Facebook Twitter

ას-1097-1126-2011 30 სექტემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. დ-ა, ე. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი ზ. დ-ასა და ე. შ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. დ-ამ და ე. შ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ჯარიმების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 1329,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ მოტივით, რომ ზ. დ-ა უმუშევარია, ხოლო ე. შ-ე პენსიონერი, რის დასადასტურებლადაც წარადგინეს ე. შ-ის საპენსიო მოწმობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მათ ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ზ. დ-ასა და ე. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. დ-ამ და ე. შ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი იყო მათი სოციალურად მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით, მაინც დატოვა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ზ. დ-ასა და ე. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 1329,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მათ ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით. ამასთან, აღნიშნული განჩინებითვე განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინება აპელანტებს პირადად ჩაჰბარდათ, 2011 წლის 16 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მათი ხელმოწერებით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 17,18). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 17 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 23 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი იყო მათი სოციალურად მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით, მაინც დატოვეს განუხილველად. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან მარტოოდენ მხარის მითითება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა თუ გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს, კერძოდ, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება _ ე. შ-ის საპენსიო მოწმობა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, მით უფრო, რომ მათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც ხარვეზი გამოუწორებიათ და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, ზ. დ-ამ და ე. შ-ემ დაკარგეს მათთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. დ-სა და ე. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.