ას-978-1012-2011 14 სექტემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ბ-ი”
მოწინააღმდეგე მხარეები _ სს “ე. ჯ-ა”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ე. ჯ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ-ის” მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: სს “ბ-ი” არის სს “ე. ჯ-ის” აბონენტი, რომლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით განისაზღვრა. მოპასუხეს არაერთგზის გაეგზავნა და ჩაჰბარდა ქვითარი აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც მოპასუხეს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
მოპასუხე სს “ბ-ის” დირექტორმა გოჩა ხურციძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სს “ბ-ის” ბალანსზე მყოფ ტრანსფორმატორზე უკანონოდ იყო მიერთებული რესტორანი ,,ჩ. ს-ე”. 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში სს ,,ბ-ი” არ მუშაობდა და არც ელექტროენერგიას მოიხმარდა. ,,ე. ჯ-ამ” რესტორანი ,,ჩ. ს-ე” დააჯარიმა. ეს უკანასკნელი არ არის ,,ე. ჯ-ის” აბონენტი, რის გამოც მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას მისგან მოითხოვს ენერგოკომპანია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ე. ჯ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ-ამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ე. ჯ-ას” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “ე. ჯ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ბ-ს” სს “ე. ჯ-ას” სასარგებლოდ დაეკისრა 5488,53 ლარის გადახდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის (მიწოდების) ხელშეკრულებიდან. სააბონენტო ბარათის მონაცემების მიხედვით სს „ბ-ი“ 2007 წლის 12 ივნისიდან არის სს „ე. ჯ-ის“ აბონენტი. იგი ელექტროენერგიას მოიხმარს მცხეთაში, თ-ის ¹22-ში და არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. მისი სააბონენტო ნომერია 4110090821. სს „ბ-ი“ აბონენტად აღრიცხვის შემდგომ იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. სს „ბ-ის“ კუთვნილი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით დაფიქსირდა 4832,03 ლარის ელექტროენერგიის მოხმარება 2009 წლის დეკემბრისა და 2010 წლის იანვარში. ასევე დადასტურებულია აბონენტ სს „ბ-ზე“ დეპოზიტის დარიცხვა 656 ლარის ოდენობით. მითითებულ დავალიანებას სს „ბ-ი“ არ იხდის. სს „ე. ჯ-ის“ მიერ მოთხოვნილ თანხის ოდენობა 5488,53 ლარზე, მოპასუხე მხარე არ დავობს. მოპასუხე მხარის სს „ბ-ის“ მიერ დასტურდება ამ ოდენობის ღირებულების ელექტროენერგიის ხარჯი მისი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თუმცა, მხარის მტკიცებით, ელექტროენერგია დახარჯა შპს „ჩემმა ს-ემ“ და სწორედ ის წარმოადგენს სს ,,ე. ჯ-ის” მიმართ ვალდებულ პირს დავალიანების ანაზღაურებაზე. სს „ბ-ის“ მიერ დადასტურებულია და სადავო არაა, რომ ერთი წლის განმავლობაში შპს „ჩ. ს-ე“ სს „ბ-თან“ შეთანხმებით ამ უკანასკნელის სააღრიცხვო კვანტის (ტრანსფორმატორის) და ინდივიდუალური მრიცხველის გამოყენებით მოიხმარდა ელექტროენერგიას, რასაც აღრიცხავდა სს „ბ-ის“ ინდივიდუალური მრიცხველი. მათივე ურთიერთშეთანხმებით მათ შორის ხდება მოხმარებული ელექტრენერგიის საფასურის განაწილება და გადახდა. სს „ბ-ის“ მტკიცებით, 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც განხორციელდა სს „ე. ჯ-ას“ მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესაბამისი ელექტროენერგიის მოხმარება, შპს „ჩ. ს-ე“ სს „ბ-თან“ შეთანხმების გარეშე თვითნებურად იყო მიერთებული სს ,,ბ-ის” ინდივიდუალურ მრიცხველზე შესაბამისად, დახარჯა ელექტროენერგია და დავალიანებაც დაგროვდა. 2009 წლის 18 ნოემბერს სს „ე. ჯ-ის“ მცხეთა-მთიანეთის ფილიალმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მტ-0055 შპს „ჩ. ს-ის“ მიმართ. ოქმში მითითებულია, რომ ქ.მცხეთაში, თ-ის ქუჩა ¹4-ში, შპს „ჩ. ს-ის“ აღრიცხვის კვანძის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ობიექტი ენერგოკომპანიაში აბონენტად რეგისტრირებული არ არის. მოიხმარს ელექტროენერგიას აბონენტად აღრიცხვის გარეშე. აღნიშნული ფაქტის გამო 2009 წლის 18 ნოემბერს სს „ე. ჯ-ამ“ ასევე შეადგინა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი ¹ 0905026, რომელშიც აღნიშნულია, რომ რესტორანი „ჩ. ს-ე“ კომპანიაში აბონენტად რეგისტრირებული არ არის, ელექტროენერგიას მოიხმარს აღრიცხვის გარეშე. საჭიროა ობიექტი ენერგოკომპანიაში აბონენტად დაფიქსირდეს და მოეწყოს აღრიცხვის კვანძი.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის და ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ელექტროენერგიის მიმწოდებელი – სს „ე. ჯ-ა“ უფლებამოსილია, სწორედ სს „ბ-ს“, როგორც მომხმარებელს, მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა, რამდენადაც სწორედ სს „ბ-ის“ კუთვნილი ინდივიდუალურ მრიცხველზე დაფიქსირდა მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესაბამისი ელექტროენერგიის მოხმარება. სს „ბ-ი“ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც ელექტროენერგიის შემძენი, წარმოადგენს სს „ე. ჯ-ის“ მიმართ ვალდებულ პირს, მის კუთვნილ მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების მიხედვით უნდა განახორციელოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს საქმეში მესამე პირის (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) სტატუსით ჩართული შპს „ჩ. ს-ე“ პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ამგვარი დასკვნისათვის, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა ეფუძნება სამართლებრივ ნორმათა არასწორი განმარტების და ფაქტობრივი გარემოების არასწორ სამართლებრივ შეფასებას.
„ელექტროენერგის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის ასევე მე-4 პუნქტის დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჩ. ს-ე“ უკანონოდ ხარჯავდა ელექტროენერგიას და, როგორც უკანონო მომხმარებელი, სწორედ ის იყო ვალდებული, უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდაზე სს „ე. ჯ-ის“ მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ჩ. ს-ის“ მიმართ შედგენილი 2009 წლის ნოემბრის სამართალდარღვევის ოქმითა და აღრიცხვიანობის კვანძის შემოწმებით აქტით დადგენილია მხოლოდ უკანონოდ ელექტროენერგიის მოხმარება, ანუ აბონენტად აყვანის დარეგისტრირების გარეშე ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. დადგენილია, რომ შპს „ჩ. ს-ეს“ არ ჰქონდა დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველი და მის მიერ დახარჯული მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდა სს „ბ-ის“ მრიცხველზე, შესაბამისად, შპს „ჩ. ს-ის“ მხრიდან სამართალდარღვევა არ გამოვლენილა ელექტროენერგიის დატაცებაში და იგი ელექტროენერგიას იღებდა სს „ბ-ის“ აღრიცხვის კვანძის მეშვეობით და მისი მრიცხველით.
პალატამ ასევე განმარტა, რომ 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „ბ-ი“, როგორც მომხმარებელი პასუხისმგებელი იყო, საკუთარი ელექტროაღრიცხვის კვანძისა და მრიცხველის შენახვაზე, შესაბამისად, სს „ბ-ის“ მხრიდან იმის მტკიცება, რომ სადავო პერიოდში – 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში მის კუთვნილ მრიცხველზე შპს „ჩ. ს-ის“ მიერ თვითნებურად მოხდა დაერთება და თანხის გადახდაც მის მიერ უნდა ანაზღაურდეს, მოკლებულია დამაჯერებლობას, მით უმეტეს, რომ როგორც, უდავოდ არის დადგენილი, მისივე თანხმობით შპს „ჩ. ს-ე“ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოიხმარდა მისი მრიცხველის გამოყენებით ელექტროენერგიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ბ-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-4 მუხლი. შპს „ჩ. ს-ეს“ არ ჰქონდა ინდივიდუალური მრიცხველი, არ ჰქონდა მოწყობილი აღრიცხვის კვანძი და სს ბ-ის” და შპს „ჩ. ს-ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდა ერთ მრიცხველზე, შესაბამისად, ელექტროენერგია არ დაუტაცებია. გახარჯულ ენერგიაზე პასუხისმგებელი და გადამხდელი იყო ორივე პირი, რაც სს ,,ე. ჯ-ისათვის” ცნობილი იყო და სარჩელში მოპასუხედ უნდა მიეთითებინა შპს ,,ჩ. ს-ეც”. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ფაქტის გამოვლენის შემდეგ ენერგოკომპანიას არ შეუწყვეტია შპს „ჩ. საკუნისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდება. თუკი მოსარჩელეს შპს „ჩ. ს-ის“ მიერ ელექტროენერგიის მოხმარება მიიჩნია უკანონოდ, „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესდების“ მე-8 მუხლი განაწილების ლიცენზიანტს ავალდებულებდა, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებლისათვის შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და, შესაბამისად, უნდა გადაეხადა ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელ შპს „ჩ. ს-ეს“. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლის I ნაწილზე, მაგრამ აქვე არ გამოიყენა და არ მიუთითა სპეციალური ნორმა „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მუხლები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ჩ. ს-ე“ არ უარყოფდა პასუხისმგებლობას გახარჯულ ელექტროენერგიაზე და აღიარებდა გახარჯული ელექტროენერგიის თანხის ანაზღაურებას, რაც დადასტურებულია ადმინისტრაციული ოქმებიდან, სადაც მითითებულია, რომ შპს „ჩ. ს-ე“ ელექტროენერგიას მოიხმარდა აღრიცხვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ბ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინება სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე მუხლების თანახმად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ბ-ს” დაუბრუნდეს 2011 წლის 15 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ბ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სს “ბ-ს” დაუბრუნდეს 2011 წლის 15 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.