Facebook Twitter

ას-976-1010-2011 15 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე -Mბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ფ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ სს “... ბანკის” სარჩელის გამო, მოპასუხეების: ფ. ა-ისა და შპს “აგრიტექნიკს ფუდის” მიმართ, ასევე, ფ. ა-ის შეგებებული სარჩელის გამო, მოპასუხე სს “... ბანკის” მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით ფ. ა-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ა. კ-ის ადვოკატის მოწმობის ა-ის წარმოდგენა.

2011 წლის 20 ივლისს ფ. ა-ის წარმომადგენელმა ა. კ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ა-ი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ერთი თვით, იმ საფუძვლით, რომ კასატორი არ იმყოფება საქართველოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ფ. ა-ის წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით.

2011 წლის 8 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა ა. კ-მა კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით და იშუამდგომლა საპროცესო ვადის კიდევ 5 (ხუთი) დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ფ. ა-ის წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ა-ი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა 2011 წლის 15 აგვისტოს (ტ.II, ს.ფ. 140).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 16 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 20 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 20 აგვისტო დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 22 აგვისტოს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.