Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1304-88-(კ-05) 15 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა 2004წ. 19 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ თ. და ქ. ა-ების მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეების ქ. ბათუმში, ... მერიის საკუთრებაში არსებული ¹14 ბინიდან გამოსახლება.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ. ბათუმში, ... მდებარე საერთო 21 კვ.მ-ის ¹14 ერთოთახიანი კომუნალური საცხოვრებელი ბინის ერთადერთ დამქირავებელს წარმოადგენდა თ. კ-ე, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც გათავისუფლებულ საცხოვრებელ ბინაში დროებით ცხოვრობდნენ აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომლები.

2004წ. მაისში სადავო ბინა დაიკავა მეზობლად, ¹13 ბინაში მცხოვრებმა თ. და ქ. ა-ების ოჯახმა.

2004წ. 7 ივლისს მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილი, რომლითაც მათ დაევალათ 3 დღის ვადაში მერიის საკუთრებაში არსებული ¹14 ბინის გათავისუფლება, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეები თ. და ქ. ა-ები, სკ-ის 164-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენენ უკანონოდ დაკავებული ფართის არაკეთილსინდისიერ მფლობელებს, რის გამოც სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, ექვემდებარებიან მერიის საკუთრებაში არსებული ბინიდან გამოსახლებას.

2004წ. 15 ნოემბერს ქ. და თ. ა-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სადავო ბინაზე ორდერის გაცემა და საქმეში მესამე პირად ბათუმის გემთსაშენი ქარხნის ჩაბმა შემდეგი საფუძვლით:

ქ. და თ. ა-ების მეზობლად ქ. ბათუმში, ... ცხოვრობდა მოხუცი ავადმყოფი ქალი თ. კ-ე, რომელსაც მოსარჩელეები უწევდნენ მოვლა-პატრონობას და მისივე სურვილით 1991 წელს ბინა ¹13 და ¹14 გაერთიანდა. 1992 წელს ტ. კ-ე გარდაიცვალა და მისი ბინა აჭარის ა/რ მეთაურის _ ა. ა-ის მოთხოვნით, დაიკავეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო ქ. ა-ე ქ. ბათუმის მერიამ აიყვანა აღრიცხვაზე.

2004წ. მაისში აჭარის ა/რ ყოფილი მეთაურის ბათუმიდან წასვლის შემდეგ, სადავო ბინა დაიკავეს ქ. და თ. ა-ებმა.

შეგებებული მოსარჩელეები თვლიან, რომ ბათუმის მერიის სასარჩელო მოთხოვნა მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხე ბათუმის მერია ვალდებულია, შესაძლებლობის არსებობისას დააკმაყოფილოს ისინი ბინით, მით უფრო, რომ 1976-1978 წლებიდან ქ. და თ. ა-ები მუშაობენ ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში და 1978 წლიდან იმყოფებიან ბინის აღრიცხვაზე. ამასთან, ბათუმის გემთსაშენი ქარხანა აწარმოებდა ბინათმშენებლობას და ბათუმის მერიას ქარხნისათვის გადასაცემი დარჩა 1200 მ2 ფართი. აღნიშნულის თაობაზე გემთსაშენი ქარხნის ხელმძღვანელობამ აცნობა ბათუმის მერიას და სთხოვა ქ. ა-ის ოჯახისათვის სადავო ბინის დათმობა 100 მ2-ის სანაცვლოდ, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე არ ცნო შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განჩინებით, თ. და ქ. ა-ების დამცველის თ. შ-ს შუამდგომლობა შპს «.. ..» საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2005წ. 22 თებერვალს შპს «.. ..” დირექტორმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისაგან, დავალიანების დაფარვის სახით, 100 მ2 ფართის ანგარიშში სადავო ბინის ქ. ა-სათვის გადაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით შპს «.. ..” სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «.. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც 2005წ. 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებული განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები თ. და ქ. ა-ები გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹14 ერთოთახიანი ბინიდან; თ. და ქ. ა-ების შეგებებული სარჩელი მოპასუხე ქ. ბათუმის მერიისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹14 ბინაზე ორდერის გამოწერის დავალებისა და სადავო ბინის ა-ების სარგებლობაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა კომუნალური დანიშნულების ბინას წარმოადგენდა და იგი ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. ბინის დამქირავებელს წარმოადგენდა გარდაცვლილი თ. კ-ე და ქ. ბათუმის მერიას 1992წ. შემდეგ ბინის სხვა დამქირავებელი არ გამოუნახავს, ხოლო ბინა ბათუმის მერიის ნებართვის გარეშე დაიკავეს მოპასუხეებმა, რომლებსაც სადავო საცხოვრებელ ბინასთან რაიმე სამართლებრივი კავშირი არ წარმოშობიათ.

სასამართლომ არ გაიზიარა ქ. და თ. ა-ების შეგებებული სარჩელის არგუმენტები, რომ გემთსაშენი ქარხანის წინაშე არსებული ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფართის დავალიანების გამო, მერია ვალდებული იყო მათთვის გადაეცა ბინა სარგებლობის უფლებით და როგორც ბინის დამქირავებელს გამოეწერა ორდერი, ვინაიდან მერიის ამგვარი ვალდებულება გემთსაშენი ქარხნის მიმართ დადგენილი არ არის.

სასამართლომ სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ ქ. და თ. ა-ები ექვემდებარებიან ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინიდან გამოსახლებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და თ. ა-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება შემდეგი მოტივით:

აპელანტებმა ჩათვალეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შეგებებული სარჩელის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს ბათუმის გემთსაშენი ქარხნის სასარგებლოდ მერიის მხრიდან საცხოვრებელ ფართის სახით დავალიანებების არსებობა.

აპელანტები მიიჩნევენ, რომ სკ-ის 316.2 მუხლის შესაბამისად, ბათუმის მერია, რომელმაც ქ. ა-ის მრავალსულიანი ოჯახი ფართის სივიწროვის გამო აიყვანა ბინის მიღების აღრიცხვაზე, ვალდებულია, საშუალების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს იგი ბინით.

აპელანტებმა ჩათვალეს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ ბათუმის ... ქარხნის სასარგებლოდ ქ. ბათუმის მერიას საცხოვრებელი ფართის დავალიანება აქვს და ქარხნის მოთხოვნას, ვალის დაფარვის ანგარიშში შეგებებულ მოსარჩელეებს მიეცეთ გამოთავისუფლებული ფართი, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისას.

აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის განჩინებით ქ. და თ. ა-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა მოსარჩელეებისათვის კუთვნილ ბინასთან გაერთიანებული იყო ჯერ კიდევ ტ. კ-ის სიცოცხლეში, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის მერიის არგუმენტი, რომ ქ. და თ. ა-ებმა სადავო ბინა 2004წ. მაისში დაიკავეს მერიის ნებართვის გარეშე, რის გამოც სასამართლომ სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ ქ. და თ. ა-ები წარმოადგენენ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელებს და მესაკუთრეს უფლება აქვს, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი იმის შესახებ, რომ გემთსაშენ ქარხანასთან ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფართის დავალიანების გამო, მერია ვალდებულია გადასცეს მათ ბინით სარგებლობის უფლება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს «.. ..” მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიასთან ვალის დაფარვის მიზნით, სადავო ფართის ა-ებისთვის გადაცემის შესახებ წარმოადგენს ცალკე დავის საგანს.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების არგუმენტი ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის გამო მერიის ვალდებულების (მათი ბინით დაკმაყოფილების შესახებ) არსებობის შესახებ, უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული საკითხი ბათუმის მერიის გადასაწყვეტია.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. და თ. ა-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება შემდეგი მოტივით:

კასატორები თვლიან, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის, სადავო ბინაზე ორდერის გაცემის შესახებ, გაუზიარებლობა იმ მოტივით, რომ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მერიის მხრიდან ქარხნისადმი არსებული საცხოვრებელი ფართის დავალიანება, ვინაიდან შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ფართის სივიწროვის გამო ქ. ა-ე 1993 წლიდან იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე.

კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებას, კერძოდ, მერიის სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის მიხედვით ქარხნისადმი არსებული ვალის ანგარიშში სადავო ბინის ქ. და თ. ა-ებზე გადაცემა მიზანშეწონილია, რის გამოც კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 2.1., მე-5 და 244-ე მუხლები, ვინაიდან სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ, მიკერძოებიდან გამომდინარე, დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლი, კერძოდ, შეგნებულად ჩამოაცილა საქმეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სახით ქარხანა, რომლის საქმეში ჩართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა იმის დამტკიცება, თუ რატომ არ უნდა მისცემოდა ვალის ანგარიშში ეს ბინა ქარხანას, მით უფრო, რომ არსებობდა მერიის სამსახურის დასკვნა.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სკ-ის 50-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. და თ. ა-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2005წ. 25 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ არის დარღვეული მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებულია და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ იზიარებს კასატორთა მოტივაციას, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არასწორად გაამახვილა ყურადღება შეგებებული სარჩელის სამართლებრივ საფუძველზე, მერიის მხრიდან ქარხნისადმი არსებული საცხოვრებელი ფართის დავალიანების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებათა და სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომელსაც უკავშირდება ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სადავო ბინაზე ორდერის გამოწერისა და ამ ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა Qსწორედ ის გარემოება, რომ ბათუმის მერია ვალდებული იყო (ქ. ა-სათვის, როგორც ... ქარხნის თანამშრომელისათვის, რომელიც იმყოფებოდა 1978 წლიდან ქარხანაში ბინის აღრიცხვაზე) ქარხნის წინაშე არსებული დავალიანების გამო, გამოეწერა სადავო ბინაზე ორდერი და გადაეცა ბინა სარგებლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეგებებულ მოსარჩელეთა მიერ მითითებული არგუმენტი სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. ა-ე ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1993წ. 23 აპრილის ¹242 გადაწყვეტილებით აყვნილ იქნა საბინაო აღრიცხვაზე, რასაც ადასტურებს საქმის ფურცელ 154_ზე წარმოდგენილი ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 2004წ. 9 ნოემბერს გაცემული ¹52/2 ცნობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული მითითებული მტკიცებულება არ წარმოშობს ბათუმის მერიის ვალდებულებას, გამოწეროს ორდერი სადავო ბინაზე და გადასცეს იგი სარგებლობაში ქ. და თ. ა-ებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ამგვარი მოთხოვნით კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, შეგებებულ მოსარჩელეებს არ მიუმართავთ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, შესაბამისად, არ არსებობს არც ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. მეტიც, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორდერი, რომელიც საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, წერილობით განკარგულებას მასში მითითებულ პირთათვის სარგებლობით, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც წარმოშობს ორდერის მიმღებ მოქალაქეებსა და საბინაო-საექსპლუატაციო ორგანოთა შორის განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს და მისი გამოწერა ამა თუ იმ კონკრეტულ პირზე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ქ. და თ. ა-ებს აქვთ აღნიშნული ბინით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, მეტიც, მათ, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გამართულ მთავარ სხდომაზე დაადასტურეს, რომ სადავო ბინაში შეჭრილი იყვნენ მესაკუთრის, კერძოდ, ბათუმის მერიის ნებართვის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 50-ე მუხლი და გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 170.1. მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფურცელ 5-ზე წარმოდგენილი 2004წ. 9 აგვისტოს ქ. ბათუმის ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსის ¹27 ცნობით დასტურდება, რომ სადავო ბინა ირიცხება მერიის ბალანსზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სკ-ის 172.1. მუხლით, ცალსახად განისაზღვრა, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში ქ. და თ. ა-ებს არ გააჩნდათ, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შეგებებულმა მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო კასატორთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბათუმის მერიის იმდროინდელი ხელმძღვანელობა შეჰპირდა მათ სადავო ბინის დაკანონებას მისი გამოთავისუფლების შემთხვევაში, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.1. მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-4 მუხლით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი და 244-ე მუხლი, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ «მიკერძოებიდან გამომდინარე შეგნებულად ჩამოაცილა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სახით ქარხანა”, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის განჩინება, რომლითაც შპს «.. ..” სარჩელი სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. მითითებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ქ. და თ. ა-ების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე თვლის, რომ ქ. და თ. ა-ებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 50-50 ლარის გადახდა;

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით; სსკ-ის 53.1. 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. და თ. ა-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის განჩინება;

3. ქ. და თ. ა-ებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროთ 50-50 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.