ას-943-981-2011 9 სექტემებერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ას მიმართ და მოითხოვა თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა ¹2/21-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა გ. გ-ასათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.
გ. გ-ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა ¹2/21-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომზე ს. კ-ას მფლობელობის შეწყვეტა მისთვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. გ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. გ-ას ს. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4350 (ოთხი ათას სამასორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გ. გ-ას მიერ ს. კ-ას სასარგებლოდ 4350 (ოთხი ათას სამასორმოცდაათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დადგინდა ს. კ-ასათვის ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩაA¹2/21-ში (ყოფილი ... ქუჩა) არსებული ორსართულიანი სახცოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე 17,56 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე (ერთი ოთახი შუშაბანდით) მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა შეგებებული სარჩელის ავტორისათვის დაკისრებული თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ს. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, ... ქუჩა ¹2/21-ში (ამჟამად ქ-ის ქუჩა) მდებარე უძრავი ქონება, წილი 1.00/5.00 (საკადასტრო კოდი ¹...) წარმოადგენს გ. გ-ას საკუთრებას (ტომი I, ს.ფ. 24 _ საჯარო რეესტრის ამონაწერი);
ს. კ-ა რეგისტრირებულია მისამართზე _ თბილისი ზ. ქ-ის (ყოფილი ...) ქუჩა ¹2/21 და წარმოადგენს ამავე მისამართზე კომუნალური გადასახადის გადამხდელ აბონენტს (ტომი I, ს.ფ. 15 _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფპრმაციო ბარათი, ტომი I, ს.ფ. 25-33 _ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, აბონენტის ბრუნვის ისტორია).
მოსარჩლის მითითება მასზე, რომ არის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვს სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, არ ყოფილა გამხდარი სადავოდ მოპასუხე გ. გ-ას მიერ (ტომი I, ს.ფ. 42-49 _ შესაგებელი);
თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა ¹2/21-ში (ყოფილი ... ქუჩა) მდებარე გ. გ-ას კუთვნილი ფართიდან ს. კ-ა, როგორც მოსარგებლე, ფლობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ერთ ოთახს შუშაბანდით, სულ 17,56 კვ.მ ფართის, დასტურდება მხარეთა განმარტებებითა (ტომი I, ს.ფ.115-119 _ სხდომის ოქმი) და ექსპერტიზის დასკვნით (ტომი I, ს.ფ. 96-102) და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა;
ს. კ-ას მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის _ 17,56 კვ.მ ფართის ოთახების ღირებულება არის 5800 აშშ დოლარი (ტომი I, ს.ფ. 96-103 _ ექსპერტიზის დასკვნა).
აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც ამ გარემოების დასადგენად სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენდა აუდიტის დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, საიდანაც ირკვევა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება. გადაღებულ იქნა ფოტო-მასალა, ჩატარდა ბაზრის კონიუნქტურის კვლევა. დასკვნა მიღებულია საცხოვრებელი სადგომის მახასიათებლების აღწერის, მისი მდგომარეობის ყოველმხრივი გამოკვლევის, ასევე ბაზარზე საკვლევი პერიოდებისათვის მოცემული ობიექტის ადგილმდებარეობის, პრესტიჟულობის, კაპიტალურობისა და კეთილმოწყობის გათვალისწინებით, ასევე მსგავსი ობიექტების ფასების მხედველობაში მიღებით. აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით კი, რომლის უპირატესობაზეც ს. კ-ა აპელირებდა (ტომი I, ს.ფ. 10), სასამართლომ აღნიშნა, რომ მასში არ იყო ასახული ობიექტის მდგომარეობა და მახასიათებლები, ასევე ინფორმაცია ს. კ-ას მფლობელობაში არსებული სრული ფართის თაობაზე, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად მიანიჭა უპირატესობა ექსპერტიზის დაკვნას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ამ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე თბილისში, ზ. ქ-ის ქუჩა ¹2/21-ში, ს. კ-ას მფლობელობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ს. კ-ას მფლობელობაში არსებული ფართის საბაზრო ღირებულება 5800 აშშ დოლარია, ხოლო დასახელებული თანხის 75% _ 4350 აშშ დოლარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ. გ-ას ს. კ-ას სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 4350 აშშ დოლარი, რაც თავის მხრივ, ს. კ-ას მიერ აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის 11, მე-2 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა ქონების შეფასების ნაწილში და არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, რომელიც რეალურად ადასტურებდა ქონების ღირებულების საბაზრო ფასს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ს. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ს. კ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. კ-ა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.