ას-1094-1123-2011 19 სექტემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,თ-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისისა და 2011 წლის 22 ივნისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ-ის” მიმართ, დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო, კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხის წარმომადგენელმა 2006 წლის 6 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, ა.ღ-ის სააპელაციო საჩივრის ასლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
ა.ღ-მა არაერთხელ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე გ.გ-ის აცილების თაობაზე უსაფუძვლობის გამო და განმცხადებელს გაუგრძელდა ვადა დადგენილი ხარეზის გამოსწორებისათვის, ხოლო, ამავე პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით, ა.ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ღ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისისა და 22 ივნისის განჩინებების გაუქმება, ასევე “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სხვა სამოქალაქო საქმეზე მოსამართლე თ.თოდრიამ ამავე თარიღით მიღებული განჩინებით მის კერძო საჩივარს დაუდგინა ანალოგიური შინაარსის ხარვეზი, რასაც წერილობითვე უპასუხა და მოითხოვა მისი საქმის განხილვისაგან აცილება, ამდენად, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს გაუგებრობას, რის გამოც მოითხოვა მოსამართლე თ.თოდრიასთან ერთად საქმის ვითარების გარკვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ადრესატს 2011 წლის 11 აგვისტოს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სხვა სამოქალაქო საქმეზე მოსამართლე თ.თოდრიამ ამავე თარიღით მიღებული განჩინებით მის კერძო საჩივარს დაუდგინა ანალოგიური შინაარსის ხარვეზი, რასაც წერილობითვე უპასუხა და მოითხოვა მისი საქმის განხილვისაგან აცილება, ამდენად, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს გაუგებრობას, რის გამოც მოითხოვა მოსამართლე თ.თოდრიასთან ერთად საქმის ვითარების გარკვევა, რაც შეეხება კერძო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს, ა.ღ-ს აღნიშნული ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.
საკასაციო პალატა მოცემული საქმი მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ აღნიშნულ საქმეზე ა.ღ-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.
ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა _ ა. ღ-მა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ა.ღ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგანაც სასამართლოს წარმოებაში იყო საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვილით. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელე განუწყვეტლივ მიმართავდა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
2006 წლიდან დღემდე ა.ღ-მა 16 განცხადება შეიტანა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების, 2 განცხადება განჩინების ბათილობის მოტივითა და მოცემული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მისი განცხადებების განუხილველად დატოვების შემდეგ მხარემ შეიტანა არა ერთი კერძო საჩივარი, რომელთა დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო განჩინებებს ავ.ღ-ი კვლავ ასაჩივრებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეტანის გზით.
განსახილველი კერძო საჩივარი ეხება სააპელაციო პალატის 2011 წლის 9 ივნისისა და 2011 წლის 22 ივნისის განჩინებებს, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა მოსამართლის აცილებაზე უსაფუძვლობის გამო, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამასთან, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უმთავრესი საფუძველი მხარის მიერ ხარვეზის კვლავ გამოუსწორებლობაა.
ა. ღ-ის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ამასთან, სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულებისა და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
რაც შეეხება განსახილველი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტას, საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე ა.ღ-ს აღნიშნული შინაარსის 8-მდე კერძო საჩივარი აქვს შეტანილი, რომელთა განსახილველად მიღებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედება მხარეს არც ერთხელ არ გამოუსწორებია, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. განსახილველი კერძო საჩივარი, ისე, როგორც სხვა შემთხვევებში შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისისა და 22 ივნისის განჩინების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილების კრიტიკას და კერძო საჩივრის ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს მის დასაბუთებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის საფუძვლები ემყარება მისი ავტორის სუბიექტურ შეხედულებებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების თაობაზე და არ გამომდინარეობს საპროცესო სამართლებრივი შეფასებებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა.ღ-ი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია ა.ღ-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ ა.ღ-ის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისისა და 22 ივნისის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო, კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.