ას-1029-1060-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ჭ-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. დ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინებითYუკანონოდ დარჩა განუხილველი მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნებს, სასამართლომ კი საქმე განიხილა არაობიექტურად, ასევე, საქმის არსებითად განხილვისას უკანონოდ არ დააკმაყოფილა ვ.დ-ის მოთხოვნები მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ვ. დ-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ.დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ მხარემ განცხადებაში მიუთითა გარემოებანი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის კერძო საჩივარს და უკვე შეფასდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რომლის 2010 წლის პირველი ივლისის განჩინებით ვ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი განცხადება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის, 422-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 426-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ამავე კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. დ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. ვ.დ-ის მითითებით, სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა, რომ მისი განცხადება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ვ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებასთან მიმართებით ვ. დ-ეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.
ვ. დ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ვ. დ-ის განცხადებას უარი ეთქვა მიღებაზე შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლზე და ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ჩათვალა, რომ მოცემული განცხადება სწორედ სააპელაციო სასამართლოს განსჯადი იყო, ამასთან, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 266-ე მუხლებით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და განცხადება განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ ვ. დ-ეს ამავე საფუძვლით უკვე მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის და მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული გარემოებები შეფასებული აქვს როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. დ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების: თ. ს-ისა და ს. ჩ-ძის მოცემული საქმის განხილვისაგან ჩამოცილება, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ სს “ჭ-ის” წარმომადგენლის ზეპირ განმარტებაზე დაყრდნობით უკანონოდ გააუქმა 2004 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, განსჯადობის მოთხოვნათა დაცვაზე მიუთითა, ხოლო მეორე მხრივ, უკანონოდ უთხრა უარი მის განხილვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით ვ.დ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ განცხადება, რომლის წარმოებაში მიღებაზეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 266-ე მუხლებით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ვ.დ-ეს ეთქვა უარი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს განხილული აქვს, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაში შესული განჩინებებით.
საკასაციო პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ ვ.დ-ემ 2011 წლის 4 აპრილის განცხადებაში მითითებული დებულებებით უკვე მიმართა სასამართლოს და აღნიშნული საფუძვლები საქმის წარმოების განახლების წინაპირობად სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავი, რომლითაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა წარმოადგენს არა საქმის წარმოების მორიგ საფეხურს, არამედ იგი ერთგვარი საგამონაკლისო წარმოებაა და დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის დანაწესი), იგი გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრებისკენ არაა მიმართული და ემსახურება მხოლოდ მხარის ბრალის გარეშე მისი სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად მისთვის ობიექტურად უცნობი გარემოებების საქმის განხილვის ეტაპზე არცოდნას, უფრო კონკრეტულად, აღნიშნული წარმოება შესაძლოა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეს არ შეეძლო მის სასარგებლო ფაქტებსა თუ მტკიცებულებებზე მითითება.
განსახილველ საქმეში წარმოდგენილი ვ.დ-ის განცხადებები ერთგვაროვანია, განხილული და შეფასებულია სასამართლოს მიერ, რაც მისი კანონიერება-დასაბუთების შეფასების ეტაპზე საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არ იქნა მიჩნეული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება კანონის ზემოაღნიშნულ ნორმებზე სავსებით მართებულია.
რაც შეეხება მოცემულ კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია, კერძოდ, მოცემული კერძო საჩივრით მხარე შემოიფარგლება გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასთან მიმართებით მხოლოდ მისი მოსაზრების გადმოცემით და რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლოა ამ განჩინების გაუქმების თუნდაც ფორმალური წინაპირობა გამხდარიყო, არ მიუთითებია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრონციპზე და დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი), ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, მხარეთა შორის განაწილებულია მტკიცების ტვირთი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმების ანალიზი იძლევა იმის დასკვნის მყარ გარანტიას, რომ სამოქალაქო უფლების დაცვის სასამართლო წესით რეალიზებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარის მიერ მოთხოვნის მართებულობის დასაბუთებას, მხარე თავადვეა ვალდებული სადავო საკითხთან მიმართებით მიუთითოს მისი პოზიციის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებაზე და უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის საფუძვლიანობას სწორედ მხარის მიერ მითითებული გარემოებების უტყუარობის შესწავლის საფუძველზე ადგენს.
განსახილველ შემთხვევაში ვ.დ-ე მოითხოვს რა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმებას, მას არ დაუსაბუთებია სასამართლოს მიერ მისი განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის უკანონობა, რაც მოცემული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
რაც შეეხება საქმის განმხილველი მოსამართლეების: თ.ს-ისა და ს.ჩ-ძის მიკერძოებულად მიჩნევას, სასამართლო ვერც კერძო საჩივრის ზემოაღნიშნულ არგუმენტს გაიზიარებს, რადგანაც მითითებული გარემოება ასევე დაუსაბუთებელია, ვ.დ-ე სასამართლოს მიკერძოებულად მიჩნევის წინაპირობად თვლის მხოლოდ იმას, რომ სასამართლომ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მას არ მიუთითებია. მხოლოდ აღნიშნული კი სასამართლოს მიკერძოებულად მიჩნევის წინაპირობა არაა, ასევე, მითითებული გარემოება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.