ას-950-988-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ნ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ა. კ-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საკომპენსაციო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ნ-ომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ა. კ-ისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ საკომპენსაციო თანხის ა.ზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1967 წლიდან ა. ნ-ო ცხოვრობს ციხისძირში, ყოფილი დასასვენებელი სახლი “ნ-ის” საცხოვრებელ ბინაში და არის მარტოხელა პენსიონერი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით 2006 წელს დასასვენებელი სახლი “ნ-ის” საწესდებო კაპიტალში რიცხული შენობა-ნაგებობები შეტანილ იქნა სს “ა. კ-ის” საწესდებო კაპიტალში, (მათ შორის საცხოვრებელი ფონდიც), რის გამოც, საჯარო რეესტრის მონაცემების თა.ხმად, ამჟამად დასასვენებელი სახლი “ნ-ის” სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება წარმოდგენს სს “ა. კ-ის” საკუთრებას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით, 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის მე-11 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მასზე, როგორც მოსარგებლეზე ვრცელდებოდა საქართველოს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეებს უნდა დაკისრებოდათ მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 40 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში. ამავე კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მოსარგებლის სტატუსთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა დაეთანხმა მოპასუხეთა წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ ა. ნ-ო ფაქტობრივად ცხოვრობს 1967 წლიდან დასასვენებელი სახლი “ნ-ის” საცხოვრებელ ბინაში, რომლის მესაკუთრეც ამჟამად არის სს “ა. კ-ი”, მაგრამ აპელანტის მიერ არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომ იგი სადავო ფართში შესახლებულ იქნა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მხარის მოთხოვნა კომპენსაციის სახით მოპასუხეებისათვის 40 000 ლარის დაკისრებაზე იმ საფუძვლითაც, რომ მის მიერ არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, თუ რა ოდენობის ფართი ჰქონდა მოსარჩელეს დაკავებული, რას შეადგენდა აღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულება და ა.შ. მაშინ, როცა აღნიშნულის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა. მართალია, აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მის მიერ დაკავებული ფართი შეადგენს 60 კვ.მ-ს და მისი საბაზრო ღირებულება 25 000 აშშ დოლარს შეადგენს, მაგრამ აღნიშნული განმარტების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ნ-ომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მართებულად გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი მარტოხელა პენსიონერია და 1967 წლიდან ცხოვრობს სადავო ფართში, შესაბამისად, არის ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. ნ-ოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ნ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ნ-ოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.