Facebook Twitter

ას-1082-1111-2011 9 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ ... ბანკი”

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “...ბანკის” სარჩელი ნ. ს-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 767.09 ლარის გადახდა და ასევე დაეკისრა დარჩენილი ძირითადი თანხის (449.06) 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის ნოემბრიდან სესხის სრულად დაფარვამდე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. საზანდარშვილმა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, სააპელაციო საჩივრზე დავის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გაურკვეველია დავის საგანი რა ოდენობის იქნება, რადგან გამოტანილი გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ თანხებს ემატება ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სესხის სრულ დაფარვამდე 0,2%.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ. ს-ი სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 767.09 ლარის გადახდა და ასევე, დარჩენილი ძირითადი თანხის (449.06) 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის ნოემბრიდან სესხის სრულად დაფარვამდე, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარს, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.