ას-964-1002-11 14 სექტემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. ბ-ე
კასატორის წარმომადგენელი _ რ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირობითი გარიგებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა პირობითი გარიგებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა ქ. ტ-სა და ზ. ბ-ეს შორის მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ თუ მოსარჩელე მოძებნიდა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ქ.ბათუმში, ა-ის ქ.¹106-ში მდებარე 32.200 კვ.მ უძრავი ქონებისა და 25 კვ.მ დამხმარე ნაგებობის მყიდველს 3 თვის განმავლობაში და 45000 აშშ დოლარს გადაუხდიდა მოპასუხე ზ.ბ-ეს, ეს უკანასკნელი მყიდველს, გადაუფორმებდა აღნიშნულ უძრავ ქონებას, ხოლო ნასყიდობის საგნის უფრო ძვირად გაყიდვის შემთხვევაში 45 000 აშშ დოლარის ზემოთ დარჩენილი თანხა, შეთანხმებისამებრ, დარჩებოდა მოსარჩელეს. აღნიშნული პირობის დადგომის ბოლო ვადად განისაზღვრა 2010 წლის ნოემბრის პირველი დღე. 2010 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელემ ნახა რა ნასყიდობის საგნის მყიდველი თ.თედორაძე, შესაძენი ქონების ფასი განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარად. მოსარჩელე მაქსიმალურად შეეცადა, დაკავშირებოდა მოპასუხეს შეთანხმებული 45 000 აშშ დოლარის გადასაცემად, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობდა შეხვედრისაგან თავის არიდებას, ტელეფონი გათიშული ჰქონდა, იგი უკავშირდებოდა მოპასუხის ადვოკატ ნ. გ-ს და სთხოვდა დახმარებას, რომ როგორმე მოეხერხებინა ზ. ბ-ესთან დაკავშირება, რათა 29 ოქტომბერს საჯარო რეესტრში გამოცხადებულიყო ფულის მისაღებად და ბინის გადასაფორმებლად, მაგრამ მან ბ-ესთან დაკავშირება ვერ შესძლო. მოსარჩელემ 2010 წლის პირველ ნოემბერს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მორიგების აქტის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი იმავე დღესვე წარადგინა აჭარის სააღსრულებო ბიუროში, რა დროსაც ამავე ბიუროს დეპოზიტზე თ.თედორაძემ განათავსა მოპასუხე ზ. ბ-ის სახელზე 45 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ პირობა დადგა, მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ აფორმებს თ.თედორაძის საკუთრებაში ნასყიდობის საგანს, რის გამოც ზ. ბ-ეს, პირობითი გარიგებიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს ქ.ბათუმში, ა-ის ქ.¹106-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მყიდველ თ. თ-ის საკუთრებაში აღრიცხვა.
მოპასუხე ზ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საქმეზე ¹2-692 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლსის განჩინებით - მხარეებს შორის მორიგების გამო, საქმის წარმოება შეწყდა, მორიგების აქტი ითვალისწინებდა, რომ ქ.ბათუმში, ა-ის ქ.¹106-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ზ. ბ-ე თანახმა იყო, მოსარჩელე ქ. ტ-ს საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია განეხორციელებინა 45 000 აშშ დოლარზე მეტად და ზ. ბ-ისათვის დაებრუნებინა 45 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა დარჩენოდა ქ. ტ-ს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ ქ. ტ-მა განახორციელა ამ ქონების რეალიზაცია, ანუ არ არსებობს საქმეში ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად, ასეც რომ ყოფილიყო, ამ სახით წარმოდგენილი რეალიზაცია არ არის ქ. ტ-ის მიზანი, რადგანაც რეალიზაცია 45 000 აშშ დოლარზე ძვირად უნდა განხორციელებულიყო, რომ ქ. ტ-ს რაიმე სარგებელი მიეღო, რაც უშუალოდ უნდა წარმოადგენდეს მოსარჩელის მიზანს. არ არსებობს ქ. ტ-ისა და მის მიერ მითითებული მყიდველის, თ. თედორაძის მზადყოფნის ფაქტი მოპასუხე ზ. ბ-ისათვის რაიმე ხელშეკრულების დადებისათვის. მყიდველს უნდა დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება უშუალოდ მესაკუთრესთან, რაც არ განუხორციელებია, არ არსებობს ასევე რაიმე სატელეფონო ჩანაწერი მესაკუთრესა და სავარაუდო მყიდველს შორის საუბრისა, რაც დაადასტურდებდა, რომ მესაკუთრე შეხვედრას შეგნებულად არიდებდა თავს, მით უმეტეს, რომ, ქ. ტ-ის განცხადებით, თ. თ-ე მზად იყო აღნიშნული ფართი შეეძინა 2010 წლის 23 ოქტომბერს. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, თ. თ-ესა და ზ. ბ-ეს შორის გარიგების წერილობით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ განხოციელებულა, მით უმეტეს რომ ქ. ტ-ს შეეძლო უზრუნველყო მათი შეხვედრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის ამონაწერით სასამართლო სხდომის ოქმიდან დადგენილია, რომ სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ¹2-692 ქ. ტ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ზ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მათ მიერ წარდგენილი 2010 წლის 30 ივლისის მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ,,მესაკუთრე – მოპასუხე ზ. ბ-ე თანახმაა მოსარჩელე ქ. ტ-ს მისცეს უფლება სამი თვის განმავლობაში 2010 წლის 01 ნოემბრამდე მოახდინოს ქ.ბათუმი, ა-ის ქ.¹106-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ანუ საცხოვრებელი სახლის ფართით 32.200 კვ.მ. და დამხმარე ფართის ავტოფარეხი 25 კვ.მ. რეალიზაცია არანაკლებ 45000 აშშ დოლარისა. მოსარჩელე ქ. ტ-ი თანახმაა სამი თვის განმავლობაში 2010 წლის 01 ნოემბრამდე გაყიდოს მოპასუხე ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ფართი (ქ.ბათუმი, ა-ის ქბ,¹106-ში საცხოვრებელი სახლი ფართით 32.200 კვ.მ. და დამხმარე ფართი ავტოფარეხი 25 კვ.მ.) არანაკლებ 45000 აშშ დოლარის, ხოლო თუკი სამი თვის განმავლობაში არ მოხდება აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, ან არ მოხდება 45000 აშშ დოლარზე მეტად, ქ. ტ-ს არ ექსნება არანაირი პრეტენზია მესაკუთრის ზ. ბ-ის მიმართ. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ სამი თვის განმავლობაში 2010 წლის 01 ნოემბრამდე მოხდება ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების –მდებარე ქ.ბათუმი, ა-ის ქ.¹106-ში რეალიზაცია – ზ. ბ-ეს დაუბრუნდება მის მიერ მოსარჩელეზე გადახდილი 45 000 აშშ დოლარი, ხოლო მეტობა არსებული ამ თანხისა და გაყიდულ თანხას შორის დარჩება მოსარჩელე ქ. ტ-ს. წინააღმდეგ შემთხვვაში ე.ი. სამი თვის შემდეგ 2010 წლის 01 ნოემბრამდე უძრავი ქონება დარჩება მის კანონიერ მესაკუთრეს მოპასუხე ზ. ბ-ეს და მოსარჩელე ქ. ტ-ს არ ექნება მის მიმართ არანაირი პრეტენზია”. დასახელებული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. მორიგების პირობები მხარეთა მიერ ნებაყოფლობით არ შესრულებულა. ქ. ტ-მა 2010 წლის პირველ ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე მიიღო სააღსრულებო ფურცელი, რაც იმავე დღეს წარადგინა აჭარის სააღსრულებო ბიუროში, ასევე აღნიშნული სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 2010 წლის პირველი ნოემბერს თ.თედორაძემ ჩარიცხა 45000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ზ. ბ-ის ანგარიშზე გადასარიცხად და მოსარჩელემ სააღსრულებო ბიუროს მოსთხოვა სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული უძრავი ქონების ახალ მეპატრონეზე – თ. თედორაძის სახელზე გადაფორმება. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების ახალ მეპატრონის სახელზე გადაფორმება ვერ მოახერხა, რადგან სააღსრულებო ფურცელში ასეთი მოქმედების შესახებ არ იყო ჩაწერილი. სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელე მხარემ დროულად შეიტანა თანხა, ხოლო ზ. ბ-ემ უარი განაცხადა მორიგების პირობებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნახა უძრავი ქონების მყიდველი – თ. თედორაძე და მიიღო მისგან 45 000 აშშ დოლარი, იგი ყველა გზით და საშუალებით ცდილობდა მოპასუხე ზ. ბ-ესთან და მის ადვოკატთან დაკავშირებას შეთანხმებული 45 000 აშშ დოლარის გადასაცემად, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა ქ. ტ-თან შეხვედრისაგან. აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 9 ნოემბრის ცნობით დადგენილია, რომ ქ. ტ-მა ვერ შეძლო ზ. ბ-ესთან დაკავშირება, მან სასამართლოსაგან მიიღო 2010 წლის 30 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და 2010 წლის პირველ ნოემბერს წარადგინა იგი აჭარის სააღსრულებო ბიუროში, ხოლო თ. თედორაძემ იმავე დღესვე აჭარის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხა 45000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ზ. ბ-ისათვის გადასაცემად, რის შესახებაც აჭარის სააღსრულებო ბიურომ აცნობა ზ. ბ-ეს და მოსთხოვა აღნიშნული თანხა გადასარიცხად ანგარიშის ნომრის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 30 ივლისს, ქ. ტ-სა და ზ. ბ-ეს შორის შემდგარი მორიგების აქტი ახალი გარიგებაა, რომელიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ე.წ პირობით გარიგებათა რიგს მიეკუთვნება, რომლის თანახმადაც მხარეებმა ამ გარიგების ნამდვილობა კონკრეტულ პირობაზე დამოკიდებული გახადეს. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს რა პირობითი გარიგების საკითხს, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირობითი გარიგება დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი პირობითი გარიგების შესრულების გადავადება ხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ამ პირობის დადგომამდე ან ამ პირობის დადგომით გარიგება წყდება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგება უკავშირდება იმ პირობის დადგომას, რომ მოსარჩელეს 3 თვის განმავლობაში უნდა ენახა ზ. ბ-ის კუთვნილი სახლის მყიდელი, რომელიც ამ უძრავ ქონებას შეიძენდა არანაკლებ 45 000 აშშ დოლარად. მოსარჩელემ შეასრულა გარიგებით აღებული ვალდებულება, ხოლო ზ. ბ-ე უარს აცხადებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე და 434-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ტ-მა, როგორც მორიგების განჩინებით მოვალე მხარემ შეასრულა ვალდებულება, ხოლო ზ. ბ-ემ კი - არა, რაც უნდა შესრულდეს. ამასთან, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ ზ. ბ-ემ ვერ შესძლო მიეთითებინა და სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რაც ქ. ტ-ის სარჩელის უსაფუძვლობას დაადასტურებდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებულ მტკიცებულებები; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ხელწერილი, რომელიც მიმართულია სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელისადმი და დასათაურებულია ხელშეკრულებით. სასამართლომ ისე მიიჩნია აღნიშნული ხელწერილი მოსარჩელესა და ვინმე თ. თედორაძეს შორის დადებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებად, და ისე ჩათვალა მოსარჩელე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად, რომ არ გამოურკვევია, იყო თუ არა ქ. ტ-ი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი, გაესხვისებინა ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულების _ მორიგების აქტის არასწორი შეფასების შედეგია, რადგან მორიგების აქტის თანახმად, ზ. ბ-ემ განაცხადა თანხმობა ქ. ტ-ისათვის მიეცა უფლება, ხოლო მოსარჩელემ განაცხადა თანხმობა და იკისრა ვალდებულება მორიგების აქტის დამტკიცებიდან სამი თვის განმავლობაში მოეხდინა ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია და მორიგების პირობას წარმოადგენდა არა ქ. ტ-ის მიერ ზ. ბ-ისათვის, საცხოვრებელი სახლის მყიდველის მოძიება და მოყვანა, არამედ სადავოდ ქცეული სახლის რეალიზაცია მოპასუხის მიერ მისთვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. გაუგებარია, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, რომელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები გამოიყენა სასამართლომ და რომელი სამართლებრივი ნორმების გამოყენების საფუძველზე მიიჩნია მორიგების აქტი მხარეებს შორის დადებულ პირობით გარიგებად, შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა პირობითი გარიგებიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია პირობითი გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 434-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ეს დაუბრუნდეს 2011 წლის 25 ივლისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –3733.20 ლარის 70% _ 2613.24 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ზ. ბ-ეს დაუბრუნდეს 2011 წლის 25 ივლისს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –3733.20 ლარის 70% _ 2613.24 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.