Facebook Twitter

ას-1058-1088-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. დ-ე, ნ. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების რეალიზაცია, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. კ-ემ მოპასუხეების _ გ. დ-ისა და ნ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. დ-ემ ბათუმში, ... ქ.¹17ა-ში მდებარე უძრავი ქონება აჩუქა თავის ქალიშვილს, ნ. შ-ს; ბ. გ. დ-ისათვის, როგორც ნ. ქ-ძის კანონისმიერი მემკვიდრისათვის 20000 აშშ დოლარის დაკისრება; გ. აღნიშნული თანხის ასანაზღაურებლად ზემომითითებული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (ტომი II, ს.ფ. 2-10).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 79-86).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 92-100).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2011 წლის 25 მარტს და სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ლ. კ-ე და მისი წარმომადგენელი ნ. გ-ე; დასახელებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ და მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 11 მაისს; ლ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2011 წლის 27 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ასლი ლ. კ-ის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2011 წლის 11 მაისს, შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2011 წლის 25 მაისი.

იმის გათვალისწინებით, რომ ლ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში ნაცვლად 2011 წლის 25 მაისისა, შეიტანა 2011 წლის 27 მაისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 103-105).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 ივნისის განჩინება ლ. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნის დასასაბუთებლად შემდეგ არგუმენტებზე მიუთითებს:

სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება აპელანტს არ ჩაჰბარებია. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს კურიერის მეშვეობით აპელანტის წარმომადგენელ ნ. გ-ეს რეალურად ჩაჰბარდა 2011 წლის 12 მაისს, თავის სამსახურში, რომელიც მდებარეობს ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩის 32-ში. ტექნიკური შეცდომის გამო, წარმომადგენლის მიერ გზავნილის ჩაბარების თარიღად შესაბამის ფურცელზე დაფიქსირებულია 2011 წლის 11 მაისი. აღნიშნულ დღეს ნ. გ-ე მითითებულ მისამართზე მდებარე სამსახურში მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა. მან, 10 მაისს ა(ა)იპ “სამართლებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” სამართლებრივი დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი ინგა მ-ძე გააფრთხილა, რომ 2011 წლის 11 მაისს სამსახურში არ იქნებოდა, რადგან პირადი საქმეების გამო მიემგზავრებოდა შუახევის რაიონში. 11 მაისს ნ. გ-ე მართლაც გაემგზავრა შუახევში, საიდანაც დაბრუნდა იმავე დღის საღამოს რვა საათისათვის. მეორე დღეს, ანუ 12 მაისს, ნ. გ-ე გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც ჩაიბარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 11 მაისს აპელანტმა ლ. კ-ემ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმომადგენელ ნ. გ-ეს მიაკითხა სამსახურში, თუმცა ამ დღეს წარმომადგენელი საადვოკატო ბიუროში არ იყო მისული. როგორც მას საადვოკატო ბიუროს უფროსმა განუმარტა, ნ. გ-ე პირადი საქმის გამო ქალაქგარეთ იმყოფებოდა;

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ დაცულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის წარმომადგენელ ნ. გ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 12 მაისს. მართალია, აქედან 14-დღიანი ვადის ათვლის დასასრული თარიღია 2011 წლის 26 მაისი, მაგრამ ეს დღე არის უქმე დღე (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე). ამიტომ, სააპელაციო საჩივარი, რომელიც შეტანილი იქნა 27 მაისს, კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ ნ. გ-ეს გაეგზავნა მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური. სასამართლო გზავნილი ადრესატს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 11 მაისს, რაც მან დაადასტურა გზავნილზე ხელმოწერით (ტომი 2, ს.ფ. 87).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 12 მაისს და დასრულდა 2011 წლის 25 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. დროის ამ მონაკვეთში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ლ. კ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით _ 2011 წლის 27 მაისს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს კურიერმა მოსარჩელის წარმომადგენელ ნ. გ-ეს რეალურად ჩააბარა 2011 წლის 12 მაისს, თავის სამუშაო ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ.ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩის ¹32-ში. მიუხედავად ამისა, ტექნიკური შეცდომის გამო, გზავნილზე წარმომადგენელის მიერ მისი ჩაბარების თარიღად მითითებულია 2011 წლის 11 მაისი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის ჩაბარების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2011 წლის 11 მაისი, საიდანაც აპელანტს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში აქვს წარდგენილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება. ასეთად ვერ ჩაითვლება კერძო საჩივარზე თანდართული ა(ა)იპ “სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის” სამართლებრივი დაცვის ბიუროს ხელმძღვანელის ი.მ-ძის ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. გ-ე 11 მაისს მთელი დღის მანძილზე არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, მან რეალურად გადაწყვეტილება ჩაიბარა 2011 წლის 12 მაისს, მაგრამ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და ჩაბარების თარიღად დააფიქსირა 2011 წლის 11 მაისი (ტომი II, ს.ფ. 112). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არასაკმარისია მის მიერ მითითებული გარემოების სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნევისათვის. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებით ისიც კი არ დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ნ. გ-ე ა(ა)იპ “სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის” თანამშრომელია. ასეთ ვითარებაში, დამაჯერებლობასაა მოკლებული მითითებული ცენტრის სამართლებრივი დაცვის ბიუროს ხელმძღვანელის ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილით უდავოდ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 11 მაისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ დაუდასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 12 მაისს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. კ-ემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. კ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.