Facebook Twitter

ას-1062-1092-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ უ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით უ. დ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რომლითაც იგი მოითხოვდა 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 96-102).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 108-116).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით უ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ამავე სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით უ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით; მითითებული განჩინება აპელანტ უ. დ-ის მეუღლეს 2011 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 9 ივნისიდან და ამოიწურა 2011 წლის 15 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2011 წლის 15 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალების თანახმად, უ. დ-ს დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სააპელაცო სასამართლომ განმარტა, რომ დანიშნულ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, აგრეთვე ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსი.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში იმსჯელა ასევე საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე. მოცემული შუამდგომლობა ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხის განხილვისას მოსამართლემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც დასახელებული არგუმენტი არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს (ტომი I, ს.ფ. 16-18).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განჩინება უ. დ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არის პენსიონერი, მისი საარსებო წყარო შემოიფარგლება მხოლოდ საპენსიო თანხით, რასაც იღებს ხოლმე ყოველი თვის შუა რიცხვებში. აპელანტს ხარვეზის განჩინების ჩაბარების დროისათვის წინა თვის პენსია მთლიანად ჰქონდა დახარჯული. ამიტომ, 30 მაისს მან განცხადებით მიმართა სასამართლოს, რა დროსაც წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. სასამართლომ მხარის ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა. ამავდროულად, სასამართლომ განჩინებაში არასწორად მიუთითა იმაზე, რომ თითქოს აპელანტმა ვერ წარადგინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე მიკერძოებას გამოიჩენდა, მოითხოვა მისი აცილება, თუმცა სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა (ტომი 2, ს.ფ. 23).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტ უ. დ-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ტომი 2, ს.ფ. 3-5). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. შუამდგომლობის დასასაბუთებლად აპელანტმა იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ იგი პენსიას იღებდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, ხოლო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესრულების დროისათვის, წინა თვის პენსიის თანხა დახარჯული ჰქონდა. ამდენად, აპელანტმა აღნიშნა, რომ მითითებული დროისათვის მას არ გააჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, ამასთან, შუამდგომლობას თან დაურთო ამონაწერი სს “... ბანკში” არსებული მისი საპენსიო ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 8). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით უ. დ-ს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა დაკისრებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. ამავდროულად, სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარის გათავისუფლების ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ამონაწერი სს “... ბანკში” არსებული მისი საპენსიო ანგარიშიდან, რის გამოც 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელა. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან მითითებული მტკიცებულება არასაკმარისია აპელანტის რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, იგი სასამართლოს არ უქმნის რწმენას, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. საგულისხმოა, რომ დასახელებული მტკიცებულების მიხედვით, უ. დ-ს ყოველთვიურად ერიცხება პენსია 560 ლარის ოდენობით, ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 200 ლარს. ამასთან, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პენსიას იღებდა ყოველი თვის შუა რიცხვებში, ხოლო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესრულების დროისათვის წინა თვის პენსიის თანხა დახარჯული ჰქონდა (ტომი 2, ს.ფ. 8). გარდა იმისა, რომ მითითებული გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება, ამ გარემოებას, დადასტურების შემთხვევაშიც, პალატა ვერ მიიჩნევს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკმარის საფუძვლად. სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს (2011 წლის 19 აპრილი) აპელანტისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოუწევდა. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა 2011 წლის 17 მაისს პენსიის სახით აღებული 560 ლარიდან სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა და არ დალოდებოდა სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მას არ შეეძლო დაკისრებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით აპელანტს კანონშესაბამისად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების მოტივებს იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარემოება, რომელზეც შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, კერძოდ, ის, რომ მოსამართლემ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნა, არ განეკუთვნება მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს. ამასთან, როგორც ზემოთ განიმარტა, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი კანონიერად გადაწყვიტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.