ას-790-844-2011 26 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ნ-ა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საავტორო უფლების დარღვევით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ნ-ას” მიმართ საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს “ნ-ას” მიერ გამოცემულ იქნა კომპაქტ-დისკები “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო), რომელშიც უნებართვოდ არის გამოყენებული რ. შ-ეს 153 ფოტოსურათი რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ამდენად, მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის საავტორო ჰონორარის სახით ქონობრივი ზიანის _ 117045 ევროს, მოსარჩელის მიერ ადვოკატისთვის გადასახდელი თანხის _ 12000 ევროს, არაქონობრივი (მორალური) ზიანის _ 195075 ევროს დაკისრება, რაც საერთო ჯამში შეადგენს 324120 ევროს.
მოპასუხემ სასარჩელო არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
თავდაპირველად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადგენილიყო რ. შ-ეს ფოტოსურათების გამოყენების ფაქტი, ამასთან, სარჩელზე თანდართული ფოტოსურათები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფოტოგრაფიული ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებით შექმნილ ნაწარმოებებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ეს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ნ-ას” რ. შ-ეს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2900 (ორი ათას ცხრაასი) ლარის, შპს ,,ნ-ას” რ. შ-ეს სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის _ 1000 (ათასი) ლარის, შპს ადვოკატის ხარჯის _ 1500 (ათას ხუთასი) ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 117 (ას ჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ-ამ”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. შ-ემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით შპს “ნ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა რ. შ-ეს სააპელაციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ რ. შ-ე არის პროფესიით ფოტოგრაფი. 1987 წელს გამოცემულ იქნა წიგნი “Gეორგიენ ჭეჰრბაუტენ უნდ Kირცჰენ” (საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები), სადაც გამოქვეყნებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფოტოილუსტრაციები. 2005 წელის 25 მარტს შპს “ნ-ას” მიერ გამოცემულ იქნა კომპაქტ-დისკები “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო), აღნიშნულ კომპაქტ-დისკებზე საქართველოს სხვადასხვა მასალასთან ერთად ე.წ. სლაიდების სახით შეტანილი არის საქართველოს კულტურული ძეგლების სურათები. შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2005 წლის 25 მარტის დადგენილებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე შპს ,,ნ-ას” დირექტორ თ. ჩ-ძის მიმართ სხვისი საავტორო უფლებების მართლსაწინააღმდეგოდ, კომერციული მიზნით გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს მთავარი პროკურატორის ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების სარპოცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორ ვ.ფ-ლის 2009 წლის 6 მაისის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება თ. ჩ-ძის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის დადგენილებით რ. შ-ეს წარმომადგენლის ა.ბარამიძის საჩივარი 2009 წლის 6 მაისის დადგენილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დადგენილება კი კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ რ. შ-ეს უნებართვოდ გამოიყენა მოსარჩელის მიერ გადაღებული 153 ფოტოსურათი, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ შპს ,,ნ-ას” საერთოდ არ გამოუყენებია კომპაქტ-დისკებში რ. შ-ეს ფოტოსურათები, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებითა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კერძოდ კი საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ კომპაქტ-დისკებში “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო) შეტანილი არის რ. შ-ეს მიერ გადაღებული მხოლოდ 29 ფოტოსურათი. მოსარჩელის მიერ კი არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ რ. შ-ეს უნებართვოდ გამოიყენა მოსარჩელის მიერ გადაღებული 153 ფოტოსურათი. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს “ზეემან ჰენშტელ-ის” მიერ გაცემული ცნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ზეემან ჰენშტელი არის Gმბჰ&ჩჯ.KG-ს უფლებამონაცვლე და მას არავითარი ლიცენზია და უფლება წიგნზე “Gეორგიენ ჭეჰრბაუტენ უნდ Kირცჰენ” (საქართველოს ციხესიმაგრეები და ეკლესიები) არ გადაუცია არც ერთ ქართული გამომცემლისათვის. ამასთან, ყოველგვარი საავტორო უფლება სურათებზე/ილუსტრაციაზე გააჩნია სურათების ავტორ რ. შ-ეს. სასამართლომ მიუთითა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და ჩათვალა, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი რ. შ-ეს სადავო ფოტოების ავტორად მიუჩნევლობისათვის. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლით, 105-ე მუხლით და აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ კომპაქტ-დისკებში “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო) შეტანილია რ. შ-ეს მიერ გადაღებული მხოლოდ 29 ფოტოსურათი და შესაბამისად, ყოველგვარი საავტორო უფლება სურათებზე/ილუსტრაციაზე გააჩნია სურათების ავტორ რ. შ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ნ-ას” პრეტენზია, რომ საქმეში არ არსებობს მოპასუხის მიერ საავტორო უფლების დარღვევის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, რადგანაც მოპასუხის მიერ გამოცემულ კომპაქტ-დისკებში “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო) რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 2005 წლის 23 მარტის დადგენილება, რომლითაც აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე შპს ,,ნ-ას” დირექტორ თ. ჩ-ძის მიმართ სხვისი საავტორო უფლებების მართლსაწინააღმდეგოდ, კომერციული მიზნით გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო ლეგალიზაციაზე სისხლსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორ ვ.ფ-ლის 2009 წლის 6 მაისის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება თ. ჩ-ძის მიმართ. წინასწარი გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი, რომ 2002 წლის ბოლოს, შპს “ნ-ას” დამფუძნებელ ლაშა ძიძავას და დირექტორ თ. ჩ-ძის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან შემუშავებულ იქნა მულტიმედია წიგნი სახელწოდებით “Dისკოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო), რომელიც გამოცემულ იქნა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. ხსენებულ კოპაქტ-დისკებში საქართველოს შესახებ სხვა მასალასთან ერთად ე.წ. სლაიდების სახით, შეტანილი იყო საქართველოს შესახებ კულტურული ძეგლების ფოტოსურათები, მათ შორის, გერმანული ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფისტის, რ. შ-ეს მიერ საქართველოში გადაღებული 29 ფოტოსურათი, რომელიც თავის დროზე გამოყენებული იყო რ.მ-ისა და ვ.ც-ის ავტორობით 1987 წელს გერმანიის ქ.ლაიფციგში გამოცემულ წიგნში “Gეორგიენ ჭეჰრბაუტენ უნდ Kირცჰენ” (საქართველოს ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები) ილუსტრაციების სახით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის დადგენილებით რ. შ-ეს წარმომადგენლის ა.ბარამიძის საჩივარი 2009 წლის 6 მაისის დადგენილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 2010 წლის 24 სექტემბრის შემდგომი რედაქციით არსებულ ამავე კოდექსის 106-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ კომპაქტ-დისკებში “Dისცოვერ Gეორგია” შეტანილი იყო რ. შ-ეს მიერ გადაღებული 29 ფოტოსურათი.
სასამართლომ მიუთითა რ. შ-ეს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე, და არ გაიზიარა მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ გამოცემულ კომპაქტ-დისკებში “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო) შეტანილი არის რ. შ-ეს მიერ გადაღებული არა 29, არამედ 153 ფოტოსურათი, რადგანაც რ.შ-ეს რაიმე მტკიცებულება, გარდა სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (რომელიც მოპასუხის მხრიდან მხოლოდ 29 ფოტოსურათის გამოყენების ფაქტს ადასტურებს), არ წარუდგენია. უფრო მეტიც, თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ კომპაქტ-დისკი, რომლითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო 153 ფოტონაწარმოების გამოყენების ფაქტი, ფიზიკურად არ არსებობს და განადგურებულია.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტ რ. შ-ეს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე მტკიცების ტვირთის მოპასუხე მხარისათვის განაწილებაზე, ამასთან, მიუთითა, რომ მხარეთა განმარტებებით დადგენილია, კომპაქტ-დისკები, სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ, დაუბრუნდა შპს “ნ-ას”, რაც მის მიერვე განადგურდა. ამდენად, ადგილი არა აქვს შემთხვევას, როდესაც მოპასუხემ არასაპატიო მიზეზით განაცხადა უარი მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
პალატის მიერ გაზიარებული არ იქნა აპელანტ შპს “ნ-ას” არგუმენტი, რომ რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოსურათები არ წარმოადგენს ინტელექტუალური შრომის შედეგს, შესაბამისად, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცვად ნაწარმოებს.
სასამართლომ მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ შექმნილი ფოტოსურათები წარმოადგენენ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცულ ობიექტს. სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან სპეციალურად იქნა მოწვეული კონკრეტული მიზნით _ სამეცნიერო ისტორიული წიგნებისათვის საილუსტრაციოდ, ქართული ისტორიული ძეგლების გადასაღებად, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ მის მიერ გადაღებულ ფოტოებს უნდა გააჩნდეს მაღალი შემოქმედებითი დონე. გარდა აღნიშნულისა, როგორც დადგენილია, მოპასუხის მიერ უნაბართვოდ იქნა გამოყენებული რ. შ-ეს მიერ საქართველოში გადაღებული ის 29 ფოტოსურათი, რომელიც თავის დროზე გამოყენებული იყო რ.მეფისშვილისა და ვ.ც-ის ავტორობით 1987 წელს გერმანიის ქ.ლაიფციგში გამოცემულ წიგნში “Gეორგიენ ჭეჰრბაუტენ უნდ Kირცჰენ” (საქართველოს ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები) ილუსტრაციების სახით. იმაზე, რომ ზემოაღნიშნულ წიგნში ილუსტრაციების სახით შეტანილი მოსარჩელე რ. შ-ეს მიერ გადაღებული ფოტოები მიიჩნევა ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად შექმნილ ფოტოგრაფიულ ნაწარმოებებად, შესაბამისად კი, “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით დაცვად ობიექტად, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკაც.
პალატამ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, რადგანაც შპს “ნ-ას” წარმომადგენლის განმარტებით, კომპაქტ-დისკი “Dისცოვერ Gეორგია” (აღმოაჩინე საქართველო), სულ გამოიცა 500 ცალი, აქედან მხოლოდ 100-200 ცალი იქნა რეალიზებული, რომელთაგან თითოეულის ფასი დაახლოებით 1-12 ლარს შაედგენდა. დისკი საქართველოს შესახებ საკმაოდ დიდ ინფორმაციას შეიცავდა, რომლის დაახლოებით 2-3% იყო სადავო ფოტოსურათები, ამასთან, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისეული გაანგარიშება ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან იგი არ ეფუძნება საქართველოში ფოტონაწარმოების მართლზომიერი გამოყენებისათვის დადგენილ ტარიფებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადაღებული 29 სურათის გამოყენებისათვის (როგორც აღინიშნა, რეალიზებულ იქნა 100-200 კომპაქტ-დისკი, რომლის საერთო ინფორმაციის 2-3%-ს სადავო ფოტოსურატები შეადგენდა), სასამართლომ მართებულად მიიჩნია გონივრულ ოდენობად 2 900 ლარის, ანუ თითოეული ფოტოსურათისათვის 100 ლარის ანაზღაურება.
ასევე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შპს “ნ-ას” მითითება ხელშეკრულებაზე, რომლითაც ერთი ცალი ფოტოსურათის ფასი დაახლოებით 1 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია ლაშა ძიძავასა და ილია კარაშვილს შორის, რომლითაც ი.კარაშვილმა, როგორც ავტორმა, ლ.ძიძავას გადასცა საავტორო უფლება სხვადასხვა ფოტოებზე. ი.კარაშვილი არ წარმოადგენს სადავო 29 ფოტოსურათის ავტორს და იგი ვერ დაადასუტურებს იმ გარემოებას, რომ რ. შ-ე გადასცემდა საავტორო უფლებას მოპასუხეს, მით უფრო, ხელშეკრულებაში მითითებულ ფასში.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით და დარღვევის არსის _ კომპაქტ-დისკის საქართველოს შესახებ ინფორმაციული ხასიათის შემცველი შინაარსის, ასევე გასხვისებული კომპაქტ-დისკების რაოდენობის გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობად მიიჩნია არაქონებრივი ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხისათვის 1000 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში დაკმაყოფილება, რომლითაც მის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა 124 სურათის გამოყენებაზე საავტორო უფლების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გაათავისუფლა მტკიცებულების წარმოდგენისაგან, რადგანაც დადგენილად ჩათვალა, რომ შპს “ნ-ამ” გაანადგურა მტკიცებულებები _ კომპაქტ-დისკები, რომლებიც გამოძიებამ დაუბრუნა, ამასთან გამოძიებამ მოპასუხეს დაუბრუნა ასევე რ.შ-ეს კუთვნილი ეგზემპლარი, რაც საჩივარს ერთვოდა და გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინაპირობა. გამოძიების მითითებული ქმედებით კასატორს ჩამოერთვა უფლება, დაედასტურებინა მისი უფლების დარღვევის ფაქტი.
სასამართლოს განმარტებით, ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარუდგენლობას, რის გამოც არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა. არასწორია სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგანაც სასამართლოს ამავე კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული ნორმა სწორედ ანალოგიის საფუძველზე უნდა გამოეყენებინა.
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი.
არასწორად იქნა გაიზიარებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ოდენობასთან მიმართებით, რადგანაც დაუსაბუთებელია უნებართვოდ გამოყენებული ფოტონაწარმოებისათვის ქონებრივი ზიანის _ 100 ლარით, ხოლო არაქონებრივი ზიანის _ 1000 ლარით განსაზღვრა, მითითებული გარემოების დადგენისას სასამართლოს უნდა დაეცვა არა უფლების დამრღვევის, არამედ დარღვეული უფლების ადრესატის ინტერესები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით რ. შ-ეს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ. შ-ეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. შ-ეს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. შ-ეს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.