ას-1012-1043-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ იბა “ო. ვ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ფ. რ-ო”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “ფ.-რ-ომ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა “ო. ვ-ისა (დირექტორები: ზ. რ-ი, ზ. ზ-ი, გ. ა-ე) და შპს “ს-ო-2000”-ის მიმართ გაწეული მომსახურების საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ფ. რ-ოს” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ შპს “ფ.-რ-ოს” სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 10000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად 396 ლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2010 წლის 29 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 9 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იბა “ო. ვ-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით იბა “ო. ვ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იბა “ო. ვ-ის” თავმჯდომარე ზ. რ-ის წარმომადგენელმა ქ. უ-მა მართალია წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, თუმცა აღნიშნული განცხადებით მას სასამართლოს მიერ დავალებული ხარვეზი არ აღმოუფხვრია, კერძოდ წარმოადგინა მხოლოდ 485 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იბა “ო. ვ-ის” სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა იბა “ო. ვ-ის” წარმომადგენელმა ქ. უ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იბა “ო. ვ-ის” წარმომადგენელ ქ. უ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ტ. II ს.ფ. 3-5).
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, იბა “ო. ვ-ის” წარმომადგენელმა ქ. უ-მა ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო 485 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი სრულად არ იყო აღმოფხვრილი, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, რაც ასევე დავალებული ჰქონდა აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად, აპელანტისათვის თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მექანიზმი გულისხმობს ვითარებას, როცა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელია, რომ მხარემ არ შეავსო და არც აპირებს ხარვეზის შევსებას. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი შეეძლო განუხილველად დაეტოვებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხარვეზის გამოსწორების ვადის ხელმორედ გაგრძელების შემთხვევაშიც, იგი მაინც არ შეავსებდა ხარვეზს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
იბა “ო. ვ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.