Facebook Twitter

ას-987-1021-2011 15 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს “ს-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. ჩ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე _ სს “ს-ის” მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინებით სს “ს-ის” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში 1022.85 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მ. კ-ძის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა.

2011 წლის 22 ივლისს სს “ს-ის” დირექტორმა მ. კ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 5 (ხუთი) დღით გაგრძელებაზე, იმ საფუძვლით, რომ საწარმო იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით სს “ს-ის” დირექტორ მ. კ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს 5 (ხუთი) დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 1022.85 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწნებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

სამოქალაქო საპროცესო კოდეექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 1 აგვისტოს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სს “ს-ის” დირექტორ მ. კ-ძის მდივანს სოფიო მაღლაქველიძეს (ტ. I, ს.ფ. 218).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 2 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 6 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 6 აგვისტო დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 8 აგვისტოს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს-ის” დირექტორ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.