ დაიტვირთა იპოთეკით, შემდეგი რიგითობით: I რიგის იპოთეკარი _ ვ. რ-ი; II რიგის იპოთეკარი _ ელისო ფანგანი; III რიგის იპოთეკარი _ ხათუნა კვესელაძე; IV რიგის იპოთეკარი _ ქ. ბერაძე; V რიგის იპოთეკარი _ ფ. ძ-ი. ამდენად, მოსარჩელე (აპელანტი) ფ. ძ-ი მესაკუთრე ქ. ძ-ის მიმართ წარმოადგენდა მეხუთე რიგის იპოთეკარს. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟ “მ-ის” 09.02.2009 წლის გადაწყვეტილებით პრეტენდენტ ვ. რ-ის პრეტენზია ქ. ძ-ის მიმართ დაკმაყოფილდა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მის საკუთრებაში გადავიდა მოპასუხე ქ. ძ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული თბილისში, ბ-ის ქ. ¹65-ში მდებარე უძრავი ქონება. ვ. რ-ი აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. საჯარო რეეტრში რეგისტრირებული დარჩა ვ. რ-ის იპოთეკის შემდგომ რეგისტრირებული იპოთეკები. მუდმივმოქმედი კერძოO არბიტრაჟი “მ-ის” 12.02.2009 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა იპოთეკა და სხვა სანივთო უფლება, რომელიც თბილისში, ბ-ის ქ. ¹65-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმართ წარმოიშვა 29.09.2008 წელს, ანუ ვ. რ-ის მიერ თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იმ დროს ქ. ძ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის შემდეგ. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი “მ-ის” 16.03.2009 წლის განჩინებით შეტანილ იქნა ცვლილება 12.02.2009 წლის დამატებით გადაწყვეტილებაში და აღდგენილ იქნა ფ. ძ-ის იპოთეკა თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹65-ში მდებარე, ამჟამად უკვე ვ. რ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე. ამდენად, აღდგა მხოლოდ მეხუთე რიგის იპოთეკარი, რომელიც სარჩელით ითხოვს უძრავი ქონების რეალიზაციას შპს იურიდიული კომპანია “ბ-ის” საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 16.02.2009 წლის გადაწყვეტილებით ქ. ძ-ისათვის დაკისრებული თანხის მიღების მიზნით. სამოქალაქო კოდექსის 268-ე, 290-ე, 300-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფ. ძ-ის სარჩელი, რაც სრულად გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ძ-მა და მიუთითა შემდეგი: სასამართლომ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებად ცნო, ის ფაქტი, რომ ფ. ძ-ის სესხი ქ. ძ-ის მიმართ უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მდებარე თბილისში, ბ-ის ქუჩა ¹65-ში, ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრეს დღეს წარმოადგენს ვ. რ-ი. სასამართლო ასევე დადგენლად მიიჩნევს, რომ ვ. რ-ი არის პირველი რიგის იპოთეკარი, რაც ურთიერთგამომრიცხავია და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტად და ობიექტურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენლია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც უტყუარად ადასტურებს ფ. ძ-ის იპოთეკისა და ვ. რ-ის საკუთრების უფლებას აღნიშნულ ქონებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლს, შესაბამისად, გამარტივებულია იპოთეკარის სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის გზით, რაც შეიძლება განხორციელდეს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული შეთანხმების საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ამდაგვარი შეთანხმების საფუძველზე გახდა ვ. რ-ი ქ. ძ-ის კუთვნილი ქონების მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში ვ. რ-ს მისი მოთხოვნა უძრავი ქონების რეალიზაციით რომ დაეკმაყოფილებინა, ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავდა ფ. ძ-ის, როგორც მომდევნო რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილებასაც, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი და კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ არ გამორიცხავს რამოდენიმე კრედიტორის დაკმაყოფილებას მათი რიგითობის მიხედვით. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში აუქციონის ჩატარება გამოიწვევს საწინააღმდეგო შედეგს, ვინაიდან ნივთის რეალიზაციის შემდეგ შესაძლებელია პირველი რიგის იპოთეკარი დაუკმაყოფილებელი დარჩეს, თუმცა ფაქტია, რომ ვ. რ-მა, თავად იტვირთა რისკი რასაც იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში მიღებას მოსდევს, მანვე განკარგა თავისი უფლება, მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო ქონების იძულებითი რეალიზაციით, თუ სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრებაში მიღებით.
2011 წლის 15 სექტემბერს ფ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ვ. რ-ი კისრულობს ვალდებულებას 2012 წლის 1 მაისამდე გადაუხადოს ფ. ძ-ს 12000 (თორმეტი ათასი) ევრო.
ფ. ძ-ი კისრულობს ვალდებულებას 12000 (თორმეტი ათასი) ევროს ვ. რ-ის მიერ გადახდის შემდეგ ორი დღის ვადაში გააუქმოს იპოთეკა და ყადაღა ვ. რ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ.თბილისში ბ-ის ქუჩა ¹65-ში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. რ-ის წარმომადგენელ ი. ჯ-ის და ფ. ძ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკამყოფილდეს.
დამტკიცდეს მორიგება ვ. რ-სა და ფ. ძ-ს შორის შემდეგი პირობით:
1.ვ. რ-ი კისრულობს ვალდებულებას 2012 წლის 1 მაისამდე გადაუხადოს ფ. ძ-ს 12000 (თორმეტი ათასი) ევრო.
2.ფ. ძ-ი კისრულობს ვალდებულებას 12000 (თორმეტი ათასი) ევროს ვ. რ-ის მიერ გადახდის შემდეგ ორი დღის ვადაში გააუქმოს იპოთეკა და ყადაღა ვ. რ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ.თბილისში ბ-ის ქუჩა ¹65-ში.
შეწყდეს საქმის წარმოება ფ. ძ-სა და ვ. რ-ს შორის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება ყადაღა დარჩეს ძალაში, მორიგების პირობების შესრულებამდე (ვ. რ-ის მიერ ფ. ძ-ის სასარგებლოდ 12000 (თორმეტი ათასი) ევროს გადახდამდე).
ფ. ძ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი)ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.