Facebook Twitter

ას-1022-1053-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. თ-ი, ნ. ა-ი, ხ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების:Lმ. თ-ის, ნ. ა-ისა და ხ. გ-ას მიმართ და მოითხოვა ზ. ჯ-სა და მ. თ-ს შორის 2008 წლის 4 სექტემბერს, ქ. თბილისში, ... ქ.¹20-ში მდებარე ბინა ¹9-ზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშერულების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა 2008 წლის 30 სექტემბერს ერთი მხრივ მ. თ-სა და მეორე მხრივ ნ. ა-ს, ხ. გ-ას შორისდადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იპოთეკის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-მა, მოთხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ზ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2011 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ ზ. ჯ-ს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და 2011 წლის 7 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევით, წარმოდგენილი განცხადებით კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მძიმე ეკონომიური მდგომარეობსი გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მას დიდი ოდენობის თანხა დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რისი გადახდის საშუალებაც მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო არ გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ ზ. ჯ-ს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, 10 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის განჩინება ზ. ჯაბანშვილის ჩაჰბარდა 2011 წლის 24 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის ოჯახის წევრის, რძლის _ ნ. ე-ის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 294). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 25 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 3 ივნისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ზ. ჯ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, აღნიშნულის თაობაზე მან სასამართლოს მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 7 ივნისს მიმართა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, ზ. ჯ-მა დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.