ას-1072-1102-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. გ-ამ მოპასუხე დ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს უხარისხო სარემონტო სამუშაოების ხელახლა შესრულებისათვის აუცილებელი საჭირო თანხის სახით მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 16000 ლარის გადახდა (ტომი I, ს.ფ. 1-11, 52-56).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო (ტომი I, ს.ფ. 161-170).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 189-204).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი II, ს.ფ. 57-71).
ამავე სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ნაცვლად შეცდომით მითითებული სიტყვებისა: “სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს”, მიეთითა “სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს”.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილებით უდავოდ დასტურდება, რომ მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულ იქნა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ნაცვლად შეცდომით მითითებული სიტყვებისა: “სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს”, უნდა მითითებულიყო “სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს” (ტომი II, ს.ფ. 75-76).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინება დ. ა-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის იმ სახით დატოვება, რა სახითაც იგი თავდაპირველად ჩამოყალიბდა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაში ერთ შემთხვევაში მითითებულია, რომ დაშვებულია შეცდომა, ხოლო მეორე შემთხვევაში მითითებულია, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა. ხსენებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა გულისხმობს იმას, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ მათგანს. გარდა ამისა, თუ თავდაპირველად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ რატომ შეცვალა შემდგომში აღნიშნული გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მეტყველებს სასამართლოს მიკერძოებასა და საქმის შედეგით დაინტერესებაზე (ტომი II, ს.ფ. 91-92).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ნაცვლად შეცდომით მითითებული სიტყვებისა: “სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს”, მიეთითა: “სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს”.
იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, ცხადყოფს საქმის მასალები, კერძოდ, აღნიშნულს ადასტურებს: ა. მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება; ბ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, საიდანაც ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაში დაშვებულია მექანიკური ხასიათის შეცდომა, რაც ექვემდებარება გასწორებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.