ას-1053-1083-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ხ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ის მიმართ და მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის 2009 წლის 11 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა გ. ხ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ. ხ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, მოთხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2011 წლის 27 აპრილისა და 2011 წლის 20 მაისის განჩინებებით აპელანტ გ. ხ-ეს, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობა, არც მისი სოციალური პირობები და სააპელაციო საჩივარი განუხილევლად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ აპელანტ გ. ხ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით 7 დღით, ხოლო 2011 წლის 20 მაისის განჩინებით 3 დღით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინება გ. ხ-ეს, კერძოდ, მის წარმომადგენელ მ. კ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 25 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე წარმომადგენლის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 30). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 30 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გ. ხ-ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ ეკონომიური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, არც რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა, გ. ხ-ეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, გ. ხ-ემ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.