ას-1078-1107-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ა. და მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ თ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. მ-ს ი/მ თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 30960 აშშ დოლარის გადახდა; ამავდროულად, დადგინდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ანაზღაურება მოხდებოდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, რომელიც მდებარეობდა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2-ში (ს.ფ. 91-93).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და მ. მ-მა (ს.ფ. 98-106).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ა. და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით აპელანტებს _ ა. და მ. მ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, რომლის შესავსებადაც მიეცათ შესაბამისი ვადა. ამასთან, მათ განემარტათ, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა აპელანტ ა. მ-ის მეუღლეს, ე. კ-ს, 2011 წლის 10 მაისს;
2011 წლის 17 მაისს აპელანტმა ა. მ-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო სააპელაციო საჩივარი ხუთ ეგზემპლარად. ამასთან, განმცხადებელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 14 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით მისთვის დაკისრებული თანხა იყო საკმაოდ სოლიდური;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით ა. და მ. მ-ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 10 დღით; მათ კანონით დადგენილი წესით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს აღნიშნული გზავნილი 2011 წლის 19 მაისს ჩაბარდა აპელანტების დედას, ნ. მ-ს;
2011 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ნ. მ-ის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ: კაფე-ბარის თანამშრომელმა ამოუტანა “რაღაცა საბუთი” ხელმოსაწერად; რადგან საბუთი მას მიუტანეს, ეგონა რომ ეს იყო პირადად მისთვის განკუთვნილი საბუთი თბილისის ¹1 კლინიკური საავადმყოფოდან “მზერაპლიუსიდან”; მას მხედველობის პრობლემები აქვს, რის გამოც საბუთი წაუკითხა კაფე-ბარის თანამშრომელმა და გაიგო, რომ ეს საბუთი მას არ ეკუთვნოდა; იგი ვერც იმას მოახერხებს, რომ საბუთი გადასცეს მის შვილს, ანუ ადრესატს, რადგან დროებით ქალაქში არ იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადის ქალაქიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 71-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და აგილი. უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს; სასამართლო გზავნილი (უწყება) ადრესატს ბარდება მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. გზავნილის (უწყების) მიმღები ვალდებულია, გზავნილის (უწყების) მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ მხარეს ნებისმიერი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას (გზავნილს) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების (გზავნილის) მიმღები ვალდებულია, უწყების (გზავნილის) მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი. უწყების (გზავნილის) მიმღები ვალდებულია, უწყება (გზავნილი) დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების (გზავნილის) ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების (გზავნილის) მეორე ეგზემპლარზე უწყების (გზავნილის) მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით (2011 წლის 18 მაისის განჩინების გზავნილზე) დასტურდებოდა, რომ 2011 წლის 19 მაისს გზავნილი ჩაბარდა აპელანტების დედას ანუ ოჯახის წევრს, ნ. მ-ს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გულისხმობდა ა. და მ. მ-ისათვის გზავნილის ჩაბარებას 2011 წლის 19 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოიწურა 2011 წლის 30 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტებს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ. რაც შეეხებოდა აპელანტების დედის, ნ. მ-ის მიერ 2011 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებას, სააპელაციო სასამართლომ იგი არ მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი არ ჩაბარებიათ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 128-131).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინება ა. და მ. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნ. მ-ი ვერანაირად ვერ ჩაითვლება აპელანტებთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრად და მასზე გზავნილის ჩაბარება ავტომატურად არ ნიშნავს ამავე გზავნილის ა. და მ. მ-ისათვის ჩაბარებას. მართალია, ნ. მ-ი არის აპელანტების დედა, რომელიც რეგისტრირებულია ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის ¹7ბ/25-ში მცხოვრებად (სადაც ასევე გააჩნია რეგისტრაცია ა. მ-ს), მაგრამ ნ. მ-ი, რომელიც ხანდაზმული პიროვნებაა, ფაქტობრივად ცხოვრობს ქუთაისში, ...ქ.¹6-ში ნათესავებთან. სწორედ ამ მისამართზე ჩაბარდა მას 2011 წლის 18 მაისის განჩინების გზავნილი. ა. მ-ი ფაქტობრივად ცხოვრობს ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის ¹7ბ/25-ში, ხოლო მ. მ-ი ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქუთაისში, ... ქ.¹2ბ/3-ში.
კერძო საჩივრის ავტორებმა ზემომითითებული გარემოების დასადასტურებლად საჩივარს თან დაურთეს ა., მ. და ნ. მ-ის პირადობის მოწმობების ასლები, აგრეთვე, ქ.ქუთაისის მერიის ... ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 23 ივნისის ¹439 ცნობა მ. მ-ის საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ს.ფ. 134).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს მხარის მოუძიებლობას მის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთ დროს კანონი ადგენს, რომ სასამართლო უწყების ჩამბარებელი პირი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით ა. და მ. მ-ს გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღით. მითითებული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე: ქუთაისი, ...ქ.¹12, ... ქ.¹1 (ს.ფ. 98-106, 125). დასახელებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტების დედას, ნ. მ-ს. გზავნილის ჩაბარების თარიღია 2011 წლის 19 მაისი (125). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული მიიჩნევა ხარვეზის განჩინების აპელანტებისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 20 მაისს. ეს ვადა დასრულდა 2011 წლის 30 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის ამ მონაკვეთში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.
ის გარემოება, რომ აპელანტები რეგისტრირებულნი არ არიან სააპელაციო საჩივარში დასახელებულ მისამართზე, ვერ აქარწყლებს სასამართლო გზავნილის მათთვის ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამდენად, კანონით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ გზავნილის მხარისათვის ჩაბარების შესაძლებლობა მის მიერ მითითებულ მისამართზე. შესაძლებელია, რომ ამ მისამართზე მხარე საერთოდ არც იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული უკავშირდება მხარისათვის სასამართლო გზავნილის დროულად ჩაბარების უზრუნველყოფას მისთვის მოსახერხებელ მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში არსებითია ის, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ სწორედ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და იგი ჩაბარდა მათი ოჯახის წევრს, დედას. ამასთან, აპელანტების დედის სხვა მისამართზე რეგისტრაცია უტყუარად ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს და არ წარმოადგენს აპელანტების ოჯახის წევრს. მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ფიზიკური პირის შესაძლებლობა, ჰქონდეს არაერთი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, განსაზღვრულ მისამართზე პირის რეგისტრაცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ცხოვრობდეს არა რეგისტრირებულ, არამედ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.