Facebook Twitter

ას-811-864-2011 26 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ უ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თავდაპირველ სარჩელში _ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შეგებებულ სარჩელში _ განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი მარიამ ს-ის საცხოვრებელ ადგილად მამის _ უ.ს-ის საცხოვრებლის, ქ.გორში, ... მე-5 კვარტლის 19/6-ში მდებარე ბინის განსაზღვრის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 7 იანვრიდან ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, მისი მეუღლე შვილთან ერთად იმყოფება მშობლების ოჯახში.

თ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მშობლების საცხოვრებელ სახლში მას ყველა პირობა აქვს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, ამასთან, მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე უ. ს-ის მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის, თვეში 350 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 16 ივნისიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, მოგვიანებით მათი ურთიერთობა დაიძაბა და უ.ს-მა ისე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომ მეუღლესთან ურთიერთობის გარკვევა არც კი უცდია. ალიმენტის გადახდის თაობაზე მან დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს ხელფასი ერიცხება 1000 ლარის ოდენობით, რაც ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით დაკისრებისათვის საკმარისია.

თ. გ-ემ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1227-ე, 1212-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით უ. ს-ის სარჩელი შვილის – მარიამ ს-ის საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, იმავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. გ-ის შეგებებული სარჩელი, შეწყდა 2009 წლის 16 ივლისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურის მიერ ¹ნ6200930999 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ. გ-ესა და უ. ს-ს შორის, მოპასუხე უ. ს-ს დაეკისრა 2010 წლის 9 თებერვალს დაბადებულ მარიამ ს-ის სარჩოდ შვილის სრულწლოვანობის მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, გადახდის ვადის დასაწყისად განისაზღვრა 2010 წლის 5 ივლისი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება _ ალიმენტის დაკისრება 350 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 9 თებერვალს, შეეძინათ შვილი _ მარიამ უ.ს ასული ს-ი. მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს, მათ შორის შეწყვეტილია ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა და აქვთ ცალ-ცალკე საცხოვრებელი ადგილი. მარიამ ს-ი ცხოვრობს თ.გ-ესთან, რომელიც, თავის მხრივ,Mცხოვრობს მშობლების საკუთრებაში არსებულ ქ.გორში, მ-ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ბინაში. თ. გ-ე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგად და მისი ყოველთვიური ხელფასი 200 ლარია, ხოლო უ. ს-ი არის სამხედრო მოსამსახურე და მისი ხელფასი თვეში 970 ლარია. უ. ს-ის სარჩელი შვილის _ 2010 წლის 9 თებერვალს დაბადებული მარიამ ს-ის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი ქ.გორში, ... მე-5 კვარტლის 19/6-ში მდებარე ბინის განსაზღვრის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო, ხოლო თ. გ-ის სარჩელი განქორწინებაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად, ალიმენტის დაკისრებასა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, გაიზიარა სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. მხარეებს შორის უთანხმოებას და უსიამოვნებას არ ჰქონია დროებით ხასიათი, რაც მათი ოჯახის დანგრევის საფუძველი გახდა. ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. მართალია, მოპასუხე (მოსარჩელე ძირითად სარჩელზე) მხარე არ იყო თანახმა განქორწინებისა, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეთა შერიგება შუეძლებელი იყო და მათ ერთად ცხოვრებისას ოჯახში შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ, მხარეებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელის ძმას შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, თ. გ-ის ძმა გასამართლებულ იქნა სისიხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით უ. ს-ის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო. ამ ნიადაგზე მხარეებსა და მათ ოჯახებს შორის ისედაც დაძაბული სიტუაცია მეტად გაუარესდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ ბავშვების სწორ აღზრდაში იგულისხმება არა მარტო მატერიალური პრობების, არამედ მორალური პირობების შექმნა. ერთნაირი პირობების არსებობისას ანგარიში ეწევა ბავშვის სურვილს, თუ ის დიდია, და მეურვეობის ორგანოს რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე თ. გ-ე ჩვილ ბავშვთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში, მასთან ერთად ცხოვრობენ მისი მშობლები და ორი ძმა, რომელთა თანადგომის იმედი აქვს შვილის აღზრდაში, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს აქვს სტაბილური ხელფასი, მას ეხმარებიან ოჯახის წევრებიც. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-ის ოჯახში არსებულ გარემოს კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა შეეძლო ბავშვის აღზრდაზე. სასამართლომ ასევე მიუთითა სოციალური მუშაკის დასკვნის იმ ნაწილზეც, რომლითაც, მართალია, მოპასუხე უ. ს-ის საცხოვრებელ ბინაში სრულყოფილი პირობებია, თუმცა სასამართლოსადმი მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარე ჩვილი ბავშვისათვის აუცილებელი საჭიროების სრულფასოვან დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდა. პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთ მითითებულ ნორმაში მოყვანილი მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილების მატერიალური გარემო. სასამართლოს მითითებით, უ. ს-ს, მართალია აქვს მუდმივი სამსახური, არის სამხედრო ოფიცერი (ყოველთვიური ანაზღაურება 970 ლარი), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თვეში 350 ლარის ოდენობით სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს და უ. ს-ისთვის შვილის _ მარიამ ს-ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება შეესაბამებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდა გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის სახით 350 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიუთითა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-18, 27-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და არასწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა უ.ს-ის რეალური შემოსავალი, მისი შრომისუნარიანობა, ის ფაქტიც, რომ მას არავინ ჰყავს სარჩენი და კითხულობს ლექციებს, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება კი მის ქონებრივ მდგომარეობას არ გააუარესებდა, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ კასატორს აქვს გაცილებით ნაკლები ხელფასი. მხარემ განმარტა, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა _ 150 ლარი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უ.ს-მა შესაგებლით მომართა სასამართლოს, რომლითაც უარყო თ.გ-ის საკასაციო პრეტენზიები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები, ამასთან მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე და მოითხოვა კასატორისათვის ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 155 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული საკასაციო საჩივრის საგანი ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

რაც შეეხება უ. ს-ის შუამდგომლობას კასატორისათვის მის სასარგებლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 155 ლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოცემული საკასაციო საჩივარის საგანია ალიმენტის დაკისრება, კერძოდ კასატორი სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობას _ 150 ლარს და მოითხოვდა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ ალიმენტის ოდენობის 350 ლარით განსაზღვრას.

ამდენად, განსახილველი საკასაციო საჩივრის საგნის ოდენობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი დაკისრებული ალიმენტის ოდენობისა და მოთხოვნილი თანხის სხვაობით _ 2400 (12X(350-150), ხოლო წაგებული მხარისათვის უ.ს-ის სასარგებლოდ დასაკისრებელი ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა განისაზღვროს 2400 ლარის 4%-ით _ 96 ლარით.

უ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 6 ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. უ. ს-ის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის თ.გ-ისათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. თ. გ-ეს უ. ს-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით დაეკისროს 96 ლარის გადახდა. უ. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 6 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.