¹ას-993-1026-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს “ბ. ე-აი”
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მოპასუხე შპს “ბ. ე-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. ¹2/4/2-42 და ¹2/4/2-91 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 16108.28 ლარის ოდენობით;
ბ. მოპასუხისათვის ¹2/4/2-171 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობების საფუძველზე წუნდებული ღამის ხედვის ხელსაწყოს შეცვლა (ტომი I, ს.ფ. 2-17).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16108.28 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ღამის ხედვის ხელსაწყოს შეცვლაზე (ტომი I, ს.ფ. 322-329).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ. ე-აიმ”, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 334-344).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ბ. ე-ას” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ბ. ე-ას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13501.10 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილად უნდა მიჩნეულიყო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, როგორც შემსყიდველსა და შპს “ბ. ე-აის”, როგორც მიმწოდებელს შორის 2008 წლის 27 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹2/4/2/-42 ხელშეკრულება, რომლის 3.2 პუნქტით მიმწოდებლის _ შპს “ბ. ე-აის” ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა). 2008 წლის 1 მაისამდე შემსყიდველისათვის მიწოდებული უნდა ყოფილიყო:
_ ზაფხულის მწვანე ფერის საველე ფორმა 2500 კომპ (1 კომპ. 101 ლარი),
_ ფეხსაცმელი მაღალყელიანი 1500 წყვილი (1 წყვილი 81 ლარი);
_ კარავი 20 პერსონაზე 30 კომპ (1 კომპ 1822 ლარი),
_ საძილე ტომარა 1000 ცალი (1 ცალი 103 ლარი),
ბ). 2008 წლის 1 ივლისამდე შემსყიდველისათვის მიწოდებული უნდა ყოფილიყო:
_ ზაფხულის მწვანე ფერის საველე ფორმა 4900 კომპ (1 კომპ 101 ლარი),
_ ზაფხულის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1600 კომპ (1 კომპ 101 ლარი),
_ ზაფხულის კომუფლირებული საველე ფორმა 1000 კომპ (1 კომპ 101 ლარი),
_ ფეხსაცმელი მაღალყელიანი 3000 წყვილი (1 წყვილი 81 ლარი),
_ ქურთუკი პოლარტეკის მწვანე ფერის 1900 კომპ (1 კომპ 80 ლარი),
_ ქურთუკი პოლარტეკის ლურჯი ფერის 900 კომპ (1 კომპ 80 ლარი),
_ დანა მრავალფუნქციური 500 ცალი (1 ცალი 29 ლარი),
_ ფეხსაცმელი დაბალყელიანი 4000 წყვილი (1 წყვილი 55 ლარი),
_ ზამთრის საცვალი 4000 წყვილი (1 წყვილი 20 ლარი),
_ ქამარი აღჭურვილობის 2000 ცალი (1 ცალი 23 ლარი),
_ ხელთათმანი 4000 ცალი (1 ცალი 22 ცალი),
_ ზურგჩანთა 400 ცალი ( 1 ცალი 90 ლარი),
_ კარავი 2 კაცზე 150 ცალი ( 1 ცალი 95 ლარი),
_ კომბინიზონი 400 ცალი,
_ ფარანი საშუალო 1000 ცალი,
_ ხელბორკილი 2000 ცალი,
_ პულოვარი მწვანე 3000 ცალი,
_ პულოვერი ლურჯი 1000 ცალი,
_ საწვიმარი ლაბადა 1500 ცალი.
გ). 2008 წლის 30 სექტებრამდე შემსყიდველისათვის მიწოდებული უნდა ყოფილიყო:
_ ზამთრის მწვანე ფერის საველე ფორმა 2400 კომპ (1 კომპ 259 ლარი),
_ ზამთრის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1000 კომპ (1 კომპ 259 ლარი),
_ ზამთრის კომუფლირებული საველე ფორმა 500 კომპ (1 კომპ 259 ლარი).
დასახელებული გარემოება არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და ხელშეკრულებით;
2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული 5 დღისათვის მიმწოდებლისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;
2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2-42 ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეების გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებით, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენისაგან.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ასევე შემდეგი გარემოებები:
2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდება, რომელიც ყველაზე გვიან უნდა განხორცილებულიყო 1 მაისამდე, განხორციელედა შემდეგი სახით:
_ ზაფხულის მწვანე ფერის საველე ფორმა 2500 კომპ _ 12 მარტს,
_ ფეხსაცმელი მაღალყელიანი 1500 წყვილი მიწოდება _ 20 ივნისს,
_ კარავი 20 პერსონაზე 30 კომპ (1 კომპ 1822 ლარი) _ 09 ივლისს,
_ საძილე ტომარა 1000 ცალი (1 ცალი 103 ლარი) _ 6 ივნისს.
დასახელებული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და სასაქონლო ზედნადებებით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამომდინარე იქედან, რომ ფორს-მაჟორული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელემ პრეტენზია განაცხადა ვადის დარვევაზე მხოლოდ 1 ივლისის შემდეგი არსებული გადაცილებისათვის, კარვის მიწოდების ვადის 8 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული კარვების ღირებულების _ 54660 ლარის (30 X 1822) 0.5 %-ის _ 273.30 ლარის ოდენობით.
საქმეზე დგინდებოდა, რომ 2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდება, რომელიც ყველაზე გვიან უნდა განხორცილებულიყო 1 ივლისამდე, განხორცილედა შემდეგი სახით:
_ ზაფხულის მწვანე ფერის საველე ფორმა 4900 კომპ (1 კომპ 101 ლარი) _ 06 ივნისს,
_ ზაფხულის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1600 კომპ-დან (1 კომპ 101 ლარი) 1577 კომპ _ 06 ივნისს, ხოლო 23 კომპ _ 07 ნოემბერს,
_ ზაფხულის კომუფლირებული საველე ფორმა 1000 კომპ-დან (1 კომპ 101 ლარი) 999 კომპ _ 9 ივლისს, 1 კომპ _ 7 ნოემბერს;
_ ფეხსაცმელი მაღალყელიანი 3000 წყვილიდან (1 წყვილი 81 ლარი) 1500 წყვილი მიწოდებილ იქნა 20 ივნისს,
_ ქურთუკი პოლარტეკის მწვანე ფერის 2900 კომპ-დან (1 კომპ 80 ლარი) 2857 კომპ _ 9 ივლისს, ხოლო 43 კომპ _ 7 ნოემბერს,
_ ქურთუკი პოლარტეკის ლურჯი ფერის 1000 კომპ-დან (1 კომპ 80 ლარი) 999 კომპ _ 9 ივლისს, ხოლო 1 კომპ _ 7 ნოემბერს,
_ დანა მრავალფუნქციური 500 ცალი (1 ცალი 29 ლარი) _ 6 ივნისს,
_ ფეხსაცმელი დაბალყელიანი 4000 წყვილიდან (1 წყვილი 55 ლარი) 1790 წყვილი 20 ივნისს, 8 _ 7 ნოემბერს, ხოლო 2 წყვილი _ 15 ნოემბერს,
_ ზამთრის საცვალი 4000 წყვილი (1 წყვილი 20 ლარი) _ 20 ივნისს,
_ ქამარი აღჭურვილობის 2000 ცალიდან (1 ცალი 23 ლარი) 1980 ცალი _ 20 ივნისს, ხოლო 20 ცალი _ 15 ნოემბერს,
_ ხელთათმანი 4000 ცალი (1 ცალი 22 ცალი) _ 06 ივნისს,
_ ზურგჩანთა 400 ცალიდან ( 1 ცალი 90 ლარი) 150 ცალი _ 12 მარტს, ხოლო 250 ცალი _ 09 ივლისს,
_ კარავი 2 კაცზე 150 ცალი ( 1 ცალი 95 ლარი) _ 09 ივლისს,
_ კომბინიზონი 400 ცალი _ 06 ივნისს,
_ ფარანი საშუალო 1000 ცალიდან _ 360 ცალი 09 ივლის, ხოლო 640 ცალი _ 7 ნოემბერს.
_ ხელბორკილი 2000 ცალი 20 ივნისს,
_ პულოვარი მწვანე 3000 ცალი _ 20 ივნისს,
_ პულოვერი ლურჯი 1000 ცალ _ 20 ივნისს,
_ საწვიმარი ლაბადა 1500 ცალი _ 20 ივნისს.
დასახელებული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და სასაქონლო ზედნადებებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ფორს-მაჟორული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელემ პრეტენზია განაცხადა ვადის დაღვევაზე მხოლოდ 1 ივლისის შემდეგ არსებული ვადის დარღვევისათვის, სააპელაციო სასასმართლომ მიიჩნია, რომ:
ზაფხულის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1600 კომპ-დან (1 კომპ 101 ლარი) 23 კომპ-ის მიწოდების ვადის 129 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისადან 7 ნოემბერამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 23 ერთეულის ღირებულების _ 2323 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 129 დღისათვის) _ 290.40 ლარის ოდენობით;
ზაფხულის კომუფლირებული საველე ფორმა 1000 კომპ-დან (1 კომპ 101 ლარი) 999 კომპ-ის მიწოდების ვადის 8 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისიდან 9 ივლისამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 999 ერთეულის ღირებულების _ 100899 ლარის 0.5%-ის _ 504.50 ლარის ოდენობით, ხოლო 1 კომპ-ის მიწოდების 129 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისადან 7 ნოემბერამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მისი ღირებულების _ 101 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის, 129 დღისათვის) _ 12.60 ლარის ოდენობით;
ქურთუკი პოლარტეკის მწვანე ფერის 2900 კომპ-დან (1 კომპ 80 ლარი) 2857 ცალის მიწოდების 8 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 2857 ერთეულის ღირებულების _ 228560 ლარის 0.5%-ის _ 1142.8 ლარის ოდენობით, ხოლო 43 ცალის მიწოდების ვადის 129 დღით გადაცილებისათვის _ 43 ერთეულის ღირებულების _ 3440 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 129 დღისათვის) _ 430 ლარის ოდენობით;
ქურთუკი პოლარტეკის ლურჯი ფერის 1000 კომპ-დან (1 კომპ 80 ლარი) 999 ცალის მიწოდების 8 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 999 ერთეულის ღირებულების _ 79920 ლარის 0.5%-ის _ 399.6 ლარის ოდენობით, ხოლო 1 ცალის მიწოდების ვადის 129 დღით გადაცილებისათვის _ მისი ღირებულების _ 80 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 129 დღისათვის) _ 10 ლარის ოდენობით.;
დაბალყელიანი ფეხსაცმლიდან (1 წყვილი 55 ლარი) 8 წყვილის მიწოდების 129 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 8 წყვილის ღირებულების _ 440 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 129 დღისათვის) _ 55 ლარის ოდენობით, ხოლო 2 წყვილის მიწოდების ვადის 135 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისიდან 15 ნოემბრამდე) მისი ღირებულების _ 110 ლარის 13.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 135 დღისათვის) _ 14.85 ლარის ოდენობით;
20 ცალი ქამრის (1 ცალი 23 ლარი) მიწოდების 135 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 20 ერთელის ღირებულების _ 460 ლარის 13.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 135 დღისათვის) _ 62 ლარის ოდენობით;
400 ცალი ზურგჩანთიდან 250 ერთეულის (1 ცალი 90 ლარი) მიწოდების ვადის 8 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისიდან 9 ივლისამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 250 ერთეულის ღირებულების _ 22500 ლარის 0.5%-ის _ 112.5 ლარის ოდენობით;
150 ცალი ორკაციანი კარვის (1 ცალი 95 ლარი) მიწოდების ვადის 8 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისიდან 9 ივლისამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 150 ერთეულის ღირებულების _ 14250 ლარის 0.5%-ის _ 71.25 ლარის ოდენობით;
1000 ცალიდან 360 ცალი ფარნის (1 ცალი 61 ლარი) მიწოდების ვადის 8 დღით გადაცილებისათვის (1 ივლისიდან 9 ივლისამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 360 ერთეულის ღირებულების _ 21960 ლარის 0.5%-ის _ 109.8 ლარის ოდენობით, ხოლო 640 ფარნის მიწოდების ვადის 125 დღით გადაცილებისათვის _ 640 ერთეულის ღირებულების _ 39040 ლარის 12.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 129 დღისათვის) _ 4880 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულების 3.2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწოდება, რომელიც ყველაზე გვიან უნდა განხორცილებულიყო 30 სექტემბრამდე, განხორცილდა შემდეგი სახით:
_ ზამთრის მწვანე ფერის საველე ფორმა 2400 კომპ-დან (1 კომპ 259 ლარი) 1665 კომპ _ 06 ივნისს, 735 კომპ _ 20 ივნისს,
_ ზამთრის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1000 კომპ-დან (1 კომპ 259 ლარი) 984 კომპ _ 06 ივნისს, 16 კომპ _ 07 ნოემბერს,
_ ზამთრის კომუფლირებული საველე ფორმა 500 კომპ-დან (1 კომპ 259 ლარი) 495 კომპ _ 06 ივნისს, 5 კომპ _ 07 ნოემბერს.
დასახელებული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და სასაქონლო ზედნადებებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზამთრის ლურჯი ფერის საველე ფორმა 1000 კომპ-დან (1 კომპ 259 ლარი) 16 კომპ-ის მიწოდების ვადის 37 დღით გადაცილებისათვის (30 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 16 ერთეულის ღირებულების _ 4144 ლარის 3.5%-ის (0.5% 37 დღისათვის) _ 145 ლარის ოდენობით. ასევე, ზამთრის კომუფლირებული საველე ფორმა 500 კომპ-დან (1 კომპ 259 ლარი) 5 კომპ-ის მიწოდების ვადის 37 დღით გადაცილებისათვის (30 სექტემბრიდან 7 ნოემბერამდე) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 5 ერთეულის ღირებულების _ 1295 ლარის 3.5%-ის (0.5% 37 დღისათვის) _ 45.4 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების შპს “ბ. ე-აის” მიერ ვადაგადაცილებისათვის (უდავო ფორს-მაჟორული გარემოების გამო ვადის გადაცილების გამოკლებით) პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 8559 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, როგორც შემსყიდველსა და შპს “ბ. ე-აის”, როგორც მიმწოდებელს შორის 2008 წლის 27 მარტს გაფორმებულ ¹2/4/2/-91 ხელშეკრულებაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც მიმწოდებელს _ შპს “ბ. ე-აის” განესაზღვრა ვალდებულება, შემსყიდველისათვის 45 კალენდარული დღის ვადაში მიეწოდებინა შემდეგი ნივთები:
_ ჯავშანჟილეტი 500 ცალი (1 ცალი 1025 ლარი),
_ მუზარადი 100 ცალი (1 ცალი 260 ლარი),
_ ზურგჩანთა 500 ცალი (1 ცალი 59 ლარი),
_ საბანი 500 ცალი (1 ცალი 36 ლარი).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოება არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და ხელშეკრულებით; 2008 წლის 27 მარტის ¹2/4/2/-91 ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული 5 დღისათვის მიმწოდებლისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; მითითებული ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი. “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეების გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენისაგან.
საქმეზე დგინდებოდა, რომ 2008 წლის 27 მარტის ¹2/4/2/-91 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება, რომელიც ყველაზე გვიან უნდა განხორცილებულიყო 2008 წლის 11 მაისამდე, განხორცილედა შემდეგი სახით:
_ ჯავშანჟილეტი 500 ცალი (1 ცალი 1025 ლარი) _ 14 მაისს,
_ მუზარადი 100 ცალი (1 ცალი 260 ლარი) _ 14 მაისს
_ ზურგჩანთა 500 ცალიდან (1 ცალი 59 ლარი) 150 ცალი _ 09 ივლისს, ხოლო 350 ცალი _ 07 ნოემბერს,
_ საბანი 500 ცალიდან (1 ცალი 36 ლარი) _ 499 ცალი _ 20 ივნისს, 1 ცალი _ 07 ნოემბერს.
დასახელებული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, დასტურდებოდა მხარეთა განმარტებებითა და სასაქონლო ზედნადებებით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 500 ცალი ზურგჩანთიდან 150 ცალის მიწოდების ვადის 58 დღით გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული ზურგჩანთების ღირებულების _ 8850 ლარის (150 X 59) 5.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის, 58 დღისათვის) _ 486.75 ლარის ოდენობით. 350 ცალი ზურგჩანთის მიწოდების ვადის 189 დღით (189/5=37.8, იანგარიშება 37-ჯერ 5 დღეზე) გადაცილებისათვის პირაგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული ზურგჩანთების ღირებულების _ 20650 ლარის 17.5 %-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 189 დღისათვის _ 20650/100X0.5X37) _ 3820.25 ლარის ოდენობით. 500 ცალი საბნიდან 499 ერთეულის მიწოდების ვადის 39 დღით გადაცილებისათვის (მიწოდება ნაცვლად 11 მაისისა 20 ივნისს) პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული საბნების ღირებულების _ 17964 ლარის (499 X 36) ლარის 3.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 39 დღისათვის) _ 628.74 ლარის ოდენობით. 1 ცალი საბნის მიწოდების ვადის 177 დღით გადაცილებისათვის (11 მაისიდან 7 ნოემბრამდე) პირაგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მიწოდებული საბნის ღირებულების _ 36 ლარის 17.5%-ის (0.5% ყოველი 5 დღით გადაცილებისათვის 177 დღისათვის) _ 6.5 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 27 მარტის ¹2/4/2/-42 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების შპს “ბ. ე-აის” მიერ ვადაგადაცილებისათვის (უდავო ფორს-მაჟორული გარემოების გამო ვადის გადაცილების გამოკლებით) პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა სულ 4942.10 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 1 ივლისის შემდეგ მოპასუხე შპს “ბ. ე-ის” მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამომწვევი რაიმე სახის ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმაზე, რომ ასეთად უნდა მიჩნეულიყო ტვირთის გადაზიდვისას 2008 წლის აპრილში მომხდარი შემთხვევა შანხაის პორტში, როდესაც საქონლით დატვირთული კონტეინერი ჩავარდა მდინარეში, რაც ასევე დასტურდებოდა ჩინეთის პოლიციის მოხსენებითი ბარათით. მოპასუხის მიერ მითითებული შემთხვევის თაობაზე ეცნობა რა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2008 წლის 29 აპრილის წერილით (ტომი I, ს.ფ. 44), ამ უკანასკნელმა გაიზიარა მიწოდების ვადის დარღვევა მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და არსებული ვადის დარღვევისათვის არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები 1 ივლისამდე გადაცილებული ვადებისათვის (ტომი I, ს.ფ. 42,43). ის გარემოება, რომ შანხაის პორტში მოხდარი შემთხვევით, როგორც ფორს-მაჟორული გარემოებით იყო გამოწვეული ვადის დარღვევა მხოლოდ 2008 წლის 1 ივლისამდე, დასტურდებოდა თვითონ მიმწოდებლის _ შპს “ბ. ე-ას” 2008 წლის 29 აპრილისა და 30 მაისის წერილებით, რომელთა შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოების გათვალისწინებით 2008 წლის 27 თებერვლის ¹2.4.2-42 ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული შესრულება განხორციელდებოდა ივნისის ბოლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო აპელანტის არგუმენტი იმაზე, რომ აღნიშნული დათქმა ეხებოდა ტვირთის პორტში Eშესვლას და არა შემსყიდველისათვის მიწოდებას. როგორც 2008 წლის 30 მაისის წერილით არის დაზუსტებული, ამ დროისათვის პორტში უკვე შესული იყო ორი კონტეინერი, ორი უნდა ჩამოსულიყო 10-15 ივნისს, ხოლო ერთი _ ივნისის ბოლოს (ტომი I, ს.ფ. 47). ამდენად, 2008 წლის 1 ივლისის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად 2008 წლის აპრილში მომხდარ შეთხვევაზე, როგორც ფორს-მაჟორზე მითითება უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმაზე, რომ ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა, 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, 4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებებისა და მათგან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდაზე ვადამოსული ვალდებულების არსებობას. რაც შეეხებოდა ვალდებულების შესრულებასა და არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის მტკიცებას, მისი, როგორც შესაგებლის საფუძველისა და ამასთან, პოზიტიურად მტკიცების ობიექტის დადასტურება ეკისრებოდა სწორედ მოპასუხეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგინდა, 2008 წლის 27 თებერვლის ¹2/4/2-42 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს “ბ. ე-აის” ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 8559 ლარს, ხოლო 2008 წლის 27 მარტის ¹2/4/2-91 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის _ 4942.10 ლარს. ამასთან, ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი რაიმე სახის გარემოების არსებობა მოპასუხემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “ბ. ე-ას” უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა სულ 13501.10 ლარის ოდენობით (ტომი II, ს.ფ. 63-80).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე შპს “ბ. ე-აიმ” შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13501 ლარის გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის პრეტენზია უკავშირდება სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას, რომელიც შეეხება ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზეგავლენის საკითხს ვალდებულების შესრულების პროცესთან მიმართებით.
კასატორის მოსაზრებით, ძირითადი ნაკლოვანება, რითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია ხასიათდება შემდეგში მდგომარეობს: გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მხრიდან იმ გარემოებაზე აპელირებას, რომ შპს “ბ. ე-აის” 2008 წლის 29 აპრილისა და 30 მაისის წერილებით განსაზღვრული იყო საქონლის არა მიწოდება 2008 წლის ივნისის ბოლომდე პერიოდში, არამედ ეს იყო ინფორმაციის მიწოდება ვალდებულებათა შესრულების მოსალოდნელი გეგმების შესახებ. სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკავა მცდარი პოზიცია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, რომ 2008 წლის 29 აპრილისა და 2008 წლის 30 მაისის წერილებში მართლაც წერია 2008 წლის ივნისის ბოლომდე “ტვირთის შემოსვლის შესახებ”, რაც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მივიჩნიოთ ორაზროვანი შინაარსის მატარებელ ფრაზად, ფაქტია, რომ შესაძლებელია ნიშნავდეს არა ტვირთის საბოლოო მიწოდებას, არამედ ტვირთის მოძრაობის იმ ეტაპის დასრულებას, როდესაც ტვირთი ფიზიკურად გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს, რის შემდეგაც აუცილებელი იქნებოდა რიგი სამუშაოების ჩატარება. ამასთან, ის, რომ გეგმაზომიერად მათი განხორციელება ნამდვილად ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზემოქმედების გამო ვერ მოხერხდა, ეს სადავო არ ყოფილა. საკამათო იყო მხოლოდ ის, თუ როდემდე გრძელდებოდა ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზემოქმედება და რომელი იყო ის უახლოესი თარიღი, როდესაც რაიმე ბრალეული გაჭიანურების გარეშე შესაძლებელი იყო ვალდებულების შესრულება ობიექტურად. აქედან გამომდინარეობს მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი სადავო არ იყო საკუთრივ ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზემოქმედებით ვალდებულების დარღვევა და ტვირთი მიწოდებულ არ იქნა ასეთი ზემოქმედების შემდეგ არცთუ დიდი ხნის დაგვიანებით, რაიმე ბრალეული გაჭიანურების მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდა სწორედ მოსარჩელეს.
კასატორის მითითებით, პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მოსარჩელე საკუთარ პოზიციას იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ზემოქმედების გამო მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პერიოდი გრძელდებოდა მხოლოდ 2008 წლის 1 ივლისამდე. რეალურად, ეს განმარტება არაფერზე დაყრდნობილი არ ყოფილა. გარდა ამისა, მოსარჩელე საკუთარ პოზიციას იმაზე ამყარებდა, რომ 2008 წლის 29 აპრილისა და 2008 წლის 30 მაისის წერილებში ზემოხსენებული საპროგნოზო მაჩვენებლების მითითება და მასზე სასაზღვრო პოლიციის დათანხმება ნიშნავდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რის შედეგადაც ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადები ტრანსფორმირდა. ამდენად, მოსარჩელეს საკუთარი პოზიცია იმაზე კი არ დაუფუძნებია, რომ ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზემოქმედების შედეგად მოპასუხეს ვალდებულება 2008 წლის 1 ივლისს უნდა შეესრულებინა, არამედ მას საერთოდ გამოჰყავს სამტკიცებელ გარემოებათა წრიდან ფორს-მაჟორულ გარემოებათა ზემოქმედების ვადები და აქცენტს აკეთებს ხელშეკრულებაში ცვლილების კონკლუდენტურად შეტანაზე, რაც მცდარი შეხედულებაა. აღნიშნული, წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა შორის შეთანხმებულ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ცვლილების გაფორმება აუცილებელი იყო წერილობით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რეალური და სწორი იქნებოდა, თუკი მოსარჩელის მხრიდან სადავო იქნებოდა საერთოდ ფორს-მაჟორული გარემოებების ზემოქმედების არსებობა. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა, მართლაც იმ მხარეს უნდა ეკისრებოდეს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დგას დღის წესრიგში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ ვალდებულების დარღვევა პრინციპულად ასეთმა გარემოებებმა განაპირობა, თუმცა საკამათოა მხოლოდ ზემოქმედებათა ხანგრძლივობის საკითხი. ანუ, მოპასუხის პოზიციის მიხედვით 2008 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის, შპს “ბ. ე-აი” პასუხისმგებლობისაგან თავისუფალია, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება 2008 წლის 1 ივლისიდან პერიოდისათვის. გონივრულია, რომ ასეთ დროს მოსარჩელემ ახსნას, თუ რატომ არის აღებული 2008 წლის 1 ივლისი, როგორც წყალგამყოფი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მისგან გათავისუფლებას შორის. კასატორი ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვინც უარყოფს, არ ამტკიცებს, მაგრამ მას მიაჩნია, რომ სასამართლომ ეს პრინციპი არასწორად გამოიყენა (ტომი II, ს.ფ. 84-91).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს “ბ. ე-აის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბ. ე-აის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ბ. ე-აის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (675.05 ლარი) 70% _ 472.535 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ბ. ე-აის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს “ბ. ე-აის” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (675.05 ლარი) 70% _ 472.535 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.