ას-711-670-2011 15 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხის თხოვნითა და მის მიერ დასახელებული პირის საბანკო რეკვიზიტებზე გადააგზავნა 10000 აშშ დოლარი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მ. ხ-ს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. ფ-ა სადავო თანხის სესხად გადაცემის ფაქტს ვერ ადასტურებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ხ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ქ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:L
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ფ-ას მიერ მ. ხ-ისათვის სესხის სახით 10 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მ. ხ-თან სესხის ხელშეკრულების დადებასა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას _ სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გადაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების _ სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალიწინებს. დასახელებული ნორმისა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება ხელშეკრულების დადება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნებისათვის წარმოდგენილ იქნა თანხის გადარიცხვის საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ თანხის მიმღები ვინმე მ. კ-აა და არა მ. ხ-ი, ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არა თუ სესხის სახით ხელშეკრულების დადების ფაქტი, არამედ ხელშეკრულების მხარე, რომლის წინაშეც მან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პრიველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 623-ე მუხლი და 361-ე მუხლის პირველი ნაწილი პალატამ არ განმარტა იმგვარად, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე მხოლოდ შესრულება იძლეოდეს ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას. მხარეები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე შეთანხმებული არიან და შესრულება ნიშნავს აღნიშნული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების აღიარებას, ხოლო ნებისმიერი შესრულება კვალიფიცირებულ იქნეს ამა თუ იმ სამართალურთიერთობად მხარის მიხედულობით.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ქ. ფ-ასა და მ. ხ-ს შორის რაიმე სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც იკვეთება ქ. ფ-ას მიერ თავისი ვალდებულების შესრულება და მისი მოთხოვნის უფლება საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე. რაც შეეხება ქ. ფ-ას მიერ თანხის გადარიცხვის ფაქტს, ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხის გადაცემა ექცევა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში. აღნიშნულ სამართალურთიერთობაში ვითომ კრედიტორი თანხის მიმღები მ. კ-აა, რომელსაც ქ. ფ-ამ თანხა გადაურიცხა. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ქ. ფ-ას მოთხოვნის უფლება გააჩნია მ. კ-ას და არა მ. ხ-ის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ფ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად და არასრულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი. სათანადო ფაქტობრივ დასაბუთებას გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს.
პალატამ არასწორად შეაფასა 2009 წლის 13 ივლისს შს მცხეთის რაიონულ სამმართველოში მ. ხ-ის აღიარება, რომ 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ლონდონში ყოფნისას მისმა რძალმა _ ქ. ფ-ამ მოპასუხის მიერ მოძიებული ადვოკატის _ მ. კ-ას ანგარიშზე გადაურიცხა 10 000 აშშ დოლარი, რათა მ. ხვადაგიას გაეკეთებინა დიდი ბრიტანეთის რეზიდენტის საბუთები. აღნიშნული აღიარება სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის განმარტებად და არასწორად გაათავისუფლა მოპასუხე თავისივე აღირების უარყოფის მიზეზების მტკიცების ტვირთისაგან.
სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოწმე თამარ ლებანიძის ახსნა-განმარტებაზე, რომ ამ უკანასკნელმა თანხა გადაურიცხა მ. ხ-ს მის მიერ მითითებული პირის ანგარიშზე და არა ქ. ფ-ას მითითებით.
რეალურად მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დასაშვებია. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადება დასტურდება გადარიცხვის ქვითრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ქ. ფ-ას მიერ მ. ხ-ისათვის სესხის სახით 10000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებიდან არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ თანხის მიმღები ვინმე მ. კ-აა, და არა მ. ხ-ი. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა არა თუ სესხის სახის ხელშეკრულების დადების ფაქტი, არამედ ხელშეკრულების მხარე, რომლის წინაშეც მან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მ. ხ-ისათვის თანხის გადახდის ფაქტის უარყოფისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვის ქვითარზე და საერთოდ არ აფასებს მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილ სხვა მტკიცებულებებს, თუნდაც წინასწარი გამოძიების დროს მ. ხ-ის მოწმედ დაკითხვის ოქმს. ამ დოკუმენტიდან გარკვევით ჩანს თუ ვინ არის აღნიშნული თანხის გადაცემის ადრესატი და რა არის ამ თანხის გადახდის მიზანი. აღნიშნული მტკიცებულება ჩვეულებრივი წერილობითი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს თანხის გადაცემის ფაქტს მ. ხ-ის და არა ქ. ფ-ას საჭიროებიდან გამომდინარე. სასამართლო ვალდებულია შეაფასოს ეს მტკიცებულება და უარყოს ან გაიზიაროს იგი. როგორც მ. ხ-ი სასამართლოს სხდომაზე განმარტავს, ის ვერ მიხვდა, რატომ დაუსვეს კითხვა ამ 10 000 აშშ დოლარის შესახებ, ამასთან, იგი გაფრთხილებული იყო ყალბი ჩვენების მიცემის გამო დამდგარ შედეგებზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ. ხ-ს მოტივაცია რაიმე მიზნით არასწორი ჩვენების მიცემისა არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში სერიოზულ ინფორმაციას და საჭიროებს შეფასებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლოს მიერ იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარწმუნო მკიცებულებად ან გაბათილდეს სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაკეთებული დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებები სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, შესაბამისად ფაქტობრივი გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევითაა დადგენილი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). მოპასუხემ კი მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა უარყოს თანხის გადაცემის ფაქტი ან დაადასტუროს გადაცემის ფაქტი, მაგრამ გამორიცხოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულების არსებობა ამ შესრულების მიმართ. იმ პირობებში, თუ დადასტურდება მოსარჩელის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო თუ მითითებული თანხის გადაცემით არ წარმოშობილა მისი დაბრუნების ვალდებულება, მოპასუხემ აღნიშნული ფაქტი სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით უნდა დაადგინოს მხარეთა შორის ვალდებულების არსებობის ან არარსებობის ფაქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.